ზაზა ფაჩულიას ვარიანტები: "პორტლენდი", "ლეიკერსი" და "ჩიკაგო"?

AutoSharing Option
NBA-ს თავისუფალ აგენტთა ბაზარი პირველი ივლისიდან გაიხსნა. საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი ამოეწურა და ახალ გუნდს ეძებს.

ამერიკელი ჟურნალისტები იკვლევენ, არჩევენ შესაძლო ვარიანტებს, რომელთა შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე უფრო რეალურზე დავწეროთ.

პორტლენდი
გამოცემა "სპორტს ილუსტრეიტედში" ჯოშ სანჩესის სტატია სათაურით: "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" ზაზა ფაჩულიას მიუახლოვდა". ქვემოთ ვკითხულობთ:

"პორტლენდელები ხარისხიანი ცენტრის ძიებაში არიან. ამ მიმართულებით მათ უკვე გადადგეს დიდი ნაბიჯი, დაუკავშირდნენ ფაჩულიას აგენტს.

29 წლის ქართველი ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, ნაოპერაციებ აქილევსს მკურნალობს, თუმცა ექიმების თქმით, იგი ოქტომბერში,
"ბლეიზერსის" საწვრთნელი შეკრების დაწყებისას სრულ მზადყოფნაში იქნება".

ამ მოკლე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქმე სერიოზულადაა, თუმცა ქართველები NBA-ში 1998 წლიდან თამაშობენ და დაგვიგროვდა საკმარისი გამოცდილება საიმისოდ, რომ ვთქვათ: ჯერ ყველაფერი წინაა, ფაჩულია "პორტლენდთან" კონტრაქტის გაფორმებას არ იჩქარებს, რადგან დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, კიდევ არაერთი შეთავაზება ექნება.

ჩვენი მხრივ, შეგახსენებთ, რომ "ბლეიზერსში" დაასრულა საკალათბურთო კარიერა ვლადიმერ სტეფანიამ (2004 წელს). ამ გუნდში ერთი თვის განმავლობაში ნიკა ცქიტიშვილიც ვარჯიშობდა, მაგრამ კონტრაქტი არ გაუფორმებია.

მეშვიდე
თავისუფალ აგენტებს საინტერესო პუბლიკაცია მიეძღვნა საიტ "სპორტინგნიუსზე". ცენტრები დახარისხებულნი არიან და მათ შორის მეშვიდეა ზაზა ფაჩულია.

აი, რა წერია მის გასწვრივ:

"ფაჩულია არავის მოსწონს, გარდა თანაგუნდელებისა. ასეა თუ ისე, იგი კარგი დამცველია და შეტევითი პოტენციალიც საკმარისი აქვს საიმისოდ, რომ ღირებულ მეფარედ მივიჩნიოთ".

რეიტინგში პირველია დუაით ჰოვარდი, მეორე - ნიკოლა პეკოვიჩი, მესამე - ელ ჯეფერსონი...

ჩიკაგო
ახლა "დეილი ჰერალდს" გადავხედოთ, რომელშიც ჟურნალისტი მაიკ მაკგრაუ "ჩიკაგო ბულზისთვის" სასურველ კანდიდატებს ეძებს.

მესამე აბზაცში წერს:

"ჯერმეინ ონილი, კრის კამანი და ზაზა ფაჩულია. მათგან ერთ-ერთის დამატებით ჩიკაგოელთა წინა ხაზი საკმარისად გაძლიერდება, "ხარებს" ხომ კარგი მეფარე სჭირდებათ მომავალ სეზონში ფინალში გასაღწევად".

ლეიკერსი
ამბიციური "ჩიკაგო" ფაჩულიასთვის ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს, თუმცა, ალბათ, ბევრი ქართველი ისურვებდა მის ლურჯ-ყვითელ ფორმაში კობი ბრაიანტისა და სტივ ნეშის გვერდით ხილვას.

როგორც იუწყებიან, ცენტრი ჰოვარდი "ლეიკერსის" დატოვებას აპირებს და გუნდის ხელმძღვანელობა მის შემცვლელს ეძებს.

უფრო კონკრეტულად, "ბლიჩერრეპორტში" ლუკ პეტკაჩი წერს:

"ზაზა ფაჩულია ერთ-ერთი მეფარეთაგანია, რომელიც "ლეიკერსის" წინა ხაზში გაჩენილ სიცარიელეს ამოავსებს. მას გუნდისთვის ორი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია - მოხსნებსა და საშუალო ტყორცნებში დახმარება".

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: "ატლანტაში" დარჩენა მინდა, მაგრამ...
CNN: ზაზა ფაჩულიას "პორტლენდი" ელაპარაკება!
ზაზა ფაჩულია იგორ კოკოშკოვთან, "კლივლენდში"?
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰოვარდი თუ წავიდა ლეიკერსი საუკეთესო ვარიანტია ზაზასთვის! აუუ რა მაგარი იქნება კობის გვერდით ზაზას ყურება, საჩემპიონო ამბიციებით, ჩიკაგოში ნოა დაჩაგრავს არ ვარგა ეს ვარიანტი ზაზასთვის, ცოტა სათამაშო დრო ექნება
beqa
14:26 02-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული