"ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულია, როცა საქართველოს ნაკრებით ჰიმნზე დგები"

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში ევროლიგის ფავორიტ ტრიოს თუ დავასახელებთ, მოსკოვის ცსკა აუცილებლად უნდა შევიყვანოთ. ამ გუნდთან ერთად ჩემპიონობისკენ მიიწევს საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელთან ინტერვიუსაც დღევანდელ ნომერში შემოგთავაზებთ.

ვინც ევროლიგის მატჩებს ადევნებს თვალს, უთუოდ გაუჩნდებოდა არაერთი შეკითხვა ცსკა-ს თამაშთან დაკავშირებით. ცხადია, მანუს კლუბზეც ვკითხეთ და საქართველოს ნაკრებზეც.

- სეზონი კარგად დავიწყეთ, თამაშს თამაშზე ვიგებდით და ზედიზედ 30 გამარჯვება მოგვიგროვდა. ეს სერიოზული შედეგია, თუმცა შუა სეზონში წაგებებიც გამოგვერია. ვერ ვიტყვი, ჩავარდნის შედეგია-მეთქი, უბრალოდ, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის ერთია გუნდის შემადგენლობა. მწვრთნელს,
დიმიტრის იტუდისს ფართო არჩევანი აქვს, თუნდაც სტატისტიკიდან ჩანს, რომ იგი ძიების პროცესშია, უჭირს ამა თუ იმ მატჩის წინ შემადგენლობის შერჩევა. ძალიან ხშირად ცვლის სასტარტო ხუთეულს.

- ეს არცაა გასაკვირი, ცსკა-ში ხომ მსოფლიო დონის ვარსკვლავები თამაშობენ, ტეოდოშიჩი, დე კოლო, ახლა კირილენკოც დაგემატათ...
- ანდრეი კირილენკო და ვიქტორ ხრიაპა შუა სეზონში შემოგვიერთდნენ. მაღალი დონის კალათბურთელები არიან, ფორმაში რომ შევლენ, ცსკა კიდევ უფრო გაძლიერდება.

თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ მხოლოდ ბიუჯეტი და სახელები ტიტულებს ვერ იგებს, თუ ვინმე იფიქრებს, რადგან ცსკა-ში ასეთი შემადგენლობაა, ევროლიგას და ვითიბი ლიგას მოიგებსო, შეიძლება სანანებელიც გაუხდეს. არაერთი მაგალითი გვაქვს, როგორ დაუმარცხებია შედარებით მცირებიუჯეტიან გუნდს ევროგრანდები. ამიტომ, ჯერაც ბევრს ვმუშაობთ ჩვენი სტილის ძიებაზე და შეთამაშებაზე.

- ვერ ვიტყვით, რომ კირილენკოსაც საკმარისი სათამაშო დრო აქვს. არადა, ფორმაში შესასვლელად ნებისმიერი კალათბურთელისთვის თამაში აუცილებელია.
- ანდრეის სამი თვე გუნდთან არ ჰქონდა ნავარჯიშები, ამიტომ მას ნამდვილად უნდა პრაქტიკა, რომ თამაშის რიტმი იგრძნოს, ჩვეულ კონდიციებს დაუბრუნდეს. მაგრამ რადგან უწინდებურად კარგად ვერ ვთამაშობთ და ზოგიერთ რიგით მატჩში დამაჯერებლად გამარჯვება გვიჭირს, მწვრთნელიც ცდილობს ფორმაში მყოფ ძირითადი ხუთეულის კალათბურთელებს დაეყრდნოს...

- არის შეხვედრები, ზოგიერთი ლეგიონერი განაცხადშიც ვერ ხვდება.
- საქმე ისაა, რომ ვითიბი ლიგაზე მხოლოდ 6 უცხოელის განაცხადში შეყვანა შეიძლება. თუმცა ევროლიგაზე ამ მხრივ ლიმიტი არ არსებობს.

- ზოგიერთ გუნდში ლეგიონერები რიგში დგანან - ვითიბი ლიგაზე რიგრიგობით ისვენებენ...
- ჩვენთან მწვრთნელი წყვეტს, ვის შეიყვანს განაცხადში და ვის - არა. ვფიქრობ, ასე უფრო სამართლიანია. ხომ შეიძლება, ამა თუ იმ მატჩზე კონკრეტულად რომელიმე კალათბურთელი გამოგადგეს? ვინც მწვრთნელს სჭირდება, სწორედ ის უნდა გავიდეს მოედანზე.

- გუნდში შენი ფუნქცია გაქვს, თუმცა სათამაშო დროით კმაყოფილი ვერ იქნები.
- რა თქმა უნდა, კმაყოფილი არა ვარ. ყველას სურს მეტი ითამაშოს, მეტი ფუნქცია ჰქონდეს. თუმცა გუნდის შენებაზე პასუხისმგებელი მთავარი მწვრთნელია და სწორედ მისი გადასაწყვეტია, ვის რამდენს ათამაშებს.

- ამის შესახებ დიმიტრის იტუდისთან ხომ არ გისაუბრია?
- არა. არც მაქვს უფლება. მთავარი კი ის არის, რომ მწვრთნელის ნდობას ვგრძნობ.

- შუა სეზონში ტრავმის გამო არაერთი მატჩი გამოტოვე. ახლა როგორ გრძნობ თავს?
- ტრავმები ბოლომდე ვერ მოვიშუშე, მაგრამ ისეთ რამეზე, რისი კონტროლიც არ შეგიძლია, არ უნდა ინერვიულო. ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო, სათანადოდ მომზადებული ვიყო ყოველი მომენტისთვის, როცა მოედანზე შევალ. ასეთი დონის გუნდში, ესოდენ დიდი კონკურენციის პირობებში მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, აუცილებელია პოზიტიური განწყობა შეინარჩუნო და გუნდსაც წარმატებაში დაეხმარები.

უკითხავთ - ცსკა-ში გადასვლა რამდენად სწორი ნაბიჯიაო. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. ვერც იმას ვიტყვი, გამიმართლა და ისე მოვხვდი ცსკა-ში - ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერით დავიმსახურე.

- რამდენიმე წლის წინათ იტალიელ ჟურნალისტებს უთხარი: ევროლიგის ფინალში 2003 წელს ვითამაშე, არ მინდა კარიერა ისე დავასრულო, ფინალში კიდევ ერთხელ არ მოვხვდეო. სხვათა შორის, ევროლიგა (ჩემპიონთა თასი) სულ 11 ქართველს აქვს მოგებული: 1962 წელს თბილისის "დინამოს" 10 მოთამაშეს (მე-11, პეტროვი ბაქოს გუნდიდან დაიმატეს) და გიორგი შერმადინს.
- იმედი მაქვს, მეც საკმარის წვლილს შევიტან გუნდის წარმატებებში. ვერ უარვყოფ, რომ ევროლიგაზეც ფავორიტთა შორის ვართ, მოგებაც გვინდა, მაგრამ როგორც ყველაფერს, ჩემპიონობასაც დამსახურება უნდა. იმედი მაქვს, ჩვენი თამაშით ამას დავიმსახურებთ. მანამდე დიდი დრო და ბევრი სამუშაოა.

რაც შეეხება 1962 წელს ჩემპიონთა თასის მოგებას, ის რაც მაშინ დინამოელებმა მოახერხეს, საოცრება იყო. პატარა ქვეყნის პატარა გუნდმა ევროპაში ყველას აჯობა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა.

ძნელი წარმოსადგენია, ახლო მომავალში მსგავსი წარმატება სპორტის რომელიმე სახეობაში გავიმეოროთ. ამას ვერც ჩემი, ვერც სხვა ქართველი სპორტსმენის ინდივიდუალური მიღწევა ვერ შეედრება. 1962 წლის გამარჯვებას მხოლოდ რომელიმე ქართული კლუბის ევროლიგაზე, ან ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება თუ შეედრება. არის მცირე სხვაობაც: ევრობასკეტზე ქვეყნის ჰიმნი აჟღერდება, ხოლო ევროლიგის მოგების შემთხვევაში - არა.

- საქართველოს ჰიმნი სექტემბერშიც გაისმება, ევროპის ჩემპიონატზე სერიოზული გამოცდა გველის.
- ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარული, რაოდენ დიდი სიამაყის გრძნობა გეუფლება, როცა საქართველოს ნაკრებით ჰიმნზე დგები.

ყველამ კარგად იცის, რამდენად რთულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება და რას ნიშნავს თითოეული გამარჯვება ქვეყნისთვის. საქართველოს ნაკრებში თამაში, ბიჭების გვერდით დგომა სიამოვნებაა. სიამოვნება რომ მიიღო, 80 პროცენტით მაინც უნდა იყო მზად, ჯანმრთელად...

- შარშან შესარჩევ ეტაპზე ვერ ითამაშე...
- გასულ ზაფხულს თურქეთის ჩემპიონატი რომ დასრულდა, სანაკრებო შეკრებაც დაიწყო. ტრავმირებული ვიყავი და არ მქონდა დრო გამოსაჯანმრთელებლად, რეაბილიტაციისთვის. ვისაც ტკივილით არ უთამაშია, ალბათ, ვერ გამიგებს, რაოდენ ძნელია ჯერ გამაყუჩებლით თამაში, მერე - გსურდეს თანაგუნდელების დახმარება და ამას სათანადოდ ვერ ახერხებდე.

წლეულს მოსკოვის ცსკა-სთან ერთად სეზონს შარშანდელზე ადრე დავამთავრებ, ნაკრების შეკრებამდე ტრავმების მისახედად ერთი თვე მაინც მექნება. მინდა სანაკრებო ვარჯიშებისთვის მაქსიმალურად მზად ვიყო, რაც შეეხება კონდიციებს, მთელი გუნდი ოპტიმალურ ფორმაში სექტემბრისთვის უნდა შევიდეს.

იმედი მაქვს, წლეულს მაინც სრული შემადგენლობით შევხვდებით ევროპის ჩემპიონატს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგ სპორტსმენთან ერთად კარგი ოჯახის შვილი და უაღრესად დადებითი პიროვნებაა, წარმატებებს ვუსურვებ!
0

სიახლეები პოპულარული