ბურჯანაძემ სანიკიძესა და შერმადინს ორი ქულა აართვა

AutoSharing Option
ესპანეთის პირველობაზე სამი ჩვენიანი თამაშობს: ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე.

17 ნოემბერს სამივე ერთ მოედანზე შეიკრიბა - ბურჯანაძის "კახასოლი" "სარაგოსას" წინააღმდეგ სათამაშოდ არაგონში ჩავიდა. წინასწარ გეტყვით, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 74:66.

სარაგოსელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი შერმადინთან ერთად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც პირველივე წუთებზე 5 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელებს მცირე უპირატესობა მოუტანა.

ვიქტორმა მონაგარს კიდევ 4 ქულა წაუმატა და მისი საბოლოო სტატისტიკა ასეთი იყო: 21 წუთი, 9 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი. ვიქტორმა 6-დან 6 საჯარიმო, 5-დან 1 სამიანი
ჩააგდო და ხუთივე ორიანი ააცილა.

ორქულიანებში ვერც გიორგი შერმადინი გამოირჩა: 8-დან 2 გამოიყენა, რასაც 5 საჯარიმო მიაყოლა (6-დან) და 9 ქულას 11 მოხსნა წაუმატა. შერმადინმა მოედანზე 28 წუთი გაატარა.

სათადარიგოთა სკამიდან პირველივე პერიოდში ჩაერთო თამაშში "კახასოლის" ქართველი ფორვარდი ბექა ბურჯანაძე. მან სულ 8 წუთი ითამაშა.

39-ე წუთამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ლომპარტის ორქულიანით ბოლოსწინა წუთზე "სარაგოსა" დაწინაურდა - 65:63, თუმცა მას მერე ჩეხი სატორანსკის აქტიურობის ხარჯზე "კახასოლმა" 9:1 გაქცევა მოაწყო და 74:66 მოიგო.

ამ შეხვედრამდე "სარაგოსას" "კახასოლზე" ერთით მეტი მატჩი ჰქონდა მოგებული, 17 ნოემბერს კი არაგონელებს გაუთანაბრდა. ორივე გუნდს 3-3 მოგება-წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.

შერმადინსა და სანიკიძეს უახლოესი შეხვედრა ევროთასზე ბელგიაში ელით - 19 ნოემბერს "მონსის" წინააღმდეგ ითამაშებენ.

ბურჯანაძის "კახასოლი" კი ევროსარბიელზე არ გამოდის და ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრისთვის 24 ნოემბერს კუნძულელ "გრან კანარიას" ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული