კალათბურთი დინამიკური სპორტია, მოვლენები მოედნის მიღმაც სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით, ბოლო დროს, ქართულ კალათბურთში. დაინიშნა ნაკრების ახალი მწვრთნელი - ილიას ზუროსი, მუშავდება ეროვნული გუნდის მოსამზადებელი ეტაპის გეგმა, დასასრულს უახლოვდება სუპერლიგის რეგულარული ეტაპი...
ამ და სხვა საკითხებზე სალაპარაკოდ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, მიხეილ გაბრიჩიძეს, ვესტუმრეთ.
ინტერვიუ ილიას ზუროსითა და მისი გეგმებით დავიწყეთ.
საქართველოს ნაკრები
- იგი საქართველოში ორჯერ იყო ჩამოსული. დაესწრო ეროვნული ჩემპიონატისა და ვითიბი ლიგის მატჩებს. მოინიშნა რამდენიმე კალათბურთელის გვარი, რომელთა შორის ისეთებიც არიან, ვინც ნაკრების მან ჩვენთან საუბარშიც აღნიშნა, რომ შანსს ყველას მისცემს ვინც საქართველოს ნაკრებისთვის მზად იქნება.
- თბილისში კიდევ როდის აპირებს ჩამოსვლას?
- საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფი რომ დაიწყება, ილიას ზუროსი აქ იქნება. იგი ასევე აკვირდება უცხოეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრებსა და ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოთამაშეებს. ზუროსი მათაც შეხვდება.
როგორც თავად განაცხადა, საქართველოს ნაკრები პერსპექტივაზე ორიენტირებული ძლიერი გუნდი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, ჩვენს ნაკრებში საკმარისად არიან 30 წელს მიტანებული და გადაცილებული კალათბურთელები, რომლებიც მომავალში ახალგაზრდებმა უნდა ჩაანაცვლონ. ისინი გუნდთან უკვე ადაპტირებულები უნდა იყვნენ, რათა დონე შენარჩუნდეს.
- ეროვნული გუნდის მოსამზადებელი გეგმა როდის დამტკიცდება?
- აპრილის დასაწყისში. ძირითადი მონახაზი უკვე გვაქვს, მაგრამ გრაფიკს საბოლოო სახე არ მიუღია. გარკვეულია, რომ მოსამზადებელ ეტაპზე 8-10 საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ. მათ შორის სამს თბილისში - მერიის თასზე.
- ვინ ჩამოვა ამ ტურნირზე სათამაშოდ?
- მაკედონია, ჰოლანდია და რუსეთი. ასევე გადაწყდა, რომ ერთ შეხვედრას რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გავმართავთ.
სტუმრები
- ბოლო დღეებში საქართველოს ფიბა-ს ორი წარმომადგენელი ეწვია...- ვუმასპინძლეთ ფიბა-ევროპის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსს ლუბომირ მანდიჩს. მისი ვიზიტის მიზანი ჩვენი ინფრასტრუქტურის ინსპექტირება იყო.
მოგეხსენებათ, საქართველო პირველად უმასპინძლებს ფიბა-ს შეჯიბრებას 18-წლამდე ქალთა შორის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და გვინდა მაქსიმალურად კარგად ჩავატაროთ.
- რამდენად კმაყოფილი დარჩა არენებითა და მზადებით?
- მოინახულა ვერის ბაღისა და ახალი სპორტის სასახლის დარბაზები. 18-წლამდე ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები სწორედ ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. კმაყოფილი დარჩა ინფრაქტრუქტურის ხარისხითაც და მზადების დონითაც. შენიშვნები თითქმის არ ჰქონია.
ლუბომირ მანდიჩს ასევე 4-საათიანი სამუშაო შეხვედრა ჰქონდა კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან. მან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი სისტემა დაწვრილებით გაგვაცნო. ევრობასკეტი 2017-ის შემდეგ ხომ მთლიანად იცვლება საშეჯიბრო სისტემა - ევროპის ჩემპიონატები 2-ის ნაცვლად 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, შუალედში კი მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიადა ჩაენაცვლება.
- მანდიჩის ვიზიტს ლუბომირ კოტლებას ჩამოსვლა მოჰყვა...
- იგი დიდი ხნის განმავლობაში ფიბა-ში სპორტულ დირექტორად მუშაობდა. ახლა ფიბა-ს გენერალური მდივნის მრჩეველია. ეს ორგანიზაცია მალე აამოქმედებს პროგრამას, რომელიც ფედერაციების ტექნიკურ დახმარებას მოიცავს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ფიბა-ს მაღალჩინოსნები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის მდგომარეობას, საზღვრავენ რა სჭირდებათ, რამდენად პოპულარულია ქვეყანაში კალათბურთი და რა არის საჭირო შემდგომი განვითარებისთვის.
ლუბომირ კოტლებასთან ერთად შევხვდით სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიას, ასევე ვესტუმრეთ ოლიმპიურ კომიტეტს, სადაც გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა გვიმასპინძლა.
ბასკეთი
- ახლახან დაბრუნდით ესპანეთიდან, სადაც ქართული საკალათბურთო ლეგიონი ნელ-ნელა იზრდება.- "ბასკონიასთან" ერთად ვახორციელებთ პროგრამას, რომელიც ქართულ კალათბურთს აუცილებლად წაადგება. ბასკურ გუნდში რამდენიმე ქართველი ვარჯიშობს. ვესაუბრეთ მათ ხელმძღვანელებს, რომლებიც ჩვენი ყმაწვილების მონდომებით კმაყოფილები არიან. იქ ჩვენს ბავშვებს სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ საქმესთან, თითქოს მენტალიტეტს იცვლიან, მაღალი დონის პროფესიონალებად ყალიბდებიან.
- ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატში 50 ქულა რომ ჩააგდო, თქვენს იქ ყოფნას ხომ არ დაემთხვა?
- არა, ის თამაში არ მინახავს. ახალგაზრდული ასაკის მოთამაშეთაგან ბულაშვილი და ნიკოლოზ დარბაიძე არიან. მათზეც დიდ იმედებს ამყარებენ, ისევე როგორც თორნიკე შენგელიაზე.
- თორნიკე ოპერაციის შემდეგ როგორ არის?
- იქ რომ ვიყავი, ყავარჯნებით დადიოდა. უკვე მეორე კვირაა, რაც მადრიდის კლინიკაში გადის რეაბილიტაციის კურსს. თორნიკე მწყობრში ერთ თვეში იქნება, თუმცა ფორმაში შესასვლელად და დაკარგულის ასანაზღაურებლად დრო არის საჭირო.
სუპერლიგა
- საქართველოს ჩემპიონატის ახალი ფორმატის თანახმად, რეგულარული ეტაპის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ 4 გუნდი აგრძელებს (8-დან). თავიდანვე საინტერესო იყო, რამდენად გაამართლებდა ასეთი სისტემა.- დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. რეგულარული ჩემპიონატი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. თავად განსაჯეთ: თითქმის ყოველ ტურში ფიქსირდება ოვერტაიმი. ერთ ტურში, ოთხი მატჩიდან სამში დაინიშნა დამატებითი დრო. სწორედ ახალმა სისტემამ გუნდის მესვეურები აიძულა, თავიდანვე დაეჭირათ თადარიგი და შეეკრიბათ ძლიერი შემადგენლობა.
პლეი ოფში ჩემპიონატი კიდევ უფრო საინტერესო გახდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"