Timeline: მ-შვიდ-ობაში!

AutoSharing Option
არც 20, არც 23
თორნიკე შენგელიას 19 იანვარს ველაპარაკე, 21-ში ჩიკაგოში უნდა ჩავიდე და წინასწარ არ ვიცი, რა ნომრის მაისურს ავირჩევო. ისიც დაამატა, საქართველოს ნაკრებში "23" ვარ და ამ ნომრიან მაისურს "ჩიკაგო ბულსშიც" სიამოვნებით მოვირგებდიო.

თუმცა თავადაც მოეხსენებოდა, რომ "ხარებში" მაიკლ ჯორდანის შემდეგ "23" აღარავის აცვია - მფრინავი მაიკლის სამუდამო მფლობელობაშია.

თორნიკე "ბრუკლინშიც" 20 ნომერი იყო და ბელგიურ "შარლერუაშიც", თუმცა "ჩიკაგოში" ოციანიც დაკავებული აღმოჩნდა - ტონი სნელს აცვია. გადავათვალიერე "ბულსის" შემადგენლობა და აღმოვაჩინე, რომ ქართველთათვის ყველაზე საპატიო რიცხვი "7" თავისუფალი
იყო.

- შვიდიანით ტონი კუკოჩი თამაშობდა, თუმცა, როგორც ვიცი, მას მერე ამ ნომრით სხვებიც გამოდიოდნენ. ჩავალ ჩიკაგოში და თუ საშუალება მომეცემა, პირველ რიგში 7 ნომერს დავადებ ხელს, - დასძინა შენგელიამ.

ასეც მოხდა და 22 იანვრის მატჩისთვის ახალთახალი ფორმა უკვე თორნიკეს კარადას ამშვენებდა. ამ მაისურის ფოტო "ფეისბუქზე" გავრცელდა და არათუ მოწონება, ბევრი გაზიარებაც დაიმსახურა.

ჩვენთვის რომ ვთქვათ, ამისთვის მართლაც ღირს ყველა საქმის გვერდზე გადადება, ყოველდღიური ოფლისღვრა და კალათბურთელობა. ოღონდ ბუნებამაც უნდა გიშველოს...

რატომ შვიდიანი?
კონკრეტული პასუხი არც თავად თორნიკეს აქვს, თუმცა საფუძველი იმისა, რომ ამ ნომრით ეთამაშა, ნამდვილად ჰქონდა.

მამამისი, კახა შენგელია თბილისის "დინამოში" 7 ნომერი იყო. თოკომაც პატარაობიდან აირჩია ეს რიცხვი - საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული, 20-წლამდელებით დამთავრებული, "შვიდიანი" არ გაუხდია.

Sportall.Ge

თუმცა ეროვნულ ნაკრებში ის დაკავებული იყო - 2004 წლიდან 2013-მდე ზაზა ფაჩულიას ციკლი არ გამოუტოვებია, ყოველ წელს 7-იანი მაისურით თამაშობდა.

როგორც შევიტყვე, ევრობასკეტი-2013-ზე ზაზას გამოსვლა რომ გამოირიცხა (აქილევსის მყესის ოპერაცია გადაიტანა), თავისი ნომერი თორნიკე შენგელიას დაუთმო.

თუმცა თოკოსაც ოპერაცია დასჭირდა (მუხლისა) და 7-ნომრიანი ფორმით სლოვენიის ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ამომავალმა ვარსკვლავმა, ფაჩულიას მამიდაშვილმა ბექა ბურჯანაძემ ითამაშა. სხვათა შორის, ბექა ესპანურ "კახასოლშიც" ამავე ნომრით ირჯება.

ხორვატიული ბარიერი

საინტერესო ციფრული ისტორია გადახდა NBA-ში მოხვედრილ ზაზა ფაჩულიას...

ხორვატები მხოლოდ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე როდი აღიმართნენ ბარიერად - 2003 წელს ზაზა ფაჩულია "ორლანდო მეჯიქში" რომ ჩაირიცხა, ცხადია, პირველ რიგში 7 ნომერი მოიკითხა, მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა: ხორვატმა გორდან გირიჩეკმა ქართველზე რამდენიმე დღით ადრე გააფორმა კონტრაქტი და "შვიდიანიც" მას შეხვდა. ფაჩულიამ გამოსავალი მოძებნა - 27.

მომდევნო სეზონში ზაზა "ორლანდოდან" "მილუოკიში" გადავიდა. იქ კი ლეგენდარული "ჩიკაგოს" მოჰიკანი ტონი კუკოჩი დახვდა. იცით, რომ ტონიც ხორვატია და NBA-ში ისიც 7 ნომრით თამაშობდა. ფაჩულია "მილუოკიშიც" "27"-ს დასჯერდა.

მომდევნო წელს ქართველმა ცენტრმა მესამედაც გამოიცვალა გუნდი, "ატლანტა ჰოქსში" გადავიდა, მაგრამ იქ არც ხორვატი აღმართულა წინაღობად, არც "შვიდიანი" იყო დაკავებული.

- რადგან NBA-ში 27 ნომრით შევაბიჯე, ორ გუნდში ზურგზე ეს რიცხვი მეწერა, გადავწყვიტე, "ატლანტაშიც" "27" ვიყო, - მითხრა ფაჩულიამ 2005 წელს ჯორჯიის შტატში პრეზენტაციის შემდეგ.

Sportall.Ge

შვიდი სეზონი
ვლადიმერ ბოისას ნაკრებში თავიდანვე არ შეხვდა 7 ნომერი და კარიერის დასრულებამდე ხუთიანით ითამაშა. სამაგიეროდ, ყველაზე იღბლიანი ქართველი აღმოჩნდა - ევროპა მოიარა და ზურგიდან რიცხვი 7 იშვიათად სცილდებოდა.

Sportall.Ge

სიმბოლურია, რომ ვოვას ევროლიგაზე საქართველოს ნაკრების წევრთა შორის ყველაზე მეტი, 7 სეზონი აქვს გატარებული. მან დაიწყო სლოვენიის "ოლიმპიათი", განაგრძო იტალიის "მონტეპასკით", შემდეგ იყო ესპანური "მენორკა", ხორვატიული "ზადარი", კარიერის ბოლოს ქართული "არმია". ხუთივე გუნდში შვიდი ნომრით თამაშობდა.

თუმცა იყო სამი კლუბი, სადაც "17", "11" და "12" ემოსა, შესაბამისად, "პანიონიოსში" (საბერძნეთი), "არისსა" (საბერძნეთი) და "სპარტაკ-პრიმორიეში" (რუსეთი).

რამდენი იყო სამეფო?
ჩემმა მეგობარმა როცა გაიგო თორნიკე შენგელიას "ჩიკაგოში" გადასვლისა და მისი მაისურის შესახებ, გაიკვირვა - რა არის ამ შვიდიანში მიმზიდველი, ყველა რომ ირჩევსო?

ვიზუალურად რომ შევხედოთ, "7"-ზე ლამაზად შეიძლება სხვა რიცხვი ჩანდეს, მაგრამ ქართველებისთვის შვიდი სხვა რამაა. თავად განსაჯეთ: თორნიკეს მაისურა რომ ვნახე, "ფეისბუქზე" ასეთი კომენტარი მივაწერე - "მ-შვიდ-ობაში"!

აი, რას წერს ივანე ჯავახიშვილი: "საქართველოს შვიდთა სამეფოს უწოდებენ, თუმცა ჩვენთან შვიდი სამეფო არ არსებულა. უბრალოდ, "შვიდი" აქ იმიტომაა დასახელებული, რომ წმინდა რიცხვია და ძველთაგანვე ბედნიერების მომტანად ითვლებოდა".

1918 წელს იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გერბიც შვიდქიმიანი იყო და ზედ შვიდი ციური სხეული ეხატა. განმარტებაში ვკითხულობთ: საქართველოს შვიდი ვარსკვლავის ქვეყანას ეძახდნენო... რომელ ვარსკვლავებზეა ლაპარაკი, ამ თემის განხილვა შუამდინარეთში მიგვიყვანს და სპორტული გაზეთის სპეციფიკასაც ძალიან გავცდებით...

...აქ მხოლოდ ერთი სიმბოლური დამთხვევის შესახებ მოგახსენებთ: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად 1995 წლიდან იბრძვის და შვიდი ციკლი დასჭირდა ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად. სხვათა შორის, ამ მოვლენასთან დაკავშირებულ, 2011 წელს გამოცემულ წიგნს ასე დავარქვით: "მეშვიდე ცაზე, მეშვიდე ცდაზე".

P.S. "ბულსის" მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ შენგელია 22 იანვარს "კლივლენდთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა, მაგრამ არ ათამაშა. მ-შვიდ-ად დაველოდოთ თოკოს ჩიკაგოურ დებიუტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატიაა ავტორ გაიხარე. თოკოს კი წარმატებები სულ წინ წინ გელვოს,
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული