ქართველი ამერიკულ ბლოკბასტერში: შენგელიას ბედი 10 ივლისს გადაწყდება

AutoSharing Option
NBA-ს დრაფტის დასრულების შემდეგ "ბოსტონ სელტიქსი" და "ბრუკლინ ნეთსი" მეგატრანსფერზე შეთანხმდნენ: "ნეთსში" გადავლენ ვეტერანი "კელტები" პოლ პირსი, კევინ გარნეტი და ჯეისონ ტერი.

მათ სანაცვლოდ "ბოსტონში" ითამაშებენ კრის ჰამპრისი, რეჯი ევანსი, კიტ ბოგანსი, ჯერალდ უოლასი და თორნიკე შენგელია.

ბოსტონელებმა ეს არ იკმარეს და "ბრუკლინს" 2014, 2016 და 2018 წლებში დრაფტის პირველ წრეში არჩევის უფლებაც დაათმობინეს.

როგორც NBA-ის საიტი იტყობინება, გარიგება ოფიციალურად 10 ივლისს გაფორმდება. მანამდე რა შეიძლება შეიცვალოს, ძნელი სათქმელია. თუმცა "ბლოკბასტერად" წოდებული ტრანსფერი ზოგადი დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს: "ბრუკლინ ნეთსი"
ჩემპიონობაზეა ორიენტირებული და მოცდას არ აპირებს.

სწორედ ამიტომ დაიმატა 37 წლის გარნეტი, 35 წლის პირსი და ასევე 35-ის ტერი. სანაცვლოდ, "ბოსტონის" ხელმძღვანელობა მომავლის გუნდის შენებას იწყებს...

არ არის გამორიცხული, ბოსტონელებმა "ბრუკლინიდან" გადაბირებული რომელიმე მოთამაშე სხვა გუნდში გაუშვან, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ თორნიკეს "სელტიქსში" დარჩენა სწორი ნაბიჯი იქნება.

გაგახსენებთ: 2005 წელს ზაზა ფაჩულია სწორედ ახალგაზრდულ, მშენებარე "ატლანტაში" ჩაირიცხა და გუნდთან ერთად წლიდან-წლამდე იზრდებოდა. ორ წელიწადში "ჰოქსმა" პლეი ოფსაც მიაღწია და აღმოსავლეთის კონფერენციის ფავორიტთა კვარტეტშიც გაერია.

დღეს თორნიკე შენგელიასაც მშენებარე გუნდი სჭირდება, რომელიც ახალგაზრდების გამოწვრთნაზე უფრო იქნება ორიენტირებული, ვიდრე რომელიმე კონფერენციის მოგებაზე.

არა გვგონია, შემთხვევითი დამთხვევა იყოს, რომ წინასასეზონო პერიოდში შენგელიამ საუკეთესო მატჩი "ბოსტონის" წინააღმდეგ ითამაშა - სირენამდე 40 წამით ადრე თოკოს ეფექტურ ჩატენვას დიდი ოვაციები, შემდეგ კი გამოხმაურება მოჰყვა.

იმ ორქულიანით "ნეთსმა" ანგარიში გაათანაბრა (95:95), რასაც თოკომ საჯარიმო მიაყოლა და ბრუკლინელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს.

28 ივნისს გვიან ღამით შევიტყვეთ, რომ "ტრეიდს" საბოლოო სახე არ აქვს მიღებული და რადგან ოფიციალურად 10 ივლისს უნდა გაფორმდეს, გარკვეული ცვლილებები კიდევ მოსალოდნელია.

რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, დიდია ალბათობა გაცვლამ შენგელიას გარეშე ჩაიაროს და თორნიკე "ბრუკლინში" დარჩეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოჰ, კარგი ერთი ?! გუშინ სხვანაირად ჭიკჭიკებდით.. სანამ არ გაარკვევთ თემას, იქამდე რატომ დებთ ინფოს რომ გადავიდა და ჰაიჰუი ?
sergo
14:48 29-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული