საქართველო VS ბოსნია - დღეს სეზონს ამხანაგური მატჩით გავხსნით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები სრულად შეიკრიბა, სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში ინტენსიურად ემზადება და დღეს, 5 აგვისტოს, სეზონს ბოსნიასთან ამხანაგური მატჩით გახსნის. შეხვედრა თბილისის დროით 22:00-ზე დაიწყება.

კალათბურთის ფედერაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ნაკრების მწვრთნელ კოტე ტუღუშთან. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მისი მონათხრობიდან:

"როგორც იცით, სლოვენიაში ნაკრები გენერალურ შეკრებაზე გადავიდა. პოდჩეტრტეკში გუნდი ჩაიბარა იგორ კოკოშკოვმა და შემოგვიერთდნენ ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია და ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ჯეიკობ პულენი.

მიმდინარეობს ინტენსიური ვარჯიშები, დასვენების დღე ჯერ არ ყოფილა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და რაც მთავარია, ბიჭებიც მოგვყვებიან.

ნაკრების წევრები
საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან და იმ დატვირთვებს, რომლებიც ვარჯიშებზე აქვთ, უპრობლემოდ იტანენ. მიუხედავად ამისა, ფიზმომზადების ვარჯიშები არ შეწყვეტილა და გეგმის მიხედვით, უფრო მსუბუქი ტემპით მიმდინარეობს".

როგორც კოტე ტუღუშმა აღნიშნა, თორნიკე შენგელიას კუნთი გაეჭიმა და ამჟამად მკურნალობს. იგი დღეს ბოსნიასთან ვერ ითამაშებს.

"ოპტიმალური სათამაშო ფორმისგან ნაკრები შორსაა. ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ ფორმის პიკს სექტემბრის დასაწყისში მივაღწიოთ, როცა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.

ბოსნიასთან მატჩები საიმისოდაა, რომ დაგვანახვოს ჩვენი გუნდის პლუს-მინუსები და შემდეგ, მომდევნო სპარინგ-მატჩებში მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ.

ბოსნიის ნაკრებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, მათ აკლიათ მირზა ტელეტოვიჩი, რომელმაც ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა. გუნდში არაა ნიჰად დედოვიჩიც".

აი, რას ამბობს მწვრთნელი ნატურალიზებულ ჯეიკობ პულენზე:

"როცა მწვრთნელთა შტაბმა პულენის ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა, პირველ რიგში, ის გავითვალისწინეთ, რომ ჯეიკობი ჩვენი გუნდის წევრია და ნაკრების კალათბურთელებთან შეთამაშებულია.

იმ 2 წელიწადში, რაც ჩვენს ნაკრებში არ უთამაშია, პულენმა კლასი დიდად აიმაღლა. ის თამაშობდა ისრაელის "ჰაპოელში", "ბარსელონაში", იტალიის კლუბებში და ყველგან გამოირჩეოდა. "ბარსელონაში" მან სულაც ლეგენდარული ოსკარ შმიდტის მიერ ესპანეთის ჩემპიონატში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, როცა "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში ერთ მატჩში 12 სამქულიანი ჩააგდო.

მისი პოზიციაა 1-2 ნომერი. პულენს გამოვიყენებთ როგორც გამთამაშებლად, ისე მსროლელის პოზიციაზე".

ქართველი მწვრთნელები საევრობასკეტო მეტოქის, სლოვენიის საკონტროლო მატჩსაც დაესწრნენ.

"იმ მატჩებს, რომლებსაც სლოვენია საკუთარ ქვეყანაში ჩაატარებს, დავესწრებით. 3 დღის წინ უკვე ვიმყოფებოდით ამხანაგურ მატჩზე, რომელშიც სლოვენიამ ავსტრალიას უმასპინძლა და დაამარცხა.

მართალია, სლოვენიელებს რამდენიმე ძლიერი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ ეს გუნდი მაინც ფავორიტთა შორის განიხილება და ჩვენც მათ წინააღმდეგ მატჩში დიდი სიფრთხილე და მობილიზება გვმართებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კალათბურთი, ამხანაგური

ბოსნია - საქართველო

ლინკი არ გაქვთ ხალხო? სად ვუყუროთ? 22::00 უნდა დაწყებულიყო :(
kusa
22:36 05-08-2015
0
მიეცით ახალგაზრდებს თამაშის შანსი ისე თაობათა ცვლა არ მოხდება უმტკივნეულოდ
mesi
13:44 05-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული