გიორგი ცინცაძე: იმედგაცრუებულები ვართ, ჯგუფიდან გასვლა შეგვეძლო

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძე საქართველოს ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობს. მას მერე საშუალოდ 10-ზე მეტი ქულა გასულ ზაფხულს, ევრო-2013-ის შესარჩევ ეტაპზე ჰქონდა (11.0).

ჩვენი გუნდისთვის ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატი კი, სტატისტიკური თვალსაზრისით, გიორგისთვის სანაკრებო კარიერაში საუკეთესო იყო. აი, ციფრებიც: 14.4 ქულა, 5.8 პასი, 1.6 ჩაჭრა, 2.6 მოხსნა. "სტატისტიკური თვალსაზრისითო", იმიტომ დავწერეთ, რომ თავად კალათბურთელი გულდაწყვეტილია, კმაყოფილი როგორ უნდა ვიყო, როცა მიზანს ვერ მივაღწიეთ, არადა, ძალიან ახლოს ვიყავითო...

ცინცაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად სლოვენიიდან თბილისში 10 სექტემბერს გამოფრინდა, სამშობლოში ერთი კვირაც ვერ დარჩა - 15
სექტემბერს უკრაინაში გაემგზავრა. ტრაპზე ასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

ვილაპარაკეთ როგორც ევრობასკეტზე, ასევე უკრაინაზე.

- "დონეცკთან" კონტრაქტი უკვე გააფორმე?
- გუნდთან შეთანხმებას ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას მივაღწიე, ხელშეკრულებას კი ევრობასკეტის მერე მოვაწერე ხელი. კონტრაქტი ერთწლიანია და "დონეცკში" სეზონის ბოლომდე, მაისამდე დავრჩები.

- სხვა შეთავაზებებიც გექნებოდა...
- ზაფხულში მართლაც იყო რამდენიმე წინადადება, საინტერესოც, მაგრამ არ ავჩქარდი, თავი შევიკავე. ახლა მხოლოდ "დონეცკის" ვარიანტი მქონდა და მოცდას კონტრაქტის გაფორმება ვამჯობინე.

- როგორც უკრაინელმა ჟურნალისტებმა მითხრეს, გუნდი, რომელიც ევროთასებზე თამაშობს, ვითიბი-ლიგაზე გამოსვლის უფლება არა აქვს.
- "დონეცკი" არც ევროლიგაზეა, არც ევროთასზე და არც ევროჩელენჯზე. სამაგიეროდ, ვითიბი-ლიგაზე იასპარეზებს. ასეთი დონის შეჯიბრებაში გამოსვლა ჩემთვის საინტერესოა, ვითიბიზე ხომ ცსკა-სთან და სხვა არანაკლებ სუსტ გუნდებთან მოგვიწევს თამაში. უკრაინის ჩემპიონატიც სათანადო სიმაღლეზეა, ბევრი მაღალი კლასის კალათბურთელი გამოდის.

- "დონეცკის" მწვრთნელს თუ ესაუბრე, დაახლოებით მაინც თუ გაარკვიეთ, რა როლი დაგეკისრება გუნდში?
- წინასწარ ასეთ საკითხებზე ლაპარაკი რთულია, ჯერ გუნდს არც შევხვედრივარ. თუმცა მითხრეს, რომ სასტარტო გამთამაშებლად ვუნდივარ. ბევრი რამ ჩემზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, შარშან "ბუდიველნიკში" მესამე გამთამაშებლად წავედი, მაგრამ სეზონის ბოლოს პირველი პლეიმეიქერი ვიყავი.

- კლუბის სამომავლო გეგმებზე თუ იყო ლაპარაკი? უკრაინის მოქმედი ჩემპიონი ხარ, სავარაუდოდ, არც "დონეცკს" უნდა ჰქონდეს მოკრძალებული მიზნები.
- ეს გუნდი ყოველთვის მაღალი მიზნებისკენ ისწრაფვის. შარშან ერთგვარი ჩავარდნა ჰქონდა, უკრაინის ჩემპიონატი მეოთხედფინალში დაასრულა, თუმცა ახალ სეზონში აპირებს დანაკლისის ანაზღაურებას - საჩემპიონო ამბიცია აქვს. ვეცდები, წარმატებულ სვლაში ჩემი წვლილი შევიტანო.

- ჯერაც არ შეგრილებულა სანაკრებო პერიპეტიები. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მწვრთნელი წინა წლებთან შედარებით მეტ თავისუფლებას გაძლევდათ.
- იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, ტაქტიკისა და სტრატეგიის გარეშე ვთამაშობდით-მეთქი. გვქონდა მონახაზი, რომელსაც მივყვებოდით. მიმაჩნია, რომ სწორი გზითაც მივდიოდით. უბრალოდ, შარშანდელთან შედარებით სათამაშო სტილი იყო შეცვლილი. თუ გასულ წელს ზაზა ფაჩულია გვეხმარებოდა, მის გამოცდილებას ვიყენებდით, წლეულს პერიმეტრს მეტ ყურადღებას ვუთმობდით. შესაბამისად, ამიტომაც ჩანდა, რომ უფრო სწრაფად ვთამაშობდით.

რაც შეეხება მწვრთნელის მითითებებს, იგორ კოკოშკოვი ინდივიდუალურად თამაშის საშუალებასაც გვაძლევდა. ყველას შეეძლო, თავისუფლად ემოქმედა. საერთო ჯამში, თამაშის ხარისხი ურიგო არ გვქონდა, თუმცა დასანანია, რომ არ გაგვიმართლა და იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისთვისაც სლოვენიაში ჩავედით.

- მეორე ეტაპზე თამაშს გულისხმობ?
- რა თქმა უნდა. დასანანია, როცა ხედავ, რომ მიზანთან ძალიან ახლოს იყავი და მცირე გაუმართლებლობისა თუ სხვა მიზეზთა გამო შედეგს ვერ მიაღწიე. მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში ნამდვილად შეგვეძლო...

- სლოვენიაში ქართველ გულშემატკივრებს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ამის მიზეზი გუნდის გამოსვლა იყო.
- კალათბურთელები კმაყოფილები არ ჩამოვსულვართ. იმედაგცრუებულები ვართ, რადგან ვგრძნობთ, რომ შეგვეძლო ჯგუფიდან გასვლა და ვერ მოვახერხეთ. თუმცა, სლოვენიის ევრობასკეტზე დიდი გამოცდილება მივიღეთ, როგორც ნაკრების სტაჟიანმა წევრებმა, ასევე ახალგაზრდებმა. მათ დაინახეს, რას ნიშნავს უმაღლესი დონის გუნდებთან თამაში და რა არის საჭირო სამომავლო წინსვლისთვის.

- ხორვატიასთან მატჩი გავიხსენოთ. 2004 წლის შემდეგ ეს შენი საუკეთესო სანაკრებო შეხვედრა იყო. მეთანხმები?
- ინდივიდუალურად შეიძლება ასეც იყო, მაგრამ წაგებულ თამაშზე ძნელია რაიმე დადებითის თქმა. დასანანია, რომ გამარჯვება ხელიდან გავუშვით. ბოლო წამებზე მქონდა თამაშის გადარჩენის შანსი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

- სლოვენიაში გამართულმა ევრობასკეტმა რა გაკვეთილი მოგვცა?
- ყოველი თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდა იყო. კიდევ უფრო მეტი ვისწავლეთ, რასაც შემდეგისთვის აუცილებლად გამოვიყენებთ.

ყველაზე მთავარი, რაც წლევანდელმა ევროპის ჩემპიონატმა დაგვანახვა, ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს თამამად შეუძლია უმაღლესი დონის გუნდებთან თამაში და გამარჯვებაც. არავისი შიში არ უნდა გვქონდეს. მთავარია, საკუთარი შესაძლებლობებისა გვჯეროდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2013-ზე
საქართველო-ესპანეთი 59:83 - HASTA LUEGO EUROBASKET
საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]
საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]

ასევე იხილეთ:
იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?
მანუჩარ მარკოიშვილი: ერთადერთი, ვინც ხორვატებთან ცუდად ითამაშა, მე ვიყავი
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიევიდან რატომ წამოვიდა? მეგონა უფრო ძლიერ კლუბში და ჩემპიონატში გადავიდოდა... უკუსვლას არმოველოდი ნამდვილად
ზურა
15:52 16-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული