ზაზა - მწვრთნელი და მკვლელი! - ექსკლუზიური პასები ფაჩულიასგან

AutoSharing Option
ნამატჩევს საინტერესო კომენტარი გააკეთა მილუოკელმა უკანახაზელმა კრის მიდლტონმა:

- ზაზა დიდებული გახლდათ. იგი გუნდის ლიდერად მოგვევლინა და ჩვენთვის მეორე მწვრთნელი იყო... მოედნის მწვრთნელი. ფაჩულიამ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ბურთსაც კარგად ათამაშებდა და თავისუფალ პარტნიორებს პასს წამითაც არ უგვიანებდა.

"მილუოკი ბაქსმა" ტრავმირებული ზაზა ფაჩულიას გარეშე 28 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 5 მოიგო.

ქართველი ცენტრი მოედანს დაუბრუნდა და მეორე შეხვედრაშივე გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვა. ეს გადამეტებული ნათქვამი რომ არ არის, ვინც მატჩი იხილა, ისიც დაგვეთანხმება და თამაშის შემდგომი კომენტარებიც
დაგვემოწმება.

გადამწყვეტი

დავიწყოთ ბოლო წუთების დრამით: საფინალო სირენამდე 2:59 წუთი რჩებოდა, როცა მილუოკელთა მეფარე ლარი სენდერსმა მეხუთე ჯარიმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანს ფაჩულია დაუბრუნდა.

1:53-ით ადრე ზაზამ გვერდითი ხაზიდან შეტანილი ბურთი მიიღო, თავისუფალი პარტნიორი ვერ მოძებნა და თავად შევიდა მეტოქის ფარქვეშ - 94:92 "მილუოკის" სასარგებლოდ.

0:49... მიდლტონმა საჯარიმოებით მასპინძელთა უპირატესობა ოთხამდე გაზარდა - 96:92.
0:44... ნიუიორკელმა სმიტმა სამქულიანით უპასუხა და 95:96.
0:27... საჯარიმოს სატყორცნი ხაზის გვერდით მდგომმა ფაჩულიამ ზურგს უკნიდან ფარული პასი გადააწოდა ბრენდონ ნაითს და სხვაობა სამამდე გაიზარდა (98:95). ამ მომენტში მატჩის კომენტატორი არა ნაითის ჩაგდებაზე, არამედ ფაჩულიაზე ალაპარაკდა - ცენტრისგან ასეთი ექსკლუზიური პასები იშვიათად თუ გვინახავსო.

0:19... იორკელმა ენტონიმ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თავის სნაიპერობაში: სამქულიანი... და კვლავ ფრე - 98:98.

0:02... მილუოკელმა ნაითმა დრო გაიყვანა და კარმელოს არ ჩამორჩა, მატჩის მომგები სამქულიანი ჩააგდო - 101:98.

0:00... გვერდიდან შეტანილი ბურთი კვლავ ენტონიმ მიიღო, თუმცა მასთან, ილიასოვას გარდა, ფაჩულიაც გაჩნდა და რგოლს საერთოდ ააცილა. "მილუოკიმ" სეზონში მეცხრე მატჩი მოიგო.

ნოემბრის შემდეგ
14 ნოემბრის მერე ზაზა ფაჩულიამ პირველად გადალახა 10-ქულიანი ბარიერი. "ნიუ იორკთან" მან 18 წუთში 12 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა მოაგროვა. პასივში თითო ფოლი-შეცდომა ჰქონდა.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში "მილუოკი" ქულებს სწრაფი შეტევებით აგროვებდა, რაც, უმთავრესად, მხტუნავი ბერძნის, 19 წლის იანის ანტეტეკოუნმპოს დამსახურება იყო. მან მატჩი 15 ქულით დაასრულა. ბომბარდირი და გმირი კი ერთი კაცი იყო, ბრენდონ ნაითი - 25 ქულა.

შეფასებები

გამოცემა ESPN-ზე "მილუოკის" ყველა კალათბურთელია შეფასებული. ზაზა ფაჩულიას B პლუსით უწერია. A (ოღონდ მინუსით) მხოლოდ ორმა მილუოკელმა დაიმსახურა - მიდლტონმა და ნაითმა.

აი, რა წერია ფაჩულიას დახასიათებაში: "ანტეტეკოუნმპო და ნაითი ფაჩულიას უნდა უმადლოდნენ, რომელმაც გუნდი საბრძოლო იშტაზე დააბრუნა. ზაზას ფიზიკური მონაცემების წყალობით, "ბაქსმა" "ნიუ იორკს" ფარქვეშ არაფერი დაუთმო და ტაისონ ჩენდლერის გარჯაც ქარს გაატანა".

კიდევ უფრო საინტერესოა იანისის (B პლუსით) დახასიათება: "ბოლო პერიოდში "მილუოკი" 10 ქულით რომ დაწინაურდა, ანტეტეკოუნმპოს დამსახურება იყო, თუმცა მას დიდად დაეხმარნენ ფაჩულია და ილიასოვა. ისინი ახალგაზრდა ბერძენს პასებს არ უგვიანებდნენ. შეიძლება ითქვას, "ბაქსის" არც ერთი კალათბურთელი ისე არ ცდილობდა, თავისუფალ პოზიციაში მყოფი ანტეტეკოუნმპო მოეძებნა, როგორც ფაჩულია. NBA-ს დებიუტანტს კი სწორედ პასი სჭირდება."

დრომ იმატა
"ჩიკაგო ბულსის" შემადგენლობაში მეორე თამაში ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. იგი მწვრთნელმა "საკრამენტო კინგსთან" შეხვედრის ბოლო სამი წუთი ათამაშა. ერთადერთი, რაც თოკომ მოასწრო, ფარქვეშ ერთი ტრიალით შესვლა იყო, თუმცა მსაჯებმა გარბენი დააფიქსირეს.

"ჩიკაგომ" კი "მეფეებთან" დიდი სხვაობით წააგო - 70:99.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული