ევრობასკეტი 2017: რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებზე მისი მეტოქეები

AutoSharing Option
ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ ნაკრების ჯგუფიდან შანსებზე ლაპარაკს არავინ იზარებს. ვმსჯელობთ თითოეულ მეტოქეზე, მის სიძლიერესა და პერსპექტივაზე...

ჩვენთვის კი საინტერესოა, რას ფიქრობენ ჩვენი მოწინააღმდეგეები საქართველოს ნაკრებზე.

გერმანელები: საქართველო მაღალი, ფიზიკურად ძლიერი გუნდია
დავიწყოთ გერმანელებით, ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელით, კრის ფლემინგით:

- ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე ჩვენს ჯგუფში იყვნენ იტალია, ესპანეთი, სერბეთი, თურქეთი... ამჯერად შედარებით უკეთეს გარემოცვაში აღმოვჩნდით. ყველა ჯგუფი თანაბრადაა დაბალანსებული. თითოეულ მეტოქეს ვიცნობთ, მაგრამ დღეს მათზე მსჯელობა რთულია, რადგან არ ვიცით, რომელი კალათბურთელი ჩამოვა ევრობასკეტზე და რომელი - არა.

გერმანიის კალათბურთის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი არმინ ანდრესი:

- წილისყრით კმაყოფილები ვართ. ლიტვა და იტალია ფავორიტები არიან. ისრაელი შინ თამაშობს, ისეთი გუნდია, წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავ, რამდენად ძლიერია. საქართველო და უკრაინა ის გუნდებია, რომლებთან გამარჯვებაც შეიძლება. მთავარია, ვიბრძოლოთ.

გერმანიის ნაკრების კალათბურთელი რობინ ბენზინგი:

- წინა ევრობასკეტთან შედარებით, კარგი ჯგუფი გვერგო. თუმცა ისრაელშიც სერიოზული მეტოქეები გვეყოლება. ლიტვა ძლიერია, ისრაელი - მასპინძელი. მათ სხვებთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვთ. საქართველო და უკრაინა ყოველთვის არასასურველი მეტოქეები არიან - ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი გუნდები.

არვიდას საბონისი: საქართველოსთან ამხანაგურები ჩაგვეშალა...
ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არვიდას საბონისმა ჩაშლილ გეგმაზე ილაპარაკა:

- საინტერესო ჯგუფია. მართალია, მომდევნო ეტაპზე ექვსიდან ოთხი გადის, მაგრამ გუნდების სიძლიერის გათვალისწინებით, პლეი ოფში გასვლა იოლი არ იქნება. უკრაინელებთან ერთად სტამბოლიდან ვიფრინე. მათ სურდათ, რომ ჯგუფში ჩვენთან ერთად მოხვედრილიყვნენ. ასეც მოხდა.

რაც შეეხება ქართველებს, წილისყრამ საერთო გეგმა აგვირია: ვაპირებდით ევროპის ჩემპიონატის წინ ორი ამხანაგური მატჩის გამართვას, მაგრამ, რადგან ერთ ჯგუფში მოვხვდით, საკონტროლოებს, ალბათ, ვეღარ ვითამაშებთ.

ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაინიუს ადომაიტისი:

- წილისყრაც დასრულდა, გაირკვა ჩვენი მეტოქეების ვინაობა, მაგრამ მაინც რთულია შანსებზე მსჯელობა. თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიცით, მეტოქე გუნდის ლიდერებიდან ვინ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე და ვინ - არა. ასევე, ჩვენი გუნდის შემადგენლობაც არაა გარკვეული. ყველას სურს ლიტვის ნაკრების მაისურის მორგება, ევროპის ჩემპიონატზე თამაში და მედლების მოგება. ერთი რამ ცხადია - ისრაელში უძლიერესი შემადგენლობით გავემგზავრებით.

ჯორჯიელებთან ვერაფერს დაგეგმავ
ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერეზ ედელშტეინი:

- ლიტვის ნაკრები მეტოქედ ჩვენ ავირჩიეთ. კარგი შემადგენლობა ჰყავს. მეორე და მეხუთე კალათებიდან ძალიან ძლიერი გუნდები შეგვხვდა - იტალია და გერმანია. საქართველოს ნაკრები კი ის გუნდია, მასთან წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ.

მოკლედ, რთული ჯგუფი გვერგო. თუმცა, როდესაც საქმე ევროპის ჩემპიონატს ეხება, იოლ გასეირნებას არავინ უნდა ელოდოს. ჩვენთვის მთავარია,  ყველა სტუმარს კარგად ვუმასპინძლოთ და მოედანზეც ღირსეულად დავხვდეთ.

NBA-ს კლუბ "საკრამენტოს" ფორვარდი ომრი კასპი:

- სხვადასხვა ტიპის მეტოქეები შეგვხვდა, რაც შანსს გვაძლევს დავინახოთ, რეალურად რას წარმოვადგენთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი.

ისრაელის კალათბურთის ფედერაციის საიტზე ჯგუფის ყველა გუნდის დახასიათება გაჩნდა. მათ შორისაა საქართველოს ნაკრები. ჟურნალისტი მკითხველს ახსენებს, რომ "ჯორჯიელებმა" მონტენეგროსთან სტუმრად გაიმარჯვეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ჩამოთვლილია ჩვენი გუნდის წამყვანი კალათბურთელები.

