თორნიკე შენგელიამ "ბრუკლინში" სეზონის პირველი შეხვედრა ჩაატარა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ორლანდოს ტრადიციულ საზაფხულო ლიგაზე პირველი მატჩი ითამაშა, მისმა "ბრუკლინმა" კი "დეტროიტ პისტონსთან" 67:76 წააგო.

ამ შეხვედრაში შედგა ჯეისონ კიდის, როგორც მწვრთნელის დებიუტი. ტანმორჩილმა, თუმცა უაღრესად ჭკვიანმა და სხარტმა გამთამაშებელმა სამწვრთნელო კარიერა "ნეთსში" დაიწყო, სადაც საკუთარი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა.

კიდმა სადებიუტო მატჩში ტექნიკური მიიღო და ეს იმ ეპიზოდს მოჰყვა, რომელშიც თორნიკე შენგელია მონაწილეობდა.

მატჩის ბოლო წუთებზე ფარქვეშ შეჭრილ დეტროიტელთა ახალბედა პეიტონ სილვაზე ქართველი ფორვარდი დაჯარიმდა, რის შემდეგაც, რამდენიმე წამში, კიდმა ტექნიკური ჯარიმა მიიღო.

დებიუტანტ მწვრთნელს შენგელიაზე ჯარიმა არ
გაუპროტესტებია, მან აღშფოთება დეტროიტელთა გამთამაშებლის არასპორტულ თამაშზე გამოხატა, რომელმაც ჰაერში ამხტარმა ფეხი წინ გასწია და ამით დამცველს ხიფათი შეუქმნა.

საბედნიეროდ, შენგელია არ დაშავებულა, დეტროიტელებმა კი მსაჯისგან ნაბოძები საჯარიმო სროლები შეირგეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 5 მოხსნა, 2 ქულა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველ ფორვარდს თამაშიდან სროლები არ წაუვიდა - თორნიკემ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა.

ბრუკლინელთა შორის 17 ქულით საუკეთესო ტაიშონ ტეილორი იყო, ხოლო გასულ დრაფტზე 22-ე ნომრად აყვანილმა მეისონ პლუმლიმ შეხვედრა 14 მოხსნით და 10 ქულით დაასრულა.

მომდევნო შეხვედრას "ბრუკლინი" 8 ივლისს, "მაიამის" წინააღმდეგ გამართავს, 10-ში "იუტას" ეთამაშება, ხოლო 11-ში - "ჰიუსტონ როკეტსს".

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული