ფინეთი: პორტუგალია უხეში გუნდია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე პორტუგალია მზადებას 4 ივლისს შეუდგა. მწვრთნელმა მონჩო ლოპესმა ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ გუნდი ფინეთთან სათამაშოდ გაიყვანა. შეკრებას ფინელებიც პორტუგალიაში გადიან და ორი შეხვედრის გასამართად ქალაქ რიო მარში ჩავიდნენ.

პირველი შეხვედრა სტუმრებმა სამქულიანი უპირატესობით მოიგეს, ხოლო მეორე - ცხრაქულიანით. პირველ მატჩში სირენამდე 3 წუთით ადრე პორტუგალიელები 65:64-ს იგებდნენ, თუმცა სამუელ ელიოტმა სუომი სამქულიანით 67:65 დააწინაურა. დარჩენილ ორ წუთში სტუმრებმა მასპინძლებს მხოლოდ 2 ქულა ჩააგდებინეს და 70:67 გაიმარჯვეს.

პორტუგალიის ნაკრებში დებიუტი ოთხ კალათბურთელს ჰქონდა: ჰეშიმუ ევანსს, ანდრე
პინტუს, პედრუ პინტუს და მიგელ გრაჩას. ევანსი ნატურალიზებული ამერიკელია. იგი ახალ თანაგუნდელებს 15 ქულით შეეშველა.

მეორე დღეს ფინელებმა მატჩის ბედი თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გადაწყვიტეს - მეოთხე პერიოდის დაწყებისას 13:2 სპურტი მოაწყვეს. საბოლოოდ პორტუგალია მეორედაც დამარცხდა - 61:70.

ევანსმა სნაიპერული თვისებები ამჯერადაც გამოავლინა - 16 ქულით პორტუგალიელთა ბომბარდირი გახდა. ფინელთა თავკაცმა ჰენრიკ დეტმანმა მეორე შეხვედრაში გუნდის ლიდერი ტეემუ რანიკო დაასვენა. მის არყოფნაში ლიდერობა პეტრი კოპონენმა იკისრა, 24 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, კოპონენს კარიერის საუკეთესო მატჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ აქვს ჩატარებული: 2006 წლის 13 სექტემბერს 8-დან 7 სამქულიანი ჩააგდო (27 ქულა) და ჩვენი გუნდი B ლიგაში ჩატოვა.

ფინური საიტების თქმით, ორივე შეხვედრაში ხშირი იყო შეცდომები, რაც ახლშეკრებილი გუნდებისთვისაა დამახასიათებელი. ფინელები გაუღიზიანებია პორტუგალიელთა მოქმედებას - მასპინძლები ძალიან უხეშობდნენ, მსაჯები კი შესაბამისად არ რეაგირებდნენ. ტრავმის მიღების შიშით მწვრთნელმა მეორე შეხვედრაში არ გამოიყვანა ტეემუ რანიკო, ხოლო ბოლო პერიოდში სხვა ლიდერებიც დაასვენა.
ასე რომ, პორტუგალიელთაგან უხეშობა არც ოფიციალურ შეხვედრებში უნდა გაგვიკვირდეს. ამისთვის საქართველოს ნაკრებიც მზად უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ ჩვენები პორტუგალიაში 26 აგვისტოს ითამაშებენ. მანამდე, 11 აგვისტოს პირენეელებს თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებენ.


პორტუგალია–ფინეთი 67:70
15:19, 17:19, 9:14, 26:18
პორტუგალია: დევიდ გომეში, ევანსი (15), სილვა (4), მინავა (1), ანდრე პინტუ, ფერნანდეში, გრაჩა (2), პედრუ პინტუ (3), გონსალვეში (2), ჟოაო გომეში (18), მირანდა (8), სანტოსი (14).
ფინეთი: კოივისტო (5), ნიიკილა, ჰეინონენი (1), ჰაფი (3), ლი (8), ჰაანპაა (12), კოტი (10), იისალო (1), მოტოლა (7), ვირტანენი (5), რანიკო (18).

პორტუგალია–ფინეთი 61:70
13:14, 23:12, 12:28, 13:16
პორტუგალია: დევიდ გომეში (6), ევანსი (16), სილვა (3), მინავა (1), ანდრე პინტუ (2), ფერნანდეში, გრაჩა (4), პედრუ პინტუ (2), გონსალვეში (2), ჟოაო გომეში (4), მირანდა (12), სანტოსი (9)
ფინეთი: კოივისტო (2), ნიიკილა (2), ჰეინონენი (4), ჰაფი (5), ჰაანპაა (13), კოტი (13), იისალო, მოტოლა (4), ვირტანენი (24), კოასტალი (3)



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული