17 ნოემბერს სამივე ერთ მოედანზე შეიკრიბა - ბურჯანაძის "კახასოლი" "სარაგოსას" წინააღმდეგ სათამაშოდ არაგონში ჩავიდა. წინასწარ გეტყვით, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 74:66.
სარაგოსელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი შერმადინთან ერთად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც პირველივე წუთებზე 5 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელებს მცირე უპირატესობა მოუტანა.
ვიქტორმა მონაგარს კიდევ 4 ქულა წაუმატა და მისი საბოლოო სტატისტიკა ასეთი იყო: 21 წუთი, 9 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი. ვიქტორმა 6-დან 6 საჯარიმო, 5-დან 1 სამიანი
ორქულიანებში ვერც გიორგი შერმადინი გამოირჩა: 8-დან 2 გამოიყენა, რასაც 5 საჯარიმო მიაყოლა (6-დან) და 9 ქულას 11 მოხსნა წაუმატა. შერმადინმა მოედანზე 28 წუთი გაატარა.
სათადარიგოთა სკამიდან პირველივე პერიოდში ჩაერთო თამაშში "კახასოლის" ქართველი ფორვარდი ბექა ბურჯანაძე. მან სულ 8 წუთი ითამაშა.
39-ე წუთამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ლომპარტის ორქულიანით ბოლოსწინა წუთზე "სარაგოსა" დაწინაურდა - 65:63, თუმცა მას მერე ჩეხი სატორანსკის აქტიურობის ხარჯზე "კახასოლმა" 9:1 გაქცევა მოაწყო და 74:66 მოიგო.
ამ შეხვედრამდე "სარაგოსას" "კახასოლზე" ერთით მეტი მატჩი ჰქონდა მოგებული, 17 ნოემბერს კი არაგონელებს გაუთანაბრდა. ორივე გუნდს 3-3 მოგება-წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.
შერმადინსა და სანიკიძეს უახლოესი შეხვედრა ევროთასზე ბელგიაში ელით - 19 ნოემბერს "მონსის" წინააღმდეგ ითამაშებენ.
ბურჯანაძის "კახასოლი" კი ევროსარბიელზე არ გამოდის და ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრისთვის 24 ნოემბერს კუნძულელ "გრან კანარიას" ესტუმრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"