აი, კიდევ რა წერია: "ქართველებმა 2015 წლის ევრობასკეტზე მერვედფინალში ლიტვასთან დაძაბულ ბრძოლაში წააგეს. ევრო-2017 მათთვის ზედიზედ მეოთხე ევროპის ჩემპიონატი იქნება და ისრაელში დიდი ამბიციებით ჩამოვლენ. ისინი არა მხოლოდ ჯგუფური ეტაპის, მერვედფინალის ბარიერის დაძლევასაც აპირებენ..."

უკრაინელები: საქართველო უნდა დავამარცხოთ!
უკრაინის ნაკრების კაპიტანი კირილ ფესენკო:

- ჩემთან, იტალიურ "აველინოში" ბელგიელი რეტინ ობასოხანი თამაშობს. შემომჩივლა: ჩვენი უფრო ძლიერი ჯგუფიაო. შეიძლებოდა, უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ მე ისრაელის ჯგუფი მომწონს. ყველაზე რთული ლიტვასთან თამაში იქნება. ამ გუნდში თაობათა ცვლა განხორციელდა და ახალგაზრდებმა უკვე კარგად იგრძნეს ერთმანეთი. ზედიზედ ორი ევრობასკეტია, უმედლოდ არ რჩებიან.

- იტალიის ნაკრები შემადგენლობით საუკეთესოა, მაგრამ იმედი მაქვს, რომელიმე ვარსკვლავი არ ჩამოვა, ან როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გუნდურ თამაშს ვერ ააწყობს.

- გერმანიასთან თანაბრად უნდა ვიბრძოლოთ. ახალგაზრდული, ამბიციური ნაკრებია, რომელიც ენერგიულად შეუტევს ყველას. დაბომბვას, გადასწრებას შეეცდება. უკრაინელები საკმარისად გამოცდილები ვართ, რომ გერმანელებს ჩვენი თამაში შემოვახვიოთ და დავამარცხოთ.

- ისრაელი გრანდი არ არის, მაგრამ მასპინძელია, მისი დამარცხება რთული იქნება. უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური პირობებიც: იქვეა უდაბნო, ჰაერი ძალიან მშრალი იქნება. ადაპტაცია აუცილებელია.

- საქართველოს ნაკრებს მშვენივრად ვიცნობთ - მილიარდჯერ გვითამაშია. ქართველთა გუნდში დიდი პოტენციალია, თუმცა უნდა დავამარცხოთ. საქართველო-უკრაინა მძიმე მატჩი იქნება. ქართველების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიჭირს. მათთან ევრობასკეტი 2011-ზეც გამოვედი. თუმცა ბოლო მატჩებში ტრავმირებული ვიყავი... ცოტას ვთამაშობდი, მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ფრატელომ ჩემი ბოლომდე ვერ დაიჯერა.

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ევგენი მურზინი:

- ყველა მეტოქეს ვიცნობთ, ამხანაგურად ყველას წინააღმდეგ გვითამაშია. საქართველოს და გერმანიას ამ ზაფხულს დავუპირისპირდით. პროგნოზები არ მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინის ნაკრებს აქვს პოტენციალი,  მერვედფინალში ჯგუფური მესამე ადგილით გავიდეს.

მესინა: დაბალანსებული ჯგუფია
ყველაზე თავშეკავებული იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ეტორე მესინა იყო:

- ისრაელში, სადაც სპორტის პირველი სახეობა კალათბურთია, თამაში დიდი ზეიმი იქნება. იტალიის ნაკრები ჯანმრთელი, სათანადოდ მომზადებული უნდა ჩავიდეს, რადგან კარგი გუნდებით შედგენილი, დაბალანსებული ჯგუფია და ყოველ ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება.

იტალიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯოვანი პეტრუჩი:

- ყველა მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ და არავის მოვერიდოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
"nika", ინფორმაცია არასრულია. სანიკიძემ და მარკოიშვილმა ოპერაციები გაიკეთეს. 3-4 თვეში რეაბილიტაციას დაამთავრებენ და ვარჯიშს დაიწყებენ. ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებისთვის ნაკრებთან იქნებიან და ერთად ივარჯიშებენ. სხვადასხვა მწვრთნელების და მოტამაშეების განცხადებები არაფერს ნიშნავს. ზოგი დიპლომატიურად(ძირითადად მწვრთნელები) საუბრობს, ზოგი აგრესიულად. მთავარია, ფორმაში იყვნენ და კარგად მოემზადოს ჩვენი ნაკრები. შედეგი დადებითი იქნება. ილიას ზუროსმა და მაიკლ დიქსონმა შესარჩევ ციკლში აჩვენეს, რომ მათი არჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო.
გიო
21:26 26-11-2016
0
აუ ვუქტორას გარეშე რა გვეშველება?? მარკოიშვილიც არ იქნება იასნია. ამათ კომენტარებში ჩანს ჩვენზე რასაც ფიქრობენ. აუტსაიდერებად გვთვლიან. მინიმუმ უკრაინას უნდა გადავუაროთ მიდით ბიჭებო არ დაინდოთ მაგათ სულ ვუგებდით და ეხლა რაღAც დიდ გულზე არიან
nika
19:06 25-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული