ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს, ესპანურ ლიგაში, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები უხვად თამაშობენ, მხოლოდ ქართველმა კალათბურთელმა მოახერხა, ტურის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გამხდარიყო.
გასულ, 25-ე ტურში შერმადინმა ესპანურ ლიგაში ქულებში საკუთარი რეკორდი გაიმეორა.
"სარაგოსასთან" 100:92 მოგებულ შეხვედრაში გიორგიმ 19 ცდიდან 18 სროლა ჩააგდო და 27 ქულას 9 მოხსნაც მოაყოლა. შედეგად, მისი სარგებლიანობის ინდექსი 41-ს გაუტოლდა და ტურის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ეს საუკეთესო შედეგი გახლდათ.
- "უცხოპლანეტელი შერმადინი" - გიორგის 27 ქულა და გამარჯვება
შერმადინი დამსახურებულად აღიარეს ტურის საუკეთესო მოთამაშედ, რაც მის კარიერაში მესამედ მოხდა. გიორგი შერმადინს კომენტარი ჩამოართვა ესპანური ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ACB.com-მა:
"ძალიან გახარებული ვარ. მინდა, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო. მათ გარეშე ამგვარ წარმატებას ვერ მივაღწევდი.
შაბათს ჩინებული მატჩი ჩავატარეთ და ეს ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა. უდავოა, რომ ახლა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მიდგას. თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, ყველა მატჩში მაქსიმუმი გავიღო.
მომავალ კვირას "ბარსელონას" ვსტუმრობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ახლა მე-8 ადგილზე ვიმყოფებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საპლეიოფო ზონაში დავრჩეთ.
სეზონის MVP-ს ტიტული? ვერაფერს გეტყვით. ჩემი საქმე კალათბურთის თამაშია, შეფასება კი სხვებმა უნდა გააკეთონ. ცხადია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პატივი მერგოს.
დამაჯერებელ თამაშში ქომაგებიც ძალიან მეხმარებიან. როგორც გასულ ტურში, ასევე წინა საშინაო შეხვედრებში ისინი შეუდარებელნი იყვნენ".
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით