ვიქტორ სანიკიძე: არც მე ვარ ტრავმირებული და არც შერმადინი

AutoSharing Option
5 ოქტომბერს, დუდუ დადიანის მემორიალის მსვლელობისას, დარბაზში გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე. მასთან მისალმების შემდეგ ერთ კითხვას ყველა სხვადასხვა ინტერპრეტაციით უსვამდა: რატომ ჩამოხვედი?

შეკითხვა ლოგიკურია, რადგან ვიქტორი ყველას ესპანეთში გვეგონა. მისი "სარაგოსა" წინასასეზონო მატჩებს ამთავრებს და მომდევნო კვირაში ესპანეთის ჩემპიონატშიც ჩაერთვება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში არც სანიკიძეს და არც მის თანაგუნდელ გიორგი შერმადინს არ უთამაშიათ. ამის მიზეზად ზოგიერთ საიტზე მცირე ტრავმები დასახელდა...

სანიკიძემ დაგვამშვიდა:

"არც მე ვარ ტრავმირებული და არც შერმადინი. "სარაგოსამ" ბოლო ამხანაგური თამაში რომ ჩაატარა,
ესპანეთში არ ვიყავით, სტამბუ
ლის აეროპორტის გავლით საქართველოში მოვფრინავდით.

სავიზო საკითხებისთვის საქართველოში ჩამოსვლა მოგვიწია. ერთ-ორ დღეში ყველა საქმეს მოვაგვარებთ და სარაგოსაში დავბრუნდებით. მომავალ უქმეებზე კი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი მატჩი გველის".

ამხანაგური შეხვედრების მიხედვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სანიკიძე და შერმადინი წინა ხაზში გუნდის ლიდერები არიან.

სათამაშო დროც საკმარისი აქვთ და ქულებსაც უხვად აგროვებენ. საინტერესოა, ვინ არიან ქართველების კონკურენტები "სარაგოსაში".

"ხორვატი დამიან რუდეზი უფრო მსუბუქი ფორვარდია. როცა მოედანზე ერთდროულად ვართ, მძიმე ფორვარდის ფუნქციებს ვასრულებ. ამხანაგური მატჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებ, ძირითადად, მეოთხე ნომრის პოზიციაზე მომიწევს თამაში.

გიორგი შერმადინს კონკურენტად თანაამპლუელი ახალგაზრდა ესპანელი ჰყავს. ასე რომ, გიორგიზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული".


ვიქტორმა ჩვენთან ერთად ევროთასის მეტოქეები გააანალიზა. საინტერესოა, რომ ამ სეზონში გუნდები რეგიონული პრინციპით განაწილდნენ.

"სარაგოსას" წილისყრამ მეტოქეებად ბელგიური "მონსი", გერმანული "ალბა", ასევე გერმანული "ბონი", ფრანგული "გრაველინი" და იტალიური "რომა" არგუნა.

გერმანიაში თამაშის გამოცდილების მქონე ლაშა გამყრელიძემ, რომელიც ასევე დარბაზში, ვიქტორის გვერდით იყო, აღნიშნა, რომ "ალბა" ბოლო წლებში ყოველ სეზონში ძლიერი გუნდია და, სავარაუდოდ, წლეულსაც ასე უნდა იყოს.

შარშანდელ "ბონს" ქართველი გულშემატკივარიც კარგად იცნობს - ევროჩელენჯზე "არმიას" წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა.

რომაელებთან სანიკიძეს ბოლო წლებში არაერთი მატჩი ჩაუტარებია, 2009 წლიდან იტალიაში ასპარეზობდა. თუმცა, ძნელი სათქმელია, წლევანდელ სეზონში როგორი გუნდი იქნება "რომა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული