ლარი დრიუ: ზაზა ფაჩულიას მნიშვნელოვანი მისია დაეკისრება

AutoSharing Option
მილუოკურ გაზეთ "სენტინელში" ჟურნალისტმა ჩარლზ გარდნერმა საინტერესო პუბლიკაცია მოამზადა ზაზა ფაჩულიას შესახებ. იგი გაესაუბრა როგორც კალათბურთელს, ასევე მის მწვრთნელ ლარი დრიუს.

"ზაზა ფაჩულია და ლარი დრიუ მილუოკამდე ერთმანეთის გვერდით "ატლანტა ჰოქსში" მუშაობდნენ. 2013-14 წლების სეზონის მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისში ქართველი ცენტრი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა, ახლა კი მწვრთნელს საშუალება აქვს, თამაშებშიც გამოიყენოს.

- მოხარული ვარ, რომ ფაჩულია მწყობრშია და გვეხმარება. ცხადია, ვეცდებით, თავიდანვე ზედმეტად არ დავტვირთოთ. ვათამაშებთ, რომ სეზონის ოფიციალურ სტარტს კარგ ფორმაში შეხვდეს, - ამბობს ლარი დრიუ.

"მილუოკის" ორი საგამოფენო
მატჩი დარჩა - 23 ოქტომბერს "ნიუ იორკის", ხოლო 25-ში "ტორონტოს" წინააღმდეგ. NBA-ს სეზონს კი 30-ში ისევ "ნიუ იორკ ნიქსთან" შეხვედრით გახსნის.

რაც შეეხება ფაჩულიას, შეგახსენებთ, რომ მან აქილევსის მყესის ტრავმა თებერვალში მიიღო, ხოლო ოპერაცია აპრილის დასაწყისში გაიკეთა. ზაფხულში "ატლანტადან" "მილუოკიში" გადავიდა და წინახაზელ ლარი სენდერსს შეუწყვილდა.

- ზაზა ჭკვიანი კალათბურთელია, კარგად იცნობს სამწვრთნელო შტაბს და ჩემს საკალათბურთო შეხედულებებს. იგი მოგებისთვის არაფერს იშურებს, მზადაა, ყველა წვრილმანი საქმე კარგად შეასრულოს.

თამაშების ვიდეოგარჩევისასაც ძალიან გვეხმარება. ახლა მთავარია, ფაჩულია სათამაშო რიტმში დროულად ჩადგეს, - როგორც მიხვდით, ესეც დრიუს ნათქვამია.

ზაზა "ატლანტა ჰოქსში" ფანების ფავორიტი კალათბურთელი იყო. განსაკუთრებით მას მერე მოიპოვა პოპულარობა, რაც კევინ გარნეტთან იჩხუბა. იგი "მილუოკიში" 2004-05 წლებშიც თამაშობდა, შემდეგ "ჰოქსში" დიდი გამოცდილება მიიღო და "ბაქსში" NBA-ში ათწლიანი სტაჟის მქონე კალათბურთელად დაბრუნდა.

ქართველმა მეფარემ გასულ სეზონში 44 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 7.8 ქულასა და 7.9 მოხსნას აგროვებდა.

- ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ მოედანზე შრომა არასოდეს მეზარება, - აცხადებს ზაზა, - ვიცი ჩემი როლი გუნდში და ვცდილობ, ბოლომდე კარგად შევასრულო. ასე იყო "ატლანტაში" და ასე იქნება "მილუოკიში".

ნებისმიერ გუნდს სჭირდება მოედანზე ენერგია, ბევრი შრომა, მონდომება... ვთვლი, რომ მაქვს ერთი უპირატესობაც - მწვრთნელის სტრატეგიას კარგად ვიცნობ და ხელახლა შესწავლაზე დრო არ დამეხარჯება.

ამ სეზონის დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე ტაქტიკური სიახლე გვაქვს, რომელთა ათვისება რთული არ არის.

ისევ "მილუოკის" თავკაცს მოვუსმინოთ:

- როცა სრული დატვირთვით მოვარჯიშე ზაზა ფაჩულიას ვუყურებ, ვხვდები, რა აკლდა მის არყოფნაში გუნდს.

რეგულარულ სეზონში მას მნიშვნელოვანი მისია დაეკისრება. ზაზამ იცის, რას ვითხოვ მისგან როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. იგი ფიზიკურად ღონიერი კალათბურთელია და ძალიან დაგვეხმარება მეტოქეთა მძიმე ცენტრების წინააღმდეგ თამაშისას.

მაგალითისთვის: "მემფისთან" ლარი სენდერსმა, მარკ გასოლთან ბრძოლისას, ექვსი ჯარიმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

სხვა გზა არ გვქონდა - მარკის წინააღმდეგ მსუბუქი ჯონ ჰენსონი ვათამაშე. ზაზა რომ მყოლოდა, მარკ გასოლს მივუჩენდი და დაცვასაც გავაძლიერებდი.

საინტერესოა, თავად ფაჩულია როგორ გრძნობს თავს.

- კარგად ვარ, ფეხი აღარ მაწუხებს. რეაბილიტაციის პროცესმა გეგმიურად ჩაიარა, არ ავჩქარებულვარ და იმედი მაქვს, სეზონის დაწყებას ნორმალურ კონდიციებში შევხვდები."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული