შერმადინისა და სანიკიძის "სარაგოსამ" ევროთასის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის "სარაგოსას" ევროთასის მომდევნო ეტაპის საგზურის განაღდების დიდებული შანსი ერთი ტურით ადრე ჰქონდა.

საამისოდ აუცილებელი იყო უმოტივაციო (ჯგუფიდან გასვლის თვალსაზრისით) "რომას" მისსავე მოედანზე ძლევა, მაგრამ არაგონელებმა ეს ვერ მოახერხეს.

სამაგიეროდ, 10 დეკემბერსვე სარაგოსელთა უშუალო მეტოქე "ბონმა" სტუმრად "მონსთან" ოვერტაიმში 91:90 წააგო და მომდევნო ეტაპის საგზური სანიკიძესა და შერმადინს დაუთმო.

სადღეისოდ არაგონელებს 5 მოგება და 4 წაგება აქვთ და მესამე ადგილზე არიან. "ბონს" ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს მოგებული და მეოთხე პოზიციაზეა.

ბოლო ტურში "სარაგოსა" "გრაველინთან" რომ დამარცხდეს,
ხოლო ბონელებმა მოიგონ, ქულათა რაოდენობით კი დაეწევიან "სარაგოსას", მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებულ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით, მომდევნო ეტაპზე მაინც ესპანელები გავლენ (მეორე ჯგუფური ეტაპის "ვიზას" სამი საუკეთესო ინაღდებს).

"სარაგოსა" რომში მეორე პერიოდიდანვე დაწინაურდა და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, შერმადინის ზუსტი ტყორცნის შემდეგ, 10 ქულით იგებდა (71:61), მაგრამ დარჩენილ დროში უპირატესობა გაანიავა და 81:83 დათმო.

ქართველებმა მოგებისთვის არც ცდა დააკლეს და არც ქულები: სანიკიძემ 18 წუთში 10 ქულა, 8 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება გაიფორმა, ხოლო შერმადინმა 24 წუთში - 14 ქულა, 7 მოხსნა და თითო პასი-დაფარება.

ასევე 14 ქულა მოაგროვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა ქუინტონ ჰოსლიმ, რომელიც რომაელთა ღირსებას იცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული