ჩინეთში მყოფმა საქართველოს "ბ" ნაკრებმა ოთხ წაგებას ორი მოგება მიაყოლა

AutoSharing Option
ჩინეთში მყოფმა საქართველოს "ბ" ნაკრებმა 4 წაგებას 2 მოგება მიაყოლა. ჯერ რუმინეთი დაამარცხა, შემდეგ ჩინეთი.

დავით უსტიაშვილისა
და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს 14 ქულის სხვაობით - 54:40 მოუგო.

საქართველოს ნაკრები ახალი შეკრებილია და გუნდის წევრებს ერთად თამაშის გამოცდილება აკლდათ. ჩინეთში წასვლის წინ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა კიდეც, თავიდან გაგვიჭირდება, რადგან საკმაოდ ძლიერ გუნდებთან სათამაშოდ გამოცდილების გარეშე მივდივართო. "ბ" ნაკრები ჩინეთში ისე წავიდა, 15 დღის შეკრებილს ამხანაგური თამაში არ გაუმართავთ, თუმცა რამდენიმე მატჩის შემდეგ ქართვეებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს.

რუმინეთის
ეროვნული გუნდი ხელწამოსაკრავი როდია. ვლახები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თანამასპინძლები არიან და მათი ნაკრები შესარჩევ ტურნირში არ მონაწილეობს. რუმინელები კონტინენტის პირველობისთვის კარგად ემზადებიან, რათა მასპინძლის ამპლუაში მყოფებმა თავი არ შეირცხვინონ.

ანგარიშიდან როგორც ხედავთ, მატჩი მწირექულიანი გამოდგა. ჩვენს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი კახა ჯინჭარაძე გახლდათ, ხოლო სამმა მოთამაშემ - რიჩარდ მათიაშვილმა, აკაკი დვალიშვილმა და ბექა წივწივაძემ 8-8 ქულა დააგროვეს. ამ უკანასკნელის მნიშვნელოვან ეპიზოდში შესრულებული 2 სამქულიანი საკმაოდ დროული და გარდამტეხი აღმოჩნდა.

საქართველო-რუმინეთი 54:40
საქართელო: შვანგირაძე, ბაქრაძე (5), ჯინჭარაძე (13), მიქელაძე, ბოქოლიშვილი (6), გოგოძე, ჯგერენაია, წივწივაძე (8), ორმოცაძე, დვალიშვილი (8), მათიაშვილი (8), ბექაური (6).

* * *
რაც შეეხება ჩინეთთან მატჩს, საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე - 79:75 გაიმარჯვა.

ქართველებში ბექა წივწივაძის და ბექა ბექაურის შედეგიანი თამაშია გამოსარჩევი. წივწივაძის შეუპოვარმა და გააზრებულმა თამაშმა, რომელიც ქართველების შეტევებს ორგანიზებას უწევდა, საქართველოს ნაკრებს დიდი სარგებელი მოუტანა. ბექა ხშირად შეტევების დამგვირგვინებლის როლშიც იყო და შესაბამისად, შეხვედრაც 20 ქულით დაასრულა.

საუკეთესო შედეგი კი ბექა ბექაურმა დააფიქსირა, რომელმაც 31 წუთში 22 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. შედეგიანი გახლდათ კახა ჯინჭარაძეც - 16 ქულა, ხოლო აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 11 ქულა დაფიქსირდა.

ამით საქართველოს ნაკრებმა ჟანჯიაგანგის ტურნირი 2 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა და პოლონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენმა გუნდმა გეზი ნანტონგისკენ აიღო, სადაც 12-14 ივლისს იმავე მეტოქეებთან კიდევ ერთ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ჩინეთი-საქართველო 75:79
საქართელო: შვანგირაძე, ბაქრაძე, როგავა, ჯინჭარაძე (16), მიქელაძე, ბოქოლიშვილი (7), ჯგერენაია (2), წივწივაძე (20), დვალიშვილი (8), მათიაშვილი (1), ბექაური (22)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კოცჰაგ მაინც კარგი სჰედეგია
vaja
13:02 11-07-2016
0
მოგვაზოდეტ პირველ ნაკრებსე რაიმე იმფორმაცია რა ხდება ნატურალისრბულ კალატბურტელზე
შოთა გუგეშაშვილი
12:45 12-07-2016
0

სიახლეები პოპულარული