TimeLine: როგორ დაამზადა იტალიელმა საქართველოს დროშა

AutoSharing Option
ფოტოზე: თორნიკე შენგელია და ვიქტორ სანიკიძე რუსეთთან მატჩისას. მარჯვენა ზედა კუთხეში თაბახის
ფურცლებით აწყობილი საქართველოს დროშა მოჩანს


29 აგვისტოს ამბავი უნდა გავიხსენო. ამ დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა. მატჩი ამხანაგური იყო და იტალიის ზღვისპირა ქალაქ ტრიესტეში გაიმართა. მოვიგეთ თუ წავაგეთ, კალათბურთის მოყვარულებს კარგად მოგეხსენებათ, შეხვედრის შესახებ თავის დროზე მოგითხრეთ. აქ სხვა თემას შევეხები.

წინა დღით, 28 აგვისტოს, არენა "პალატრიესტეში" იტალიას ვეთამაშეთ. დარბაზი მშვენიერი სანახავი იყო - მთლიანად ლურჯებში შემოსილი ტრიბუნები და ტალღებად მოფრიალე იტალიის დროშები. საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი
ქომაგობდა. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის იყო, რომ ტრიბუნებზე ერთი ხუთჯვრიანი დროშაც არ ფრიალებდა. მხოლოდ, წესისამებრ, ჭერში ეკიდა იტალიის, რუსეთისა და ამერიკის დროშებთან ერთად.

რადგან ქართული სიმბოლო პირველ თამაშზე არსად ჩანდა, ლოგიკური იყო, რომ არც რუსეთთან მატჩზე მოიტანდა ვინმე. მით უმეტეს, როგორც გითხარით, ქართველები ძალიან ცოტანი ვიყავით. რუსეთის წინააღმდეგ კი ხუთჯვრიანი დროშის გარეშე ნამდვილად არ შეიძლებოდა. ჰოდა, იტალიასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებზე მიმაგრებულ გოგონას ვთხოვეთ, დროშის შოვნაში დაგვხმარებოდა. ცდა არ დაუკლია, ტრიესტეს ტურნირის ორგანიზატორებსაც ესაუბრა, თუმცა უშედეგოდ.

”ვისაც ეს საკითხი ევალებოდა, მითხრა, რომ იტალიის, რუსეთისა და აშშ-ის დროშები დარბაზში დროულად ჩამოჰკიდეს, საქართველოსი კი ტრიესტეში ვერსად იყიდეს და ერთი კვირა მოანდომეს ხელით შეკერვას”, - გვითხრა ნაკრების იტალიელმა თანმხლებმა, რომლის სიტყვების მიხედვით, ქალაქ ტრიესტეში ჩვენი დროშის შეძენაზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა.

* * *
თუმცა, რუსეთთან მატჩის წინ საკმარისი დრო მქონდა მაღაზიების მოსავლელად. საკანცელარიოში სიარული საქართველოშიც მიყვარს და ტრიესტეს ერთი ასეთი მაღაზია არ დამიტოვებია უნახავად.

- ნო, "ჯორჯიან" ფლაგ?
- სკუზი სინიორ, ნონ აბიამო, - თუმცა, მეც ვხედავდი, რომ ჩვენი დროშა არსად იყო. იმედი მაინც არ გადავიწურე, გადავწყვიტე, წითელი მარკერით ფორმატის ქაღალდზე დამეხატა, თუმცა სადაც ვიკითხე, წითელი მარკერი არსად ჰქონდათ. ამასობაში თამაში მოახლოვდა და 20 ნომერ ავტობუსზე შეხტომის დრო იყო. მომშივნოდა კიდეც...

ცომეულის შესაძენად ერთ სუპერმარკეტში შევედი და... "ხელოსნურ" ვიტრინას რომ ჩავუარე, წამიერად უკან მივბრუნდი - დახლზე ღაჟღაჟა წითელი "იზოლენტა" იდო. მასთან ერთად თაბახის ფურცლების მთელი შეკვრა შევიძინე და სწრაფი ნაბიჯებით ავტობუსის გაჩერებისკენ გავემართე. ამ ორი ატრიბუტით ნამდვილად შეიძლებოდა ჩვენი დროშის შექმნა.

გზად შევნიშნე, რომ ერთი ახალგაზრდა კვალში მედგა და ისიც სადღაც მიიჩქაროდა. ჩემსავით მანაც სვლა გაჩერებასთან შეანელა და და მკითხა:
- ჯორჯია?
მაისურზე მივანიშნე და თავი დავუკარი:
- სი, ჯორჯია.
- გუშინ ძალიან კარგად ითამაშეთ, - მითხრა ინგლისურად, - იტალიას წლეულს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, NBA-ს ოთხი კალათბურთელი ჩამოვიდა. ასეთ გუნდთან გასამარჯვებლად საქართველოს ერთი ზუსტი ტყორცნა დააკლდა. გამოდის, რომ საქართველოსაც ძლიერი ნაკრები ჰყავს, - მითხრა იტალიელმა და მიმანიშნა - ჩვენი ავტობუსი მოდისო. როგორც აღმოჩნდა, ისიც "პალატრიესტესკენ" მიემართებოდა.

ავტობუსში საკუთარი ისტორია მოკლედ მომიყვა: სიცილიელი იყო, ტრიესტეში სამუშაოდ ჩამოსულიყო. პროფესიით ანესთეზიოლოგი, სახელად ეტორე, გვარად - ჩოლი. 18 საათზე იტალია-მიჩიგანის მატჩი ტარდებოდა, 20-ზე - საქართველო-რუსეთის.

Sportall.Ge- იტალიის თამაშზე ვეღარ ასწრებ, საქართველოს საქომაგოდ მოდიხარ? - ვკითხე.
- ვასწრებ, იტალიელები 8-ზე თამაშობენ, - მიპასუხა თავდაჯერებით და მობილური ტელეფონი მოიმარჯვა. მიღებულ ფაილებში "პედეეფის" დოკუმენტი გახსნა, სადაც ეწერა, რომ იტალია იმ დღეს საღამოს 8 საათზე თამაშობდა.
- ეს ძველი კალენდარია, ერთი კვირის წინ კი განრიგი შეიცვალა და იტალიის მატჩი 18 საათისთვის გადაიტანეს, - ვუთხარი და მეგონა, ავტობუსიდან გაბრაზებული ჩავიდოდა.

ეტორე ჩოლი ამ ამბავს მშვიდად შეხვდა: იტალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრები ისე მომეწონა, მისი თამაშის ხილვა 15-ევროიან ბილეთად ნამდვილად მიღირსო.

* * *
დარბაზს სწორედ მაშინ მივუახლოვდით, იტალია-მიჩიგანის მატჩის შემდეგ გულშემატკივრები კარიდან რომ გამოდიოდნენ. გაჩერებასთან საქართველოს ნაკრების პრესატაშე ირაკლი პერტაიას შევხვდით, რომელმაც ერთ უცნაურობაზე მიგვანიშნა: ტროტუარზე მოდიოდა თეთრთმიანი კაცი, რომელიც ძაღლს მოასეირნებდა.

ძაღლად შორიდან მოგვეჩვენა, თორემ, რომ მოგვიახლოვდა, მგელს მივამსგავსეთ.

ირაკლი პერტაია ჩაეძია - მგელი ხომ არ არისო.

- კი, მგელია, - მოგვიგო პატრონმა მშვიდად. იქაურობას გაცლა ვამჯობინეთ. "პალატრიესტეს" დერეფანში იტალიის ნაკრების ატრიბუტიკა იყიდებოდა, გემოვნებით გაფორმებული მაისურები, ბურთები... ერთ კუთხეში კი თავმომწონედ იდო ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი, რომელიც ევრობასკეტის დაწყებამდე ძველი კონტინენტის მასშტაბით ბევრს მოგზაურობდა, ივლისში თბილისშიც შემოიარა.

ეტორე ჩოლისთან გვერდით თასთან და თილისმა ფრენკისთან სამახსოვრო სურათები გადავიღე და ტრიბუნაზე შევედი. ახალგაცნობილი იტალიელი პირველ რიგებში მოკალათდა, მე საქართველოს დროშის აწყობას შევუდექი. ამოცანა იოლი არ იყო: A4 ფორმატის ფურცლებით იმ ზომის დროშა უნდა შემედგინა, დარბაზში ღირსეულად წარმოჩენილიყო.

ერთი კაცისთვის ძალიან რთულია "სკოჩითა" თუ "იზოლენტით" ფურცლების გადაბმა და ზედ წითელი ზოლების დატანება. ეტორე ჩოლიმ, ალბათ, ქვემოდან დამინახა, რომ ვწვალობდი, ამოვიდა, ჩაიმუხლა და მანამდე არ გასწორდა, ვიდრე პატარა ფურცლებითა და წითელი "იზოლაციით" საქართველოს დიდი დროშა არ გავაკეთეთ. საქართველო-რუსეთის მატჩის პირველი წუთებისთვის საქმე მოთავებული გვქონდა.

გამოსაჩენ ადგილას, შუშის მოაჯირზე მივამაგრე, რომელთანაც ორი იტალიელი იდგა. დროშის მიხედვითაც იოლად მიხვდნენ, რომელი ქვეყნიდან ვიყავი და თავად გამომეცნაურნენ - ლომბარდიიდან ვართ ჩამოსულები, იტალიის ნაკრების თამაშებზე ყოველთვის დავდივართ, თუმცა, როცა გავიგეთ, საქართველოც ტრიესტეში იყო, ძალიან გაგვეხარდა.

"კანტუს" ქომაგები ვართ, მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინს დიდ პატივს ვცემთ. მართალია, ისინი დღეს "კანტუს" ღირსებას აღარ იცავენ, მაგრამ ვიდრე კალათბურთს ითამაშებენ, მუდამ მათი ქომაგები ვიქნებითო.

თამაშზე რა მოგახსენოთ, მაგრამ რუსებს გულშემატკივრობით ნამდვილად ვაჯობეთ. უნდა გენახათ იტალიელებით შევსებული ლურჯი ტრიბუნები ქართველებს როგორ ქომაგობდნენ. ერთ ეპიზოდში კალათის უკნიდან შუახნის კაცი გამოხტა და დიდხანს აპროტესტა მსაჯების მიერ ქართველთა საწინააღმდეგოდ მიცემული ფოლი.

საინტერესო დღე არასასიამოვნოდ დასრულდა - რუსეთმა 81:69 დაგვამარცხა. ეტორე მატჩის შემდეგ მოვიდა და გამამხნევა, ხვალ მოიგებთო. თან დამპირდა, რომ მეორე დღესაც ჩემ გვერდით უქომაგებდა საქართველოს.

* * *
30 აგვისტოს, 18 საათზე, საქართველომ და "მიჩიგანმა" ითამაშეს, 20-ზე რუსეთმა და იტალიამ. მატჩზე გამგზავრების წინ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ფოტოსესია მოაწყვეს...

სასტუმროს დარბაზში ფორმატის დიდი ფურცელი და წითელი მარკერი აღმოვაჩინე. შესაბამისად, გაჩნდა მეორე, გაცილებით ლამაზი დროშის შექმნის იდეა. ზედ Go Georgia დავაწერე და ფოტოსესიისას თითოეულ კალათბურთელს ხელის მოწერა ვთხოვე. ეს დროშა ხომ წლების შემდეგ ძვირფას რელიქვიად უნდა ქცეულიყო.

საქართველო-"მიჩიგანის" მატჩის წინ, იმ ადგილას, სადაც წინა დღეს "იზოლაციით" აწყობილი დროშა ეკიდა, ახალი, გაცილებით ლამაზი და შინაარსიანი დროშა დავამაგრე...

თუმცა ვინანე - ავტოგრაფებიანი დარბაზში დამრჩა, რადგან "მიჩიგანთან" თამაშის შემდეგ სწრაფად მომიწია "პალატრიესტეს" დატოვება. იტალია-რუსეთის შეხვედრასაც ვერ მივადევნე თვალი და ვერც ეტორე ჩოლისთან მოვასწარი დამშვიდობება. დარბაზში, დროშის წამოსაღებად მისვლას ტაქსითაც ვერ ვასწრებდი... არადა, ასეთი რელიქვიის დარბაზში დატოვება ნამდვილად არ მსურდა...

* * *
კომპიუტერში ავკრიფე: Facebook.com, მოვძებნე ეტორე ჩოლი და მივწერე:
- სალამი, ეტორე, სად ხარ?
- "პალატრიესტეში", იტალია-რუსეთის მატჩზე, - მიპასუხა ათიოდე წუთში.
- პირველ და მეორე იარუსებს შორის საქართველოს დროშა ხომ ჰკიდია?
- კი, ოღონდ ის არ არის, ჩვენ რომ ავაწყვეთ.
- ეგ ახალია, საქართველოს ნაკრების კალათბურთელთა ხელმოწერებით. როგორ მოგწონს?
- მშვენიერია.
- თამაში რომ მორჩება, შეგიძლია ჩამოხსნა და შინ წაიღო, - მივწერე სიცილიელს.
- დიდებულია, დიდი მადლობა! - მომწერა ეტორემ. მოგვიანებით კი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერთი ფოტო გამოაქვეყნა: სურათზე საკუთარი სახლის კედელი იყო აღბეჭდილი, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ამშვენებდა მინაწერით: "ძვირფასი ქართული საჩუქარი".

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
გუნდის ადმინისტრაციამ ერთი დროშა თან რომ წაიღოს,დიდი ხარჯი არ ექნებოდა,მგონია...ისტორია,კი,კარგი იყო..
ეეეჰჰჰ...
13 ნოემბერი 2015 13:44
0
გაიხარე, დიდი მადლობა ავტორს ლამაზი ისტორიისთვის
ჯაბა
10 ნოემბერი 2015 13:29
0
ისე მაგ შინდის ფერ დროშას აფრიალებდა სოციალდემოკრატები, როცა ილიას ებრძოდნენ და მოკლეს მერე. თუმცა დროშა რა შუაში ან ერთი ამ მეორე მთავარია ქვეყანას რა ხალხი მართავს და დროშა ვის უჭირავს.
ნუგზარ-ს
04 ნოემბერი 2015 19:24
0
ხუთჯვრიანი დროშა არასოდეს არ ყოფილა საქართველოს დროშა. სააკაშვილს კარგი არასოდეს გაუკეთებია საქართველოსთვის, არცმისი დროშაა სიკეთის მომტანი.შინდისფერი დროშით საქართველომ ორჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა
ნუგზარი
04 ნოემბერი 2015 08:17
0
ნუგზარ, სირცხვილია...
სააკაშვილის ზიზღმა დაგავიწყა ისტორია თუ ზოგადად ხარ ასეთი ...?
nugzar-s
03 ნოემბერი 2015 13:48
0
შინდისფერი სამფეროვანი დროშის ავტორები არიან საქართველოს ისტორიის მამა ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და ექვთიმე თაყაიშვილი. ხუთჯვრიანი დროშის ავტორები არიან ჟვანია, საააშვილი დაშენგელაია.
ნუგზარი
03 ნოემბერი 2015 11:51
0
მაგარი სტატიაა!!!!

დიდებულია
alex
03 ნოემბერი 2015 11:13
0
დაგვიბრუნეთ ნამდვილი ქართული დროშა!!!!!!!!!
valeri
03 ნოემბერი 2015 10:24
0
ჯიგარი ხარ...
თევდორე
03 ნოემბერი 2015 10:21
0
შინდისფერი სამფეროვანი გერმანიის დროშა იყო რომლის ფერებიც თავად გერმანიამაც შეცვალა
SATEROBELI
03 ნოემბერი 2015 10:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული