ვიქტორ სანიკიძე: სეზონის უმნიშვნელოვანესი ჯახი გველის

AutoSharing Option
"სარაგოსას", რომელშიც გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ასპარეზობენ, 6 ნოემბერს რომის "ვირტუსთან" ევროთასის მატჩი ელის.

სამეულში მოხვედრისთვის ქართველთა გუნდმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს იტალიური.

"სარაგოსას" ლეგიონერი ვიქტორ სანიკიძე მნიშვნელოვანი თამაშის წინ არაგონელს "პრინსიპე ფილიპეს" არენაზე ეპატიჟება გუნდის საგულშემატკივროდ.

კვირას, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ზურგის ტკივილმა ჩვენებურს არ მისცა საშუალება, დიდხანს ყოფილიყო პარკეტზე.

"ყოველდღიურად თავს უკეთ ვგრძნობ. ჩვენი კლუბის ექიმი სასწაულებს სჩადის. დღეს ისე კარგად ვგრძნობ თავს, არა მგონია, ზურგმა სრულფასოვან ვარჯიშში ხელი შემიშალოს", - აცხადებს ვიქტორი.

"ამ სეზონში ჯერ არ გვითამაშია ასეთი
მნიშვნელოვანი მატჩი. აუცილებლად უნდა მოვიგოთ. იმედი მაქვს, ფანები ბლომად მოვლენ, რადგან მათი მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება. ვიცით, რომ "ვირტუსი" დიდი გუნდია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებულნი. უნდა გავიდეთ და მოვიგოთ, თუკი შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს"
.

სანიკიძისთვის "ვირტუსი" ნაცნობია: "გასულ სეზონში რამდენჯერმე მომიწია მათთან თამაში. რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ მეტოქეს, თუმცა ბევრი კალათბურთელი შეიცვალა".

ვიქტორი დაცვაში კარგი თამაშის აუცილებლობაზე ლაპარაკობს: "კვირას ჩვენ ვაჩვენეთ დაცვაში კარგი თამაში, რაც აქამდე ნაკლებად გამოგვდიოდა. ჩვენი უპირატესობა საკუთარი კედლებია და ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ ამ უპირატესობის გამოყენებას".

საკუთარ თავზე ლაპარაკისას მან აღნიშნა, რომ სულ უფრო გაუშინაურდა გუნდს და პროგრესირებს, მიუხედავად ფიზიკური დისკომფორტისა, რომელიც სპორტსმენთათვის თანმდევია.

ასევე იხილეთ:
სანიკიძისა და შერმადინის 31-მა ქულამ "სარაგოსას" ევროთასზე ვერ უშველა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული