ვინ მოდის? - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

AutoSharing Option
ჩვენი კალათბურთი "პახმელიაზეა". კარგ, ღრმა "პახმელიაზე". ჩვენი კალათბურთი ძველი ნიჭით ჯერ დგას ტალღაზე, მაგრამ კარგ სერფერს ახალი ტალღა დაფარავს და ის დაფიდან ჩამოვარდება. და ახალი სერფერი არ, ვერ მოდის. ამაში მაგარი მოხაზული გვაქვს.

კარგი, ალბათ, ქართული დამოუკიდებელი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობა დაისვენებს და მერე რა ხდება? მერე მოდის ინერციით ყომარი, ინერციით წაგება, ცოტა მოგება და ალბათ, იგორ კოკოშკოვის ნაცვლად, რომელიმე ქართველი მწვრთნელის ჩასმა მთავარი მწვრთნელის სავარძელში.

და ეს სავარძელი უკვე გაცვეთილია. და ეს სავარძელი ყველასთვის კომფორტული არ არის. იმ სავარძელს
დამსახურება უნდა. იმ სავარძელში ყველა არ უნდა იჯდეს.

ზაზა ფაჩულია ჯერ თამაშობს. ზაზა კონტრაქტის გამო არ ამბობს უარს ნაკრებში ჩამოსვლაზე, მაგრამ ზაზასთან ასაკი მიდის. რთული თემა. ფაჩულია არ დაკარგავს კლასს, მაგრამ დაკარგავს სისწრაფეს, ნაკლებად მობილური გახდება და მეორე ზაზაში კიდევ ერთხელ გვეხაზება. ნუ, როგორც ნაკრების ამბავში.

ფაჩულია შემდეგ სეზონში გახდება თავისუფალი აგენტი და მიიღებს ახალ კონტრაქტს. რომელ გუნდში, ჯერ აზრზე არ ვარ, მაგრამ მიიღებს. ეს ამერიკული ინერციაა. ზაზამ ეს კონტრაქტი, მთელი ეს საკონტრაქტო სერია დაიმსახურა და ნაკრებმა დაიმსახურა ზაზას კარგი შემცვლელი, რომელიც არ მოდის.

დღეს ქართულ კალათბურთში არ არის კარგი, მოქნილი, მაღალი დონის მეხუთე ნომერი. გიორგი შერმადინი არ ითვლება.

გიო თამაშობს. და გიო ითამაშებს. შერმადინმა სადღაც გაქაჩა, სადღაც ზედმეტი ფოლებით პრობლემები აქვს და ეს მოსულა, ჩვეულებრივი მომენტია. გიორგი კარგი ცენტრია, რომელიც იგებს ევროლიგას. შეიძლება კიდევ მოიგოს. რომელიც კარიერის დახურვამდე, ალბათ, რუტინულად მიიღებს საკმარისად ნორმალურ კონტრაქტს და იდეაში, იმას, რაც დაიმსახურა.

შერმადინი კარგი ცენტრია, რომელიც უკეთეს ცენტრს ცვლის და ჩვენ შერმადინს ვერ ვცვლით. "კანტუმდე" უნდა მიხვიდე. "კანტუ" უნდა დაიმსახურო. "კანტუს" პარალელურად, ნაკრებში საკმარისი დოზის ნდობა უნდა მიიღო და "კანტუ" ბევრი ქართველი მოთამაშისთვის ზღაპარია, როგორც "დალასი" ან "მილუოკი". ის, ამერიკული ვარიანტები მითოლოგიის დონეზეა და "კანტუ" კარგი ზღაპარია.

შერმადინი ზაზაზე ახალგაზრდაა, ცოტა სხვა კალათბურთს თამაშობს და თუ ტრავმებთან არ იმეგობრებს, სხეულს შეინახავს, არ დაიშლება. და მერე რა? ვინ მოდის?

მე კარგს არა, ცუდზე ოდნავ უკეთეს მაღალს ვერ ვხედავ. ცენტრებზე ვჭორაობთ. საქართველოში ახალგაზრდების ძალიან ცუდი პიარი მიდის. ყველა მშობელი ან თითქმის ყველა მშობელი ჩალიჩობს ბავშვის უცხოეთში გაგდებას. კი არ უშვებს, აგდებს, რომ ბავშვმა იქ სწრაფად მიიღოს გამოცდილება, რომ ბავშვი სწრაფად შევიდეს არაქართველი აგენტების სიებში, რომ ბავშვი მალე, ძალიან მალე გაიყიდოს.

მამა კმაყოფილი იქნება, შვილი სწრაფად მოიყვანს ლამაზ, მოდელ ცოლს, "ინსტაგრამზე" ხოშიან, გულისამაჩუყებელ ფოტოებს დადებს და სამ-ოთხ წელიწადში იმ ნიჭისგან არაფერი დარჩება. ბავშვი გაიზრდება და ბავშვი აღარ იქნება. და ბავშვობასთან ერთად, ქართული კალათბურთისგან მიდის პერსპექტივაც.

ბოლო პერიოდში ეს ჩვეულებრივი თემაა. ვარჯიშობ, ცდილობ მომატებას, მაგრამ ასაკი გემატება და უბრალოდ, კალათბურთისთვის უინტერესო ხდები. იყავი საინტერესო და უცბად, ხარ უინტერესო. მიდი, გააპროტესტე. არაფერი შეიცვლება.

და მიზეზი შენ ყველაზე კარგად იცი. შენ ქართველი ხარ. ეგ არის.

ზოგ ბავშვს მშობელი საერთოდ გენიალურად ქაჩავს. აგდებინებენ რომელიმე ვარჯიშზე ან რომელიმე სუსტი გუნდის წინააღმდეგ 50, 70 ან 100 ქულას, ყველაფერი ეს იწერება და იქმნება ქართველი უილტ ჩემბერლენის კარგი მომენტების ყალბი დისკი, რომელიც მიდის აგენტთან და აგენტმა ეს ბავშვი უნდა გაყიდოს. მშობელიც მშვიდად არის.

როგორ არ უნდა იყიდოს რომელიმე ევროპულმა კლუბმა მოთამაშე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში, ახალგაზრდებში 100 ქულამდე იღებს? შანსი არ არის, უნდა იყიდოს. და ევროპაში მიდის დაუმუშავებელი, ზედაპირული, ერთჯერადი პროდუქტი, რომელიც ძალიან მალე, უბრალოდ, ავიწყდებათ. ის ბავშვი ხვდება, რომ ევროპამდე ძალიან შორია და მწვრთნელზე, მამიკოზე უკეთ იცის, რომ ადრე ცოტა მეტი უნდა ევარჯიშა.

არაქართულად, ნაღდად უნდა ევარჯიშა და შესაბამისად, ის არ იგრძნობდა თავს ზედმეტად ჩვეულებრივი ევროპული გუნდის ჩვეულებრივ ვარჯიშზე.

დღეს ის ზედმეტია და პროცესი არ იცვლება. მოტყუების, სიყალბის პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო და ეს პროცესი საქართველოში ყველაზე პოპულარულია, რაც ყველაზე ახლოს არის ქართველობასთან, დროსტარებასთან, უსისტემო ცხოვრებასთან და სიცარიელესთან.

ადრე, ბევრი წლის წინ, ბესიკ ლიპარტელიანის და ლაშა ძიძავას დროს დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა იმ აფერისტების და ძალიან საზიზღარი ხალხის წინააღმდეგ, ვინც ბავშვების ასაკის გადაკეთებაში სადოქტოროს იცავდა.

ეს ხალხი კალათბურთში, მაგრამ კალათბურთისგან ძალიან შორს იყო. ძირითადად, მწვრთნელები, რომლებიც ბავშვებს და ბავშვების მშობლებს აბოლებდნენ. ორი, სამი, ოთხი, ექვსი წლის გადაკეთებასთან ერთად მოდიოდა მოკლევადიანი გამდიდრების პერსპექტივა. სირბილი სკოლებში, დირექტორებთან, მშობლებთან, რომლებიც ამ საშინელ ხალხს კრიმინალში ეხმარებოდა.

ეს სიბინძურე დამთავრდა, ასაკს აღარ აკეთებენ და შესაბამისად, კალათბურთსაც ვერ თამაშობენ. ზაზა ფაჩულიას, ვლადიმერ ბოისას, გიორგი ცინცაძეს, მანუჩარ მარკოიშვილს, ამ თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს ასაკის გადაკეთების თემა არ აინტერესებთ. ისინი ისედაც მაგრად ყომარობენ, თუნდაც, გადაკეთებული ასაკით. ისინი ისედაც მაღალ დონეზე არიან. ისინი ისედაც კალათბურთელები იყვნენ და ისინი კარგი სპორტსმენები არიან.

სხვები ვერ ქაჩავენ. სხვებს ასაკის გადაკეთების შემდეგ ასაკი ეწევა. სხვები ჩერდებიან და დგებიან. ერთჯერადები. მთელი ეს ერთჯერადი სიყალბის პროცესი გაჩერდა და ჩვენც გავჩერდით.

დღეს ორი უკიდურესობა გვაქვს. ბავშვი არის ფიზიკურად კარგად განვითარებული, მაგრამ ვერ იმახსოვრებს ელემენტარულს. ეს ბავშვი ვერ აზროვნებს და მხოლოდ კულტურიზმით ვერ ქაჩავს. მეორე კატეგორიაში ჭკვიანი ბავშვები შედიან, რომლებიც არასაკმარისად ვარჯიშობენ ან უბრალოდ, ვერ ვითარდებიან ისე, რომ როცა საჭიროა, ფიზიკურად მოაგვარონ პრობლემები. ამაშიც პრობლემაა და ეს პრობლემა არ გვარდება.

ავთო ბერიძე ერთია და ყველა გუნდს, ყველა ასაკობრივ ნაკრებს ავთო ბერიძე ვერ მოამზადებს. სერიოზული პრობლემა გვაქვს დიეტოლოგებში, უბრალოდ, ფიზმომზადების ამბებში. დავაკოპიროთ ავთო ბერიძე და უკეთესი ნაკრები წამოვა. ყველა ასაკში. პრობლემა მარტივად გვარდება, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში. მთავარია, ვინც აგვარებს, იმას დისკომფორტი არ შეექმნას.

სტანდარტული საქართველო, სადაც ყველა პროფესორია, სადაც ყველა იტყუება, სადაც ყველამ ყველაფერი იცის და რეალურად, ყველა დროს ატარებს და კლასიკური უვიცია. ცოდნის მიღების დრო ჩვენთვის არ არის გათვლილი. უბრალოდ, ეს ჩვენში არ არის. ესეც ძალიან მარტივია. საერთოდ, მარტივები, ელემენტარულები ვართ.

ამ სეზონში ჩვენმა ერთ-ერთმა ასაკობრივმა ნაკრებმა საშინელი შედეგებით დაამთავრა ერთი მონაკვეთი და მე ვერ ვხვდები, იმ ნაკრების მწვრთნელები იქ, ნაკრებში რას აკეთებდნენ? თუ იცი, რომ ასეთი ცუდი გუნდი გყავს, მიდი, გაინძერი და მანამდე შეცვალე ყველაფერი ან რამე მაინც. თუ იცი, რომ მაინც წააგებ და კოსოვოსთან შერცხვები, საერთოდ ნუ ჩაიბარებ ნაკრებს, ადი, თქვი ფედერაციაში, რომ მზად არ ხარ ამ საქმისთვის და ფედერაციაში უცბად მოგიძებნიან სათადარიგო ვარიანტს, ანუ ჩამოიყვანენ უცხოელს.

წელიწადში ერთხელ საქართველოში კენ შილდსის დონის ბაბუა რომ ჩამოდიოდეს და ჩვენს პროფესორებს ლექციებს უკითხავდეს, კარგი იქნებოდა. უბრალოდ, აქაც ვიჭედებით. მწვრთნელების დიდმა ნაწილმა ქართულის გარდა, არც ერთი ენა არ იცის. ზოგმა ქართულიც არ იცის. მიდი და აუხსენი. ვერ აუხსნი.

ძალიან მალე დაიწყება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ დაბალი დონის მოთამაშეების და გაყინული აზროვნების მქონე მწვრთნელების გამო პროგრესიც გაიყინა, გაქართველდა. გვყავს რამდენიმე კარგი მწვრთნელი, რომლებიც მოუმატებენ. ეს მწვრთნელები საკუთარ თავზე მუშაობენ და მერე მოდის სიცარიელე. მერე გვეხაზება. მერე ვმარტივდებით და ქართველობა საღ აზრს ჩაგრავს.

საქართველოში კალათბურთი განსაკუთრებულად უყვართ და ადრე განსაკუთრებულად ესმოდათ. დღეს ყველა დოუელია, ცოდნის და გამოცდილების გარეშე. დოუელის თავი თაღლითმა კრიმინალმა, პროფესორმა კერნმა თავისთვის გამოიყენა, მაგრამ კერნი ნიჭიერი კრიმინალი იყო.

ჩვენთან ნიჭის დეფიციტია. გადამყიდველებიც ნიჭთან ვერ მეგობრობენ. არ იციან, რა ფასი დაადონ. და არ არსებობს ფედერაცია, რომელიც ნიჭს ვაკის პარკში ნეანდერტალური რიგით გაყიდის. ამაშიც პრობლემა გვაქვს. და ვიცით, ვინ არის დოუელი?

ზაზა ფაჩულია ხორვატიაში მაგრად ითამაშებს. გიორგი შერმადინი ხორვატიაში მაგრად ითამაშებს. ვიქტორ სანიკიძე ხორვატიაში მაგრად ითამაშებს. მანუჩარ მარკოიშვილი ყველგან მაგრად თამაშობს. და ძირითადი, სანდო შემადგენლობის მერე მოდის ცარიელი ადგილი, რომელსაც ძალიან მალე საქართველოს ნაკრებს დაუძახებენ.

კარგები მიდიან. და ვინ მოდის?

მომავალ შეხვედრამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
კალადბურთსში რო პრობლემებია, ისე როგორც ფეგბურტში ამას რატქმაუნდა. მაგრამ მე ეს ვიტომ ჯურნალისტები მაგიჯებენ, ყველაფერს ქარტველობას რო აბრალებ? შენ საერტოდ რა ეროვნება ხარ? / იაბა გაიტალიელდეს?? ან გაესპანელდეს?? ან გააზერბაიჯანელდეს??. სადაც ომი არაა იქ ეკონომიკა ფეხზეა და სპორტისტვის ყველას ცხელა , და ჩვენთან ამ 20 წლის განმავლობასში , მსოპლიო ჩემპიონატივით ომია.../ და ეს კიდე რას ბოდიალობს, გაქარტველდაა, იმიტო რო Qარტველია და ....((( შენ ტავად გჩIრდება ავტორო , მეტი ლექცია და სტაჯირება
Vaso
10:18 06-08-2015
0
და ფიზმომზადებაში რას გულისხმობ?ჯობია იგენმა გაიარონ,რომლებსაც ერთვიანი კურსი აქვს გავლილი?!!!!
ucnobi
12:02 06-08-2015
0

სიახლეები პოპულარული