"...ზაზა და თორნიკე რომ გვყოლოდნენ, ევრობასკეტზე კვარტეტში მოვხვდებოდით"

AutoSharing Option
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყანა სლოვენია პირველი ეტაპის შემდეგ დატოვა.

ამავე ეტაპის მერე გამოემგზავრა საქართველოში ევროპის ჩემპიონატზე მომუშავე ქართველი არბიტრი დავით ბერეკაშვილი, რომელსაც ისევე, როგორც ჩვენს ნაკრებს, დიდი შანსი ჰქონდა, დღესაც სლოვენიაში ყოფილიყო და მეორე ეტაპზე ემუშავა.

როგორ? ამას ქართველი არბიტრის ინტერვიუში წაიკითხავთ.

- მეორედ მომიწია ევროპის ჩემპიონატის მატჩების განსჯა. ეს ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ დავრჩი, სლოვენიიდან კმაყოფილი ჩამოვედი. მეტად დაძაბული და საინტერესო შეხვედრები განვსაჯე.

- რა პრინციპით
აარჩიეს არბიტრები პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ?

- ყოველ ჯგუფს ათი არბიტრი ემსახურებოდა. თავიდან ითქვა, რომ ათიდან რვა მეორე ეტაპზე გადავიდოდა. დღემდე მეც ვიცოდი, რომ სლოვენიაში ვრჩებოდი, მაგრამ მოულოდნელად მსაჯების რაოდენობა გაანახევრეს, 40-დან 20 დატოვეს.

თუმცა ამის გამო ნამდვილად არ მწყდება გული, რადგან ევრობასკეტზე კარგი შეხვედრების არბიტრი ვიყავი და ჩემი ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არ დარჩენილან.

Sportall.Ge- ლუბლიანის ჯგუფში მსაჯობდით. რომელ მატჩებს მოემსახურეთ?
- გახსნის დღეს დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის დაპირისპირება განვსაჯე. შეჯიბრება თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო - შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა და ოთხი ქულის სხვაობით ბრიტანეთმა მოიგო. მომდევნო დღეს უკრაინა-ისრაელზე ვიყავი, შემდეგ - საფრანგეთი-ბელგიაზე.

- ფრანგ ვარსკვლავ ტონი პარკერს რამდენი შენიშვნა მიეცით?
- პარკერს არა, მაგრამ ორი წლის წინ ლიტვის ევრობასკეტზე დირკ ნოვიცკის მივეცი ტექნიკური შენიშვნა. უნდა გენახათ, რაოდენ მშვიდად შეხვდა ჩემს მოქმედებას. საქართველოში მსაჯობა სხვაა, ევროპაში - სხვა. იქ ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს. პირიქით, თამაშში იმდენად ერთვები, იმდენად სასიამოვნოა, რომ გინდა, 40-ის ნაცვლად 80 წუთი გაგრძელდეს.

- ფიბა-ევროპის წარმომადგენლებისგან რა შეფასება მიიღეთ?
- დადებითი. სხვათა შორის, ხშირად გვიჩვენებდნენ ეპიზოდს, რომელიც 2011 წლის ევრობასკეტზე შემემთხვა: თამაშში ისე ვიყავი ჩართული, რომ მოედნის მიღმა გადავედი და ბანერებს გადავაფრინდი.

ხსნიდნენ - მსაჯი ასე უნდა ემსახუროს თამაშს და სასტვენი არ უნდა გააგდოსო. ამ ეპიზოდის შემდეგ სლოვენიაში "ჯორჯიან აირლაინსს" მეძახდნენ.

იყო უარყოფითი მაგალითიც: ერთ მსაჯს თასმა გაეხსნა, დაიხარა და შეკვრა დაიწყო. ამ დროს თამაში უნდა გააჩეროს და ისე მიხედოს ფეხსაცმელს.

- საქართველოს ნაკრების შესახებ რას ამბობდნენ?
- ევრობასკეტისთვის მსაჯები შეჯიბრების დაწყებამდე ოთხი დღით ადრე ჩავედით და ქალაქ კრანსკა გორაში დავბინავდით. იქ ინსტრუქტაჟს გავდიოდით. ერთ-ერთი განხილვისას გვიჩვენეს საქართველოს, ფინეთისა და მაკედონიის ნაკრებთა მატჩები და გვითხრეს: ეს პატარა ქვეყნები კარგ კალათბურთს თამაშობენ და ყურადღება მიაქციეთ, ისე იმსაჯეთ, რომ არავინ დაიჩაგროსო.

ჩემთან ერთად ხორვატი და სლოვენიელი არბიტრები მუშაობდნენ. ყველას საქართველოს ნაკრების შიში ჰქონდა, უკვირდათ, 5 კალათბურთელით ასე კარგად როგორ თამაშობთო.

ჩემი აზრით, გუნდში ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია რომ ყოფილიყვნენ, ევრობასკეტზე კვარტეტში მოვხვდებოდით.

- სლოვენიასთან მატჩში, ბევრის აზრით, არბიტრებმა უხეში შეცდომები დაუშვეს. შეიძლება არაკორექტულად ჩანდეს, მაგრამ მაინც გკითხავთ იმ შეხვედრაში არბიტრების მოქმედებაზე.
- ალბათ, მცირე სიმპათია ჰქონდათ სლოვენიის ნაკრების მიმართ. მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- გიწევდათ ევროლიგის დონის არბიტრებთან მუშაობა. მომავალში თუ უნდა ველოდეთ თქვენს, ასე ვთქვათ, დაწინაურებას?
- სადღეისოდ მსაჯობა დაფასებული საქმეა. ყველას ვურჩევ ამ პროფესიით დაინტერესებას.

ახლა დიდი ყურადღება უნდა მივაქციო ინგლისური ენის შესწავლას. ზოგადად ვიცი, მაგრამ სამომავლო წინსვლისთვის ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნაა აუცილებელი. მაგალითად, მაკა კუპატაძე, რომელიც ქალთა ევროლიგასაც მსაჯობს და უკვე მეორედ მოუწია მუშაობა ევროპის ჩემპიონატზე. წლეულს მაკამ ქალთა ევრობასკეტის მესამე ადგილისთვის მატჩი იმსაჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომ გვყოლოდენ და გვყავს----უფსკრულია!
matematikosi-manchesteri
19:10 20-09-2013
0
შენ აქ იმსაჯე კაცურად ეგ ჯობია ყველაფერს ვიგაც ვიგაცეების ...შენ
saba
09:49 19-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული