საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე რიკი ჰიკმანი, სავარაუდოდ, არ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი თებერვალში თბილისს სტუმრობდა. აქედან იგი სტამბოლში გაფრინდა, სადაც ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ რიკი ჰიკმანს შეხვდა.

რა უთხრა ჰიკმანმა და საერთოდ, აპირებენ თუ არა მწვრთნელები ლეგიონერის დამატებას საევრობასკეტოდ? - ამ შეკითხვით იგორ კოკოშკოვის ასისტენტ კოტე ტუღუშს მივმართეთ, რომელიც ამავე დროს, სუპერლიგაში მოასპარეზე "შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელია. აკადემიელები ახლახან დაბრუნდნენ ბაკურიანიდან, სადაც ერთკვირიანი შეკრება გაიარეს.

ამას წინათ, კალათბურთის ფედერაციაში შემდგარ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ლეგიონერის თემასაც შეეხნენ.

- ცალსახად ითქვა, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე ნატურალიზებული კალათბურთელი დასჭირდება,
თუმცა ვინ იქნება იგი ან - როგორი, ამის შესახებ დღეს ვერაფერს გეტყვით, - აღნიშნა კოტე ტუღუშმა.

როგორც მოგახსენეთ, იგორ კოკოშკოვი რიკი ჰიკმანს შეხვდა. კოტე ტუღუშის სიტყვებიდან ვხვდებით, რომ რიკიმ ნაკრებში ჩამოსვლაზე უარი გვითხრა...

- ჰიკმანს საბოლოო უარი არ უთქვამს, თუმცა თავს იკავებს. დიდია ალბათობა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მის გარეშე ვითამაშებთ. ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

თავდაპირველად ვეცდებით, სათანადო კანდიდატი იმ ამერიკელი კალათბურთელებისგან შევარჩიოთ, რომლებსაც საქართველოს პასპორტი უკვე აქვთ.

ეროვნული გუნდის წინასასეზონო მზადების გეგმები ჩვენი გაზეთის მკითხველმა კარგად იცის.

აქამდე გაურკვეველი იყო, იტალიის საერთაშორისო ტურნირზე (28-30 აგვისტოს) ჩვენი, რუსებისა და იტალიელების გარდა, კიდევ რომელი ნაკრები ითამაშებს. როგორც ტუღუშმა გვითხრა, მეოთხე ნაკრების ვინაობა ჯერაც არ გარკვეულა.

კლუბი
კოტე ტუღუშის გაწვრთნილი "შსს აკადემია" სუპერლიგაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "ქუთაისთან". რეგულარული ეტაპის დასრულებამდე კი სულ სამი ტურია დარჩენილი. გადამწყვეტი მატჩებისთვის შსს ბაკურიანში მოემზადა.

- სუპერლიგაში სათასო შეხვედრების გამო ორკვირიანი შესვენება გამოცხადდა. რადგან თასზე ნახევარფინალში ვერ გავედით, შესვენება შეკრებისთვის გამოვიყენეთ. ბაკურიანში ერთი კვირა ვემზადებოდით, ძირითადად, ფიზიკურად, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ვფიქრობ, რეგულარული ეტაპის დარჩენილ მატჩებს გუნდი ნორმალურ კონდიციებში შეხვდება.

სეზონის დასაწყისში "შსს აკადემიაში" ლევან ფაცაცია გამოდიოდა. შემდეგ იგი ევროლიგის წარმომადგენელ "ნიჟნი ნოვგოროდში" წავიდა და დიდი გამოცდილება მიიღო. თუმცა საქართველოში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვერ ჩამოასწრო და უკლუბოდ დარჩა. ნაკრების წევრის შესახებ კოტე ტუღუშსაც ვკითხეთ:

- სამწუხაროა, რომ ეროვნული გუნდის ხუთეულის კალათბურთელი სეზონს უკლუბოდ ამთავრებს.

მისი თამაში ნაკრებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ დებულების მიხედვით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ არც ერთ გუნდს არა აქვს კალათბურთელის დამატების უფლება.

სეზონის დასაწყისში, დებულებაზე მსჯელობისას მომხრე ვიყავი, გუნდებისთვის მხოლოდ ქართველების დამატების ნებართვა მიგვეცა, მაგრამ საბოლოოდ ეს პუნქტი არ ჩაიწერა. "შსს აკადემია" ყოველმხრივ მზადაა, ფაცაციას მხარში დაუდგეს, გუნდთან ერთად ივარჯიშოს, თუმცა ისიც კარგად მოგეხსენებათ, მხოლოდ ვარჯიშით ფორმის შენარჩუნება ძნელია.

"შსს აკადემიას" უახლოესი მატჩი შაბათს "ოლიმპთან" ელის...

- სატურნირო ცხრილში ჩვენ უფრო წინ ვართ, მაგრამ ეს ფავორიტობას არ ნიშნავს. "ოლიმპმა" არაერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით. მეორე წრისთვის "ოლიმპს" სერბი და უკრაინელი კალათბურთელების სახით დიდი ძალა შეემატა.

დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან საინტერესო მატჩი გველის. შემდეგ ტურში "დინამოს" ვეთამაშებით... ასე რომ, წამით მოდუნებაც არ შეიძლება.

სეზონის დასაწყისში, კოტე ტუღუში "შსს აკადემიის" მთავარ მწვრთნელად რომ დაინიშნა, გვითხრა - საჩემპიონო ამბიციები დავინახე და იმიტომაც მოვედიო...

- მას მერე არაფერი შეცვლილა. გეგმიურად წინ მივიწევთ, ვიბრძვით, რომ რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დავიკავოთ რეგულარულ ეტაპზე. კონკურენტებიც სერიოზული გვყავს, თუმცა გვჯერა ჩვენი შესაძლებლობისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული