მასთან ინტერვიუს შაბათის "ლელო week"-ში წაიკითხავთ, აქ კი რამდენიმე ფრაზას შემოგთავაზებთ.
"ევროპის ჩემპიონატზე მესამედ ვითამაშებთ და საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა საიმისოდ, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ყოველგვარი ლაფსუსი თავიდან ავიცილოთ. თუმცა მთავარი მაინც კალათბურთელთა ჯანმრთელობაა. ნაკრების წევრები ამჟამად კლუბებში თამაშობენ და მინდა თითოეულ მათგანს წარმატებული სეზონი ვუსურვო. მათთან კონტაქტი ახლაც მაქვს და თამაშებსაც თვალს ვადევნებ. იმედი მაქვს, საკლუბო სეზონის შემდეგ ყველა ჯანმრთელად იქნება."
"ევროპაში გამოსამგზავრებლად
"ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების შედეგები არა მეტოქეებზე, არამედ ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული. თუ ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც გვსურს, ყველასთან გვაქვს შანსი."
"საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებაზე მუშაობს. თუ ასე მოხდა, ბერძნებს საუკეთესო გუნდი ეყოლებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან მოგება არ შეიძლება ან აუტსაიდერად მიჩნეულ ჰოლანდიას იოლად ვაჯობებთ. ნიდერლანდელებმა დიდი ხნის შესვენების შემდეგ მოიპოვეს ევრობასკეტის საგზური და თავიანთი გათვლები ექნებათ. მათთან შეხვედრასაც ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც საბერძნეთთან დაპირისპირებას."
"ჯგუფურ ეტაპზე 6 დღეში 5 შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ასეთი რთული გრაფიკის პირობებში ბევრს გადაწყვეტს სწორი გათვლები, გრძელი სათადარიგოთა სკამი."
"ჩვენი ჯგუფის მატჩები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბალკანური ქვეყანა მასპინძელი იქნება. სლოვენიელები და მაკედონიელები დარბაზს პირამდე გაავსებენ, ხორვატებზე აღარაფერს ვამბობ. ასეთ პირობებში კი ძნელია სტუმრად თამაში."
"როგორც აქამდე, საქართველოს ნაკრებმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს, თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ დღეს უახლოეს მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ერთი ვიცი, რომ მეტად დატვირთული დღეები გველის."
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"