გიორგი შერმადინით "ოკლაჰომა" დაინტერესდა?

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის დაბრუნებით ბერძნული "ოლიმპიაკოსი" სერიოზულად რომ დაინტერესდა, უკვე დავწერეთ. ახლა კი უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ, საიდან გამჟღავნდა "ოლიმპიაკოსის" ზრახვები და რა პასუხი მიიღეს ბერძნებმა.

გიორგის გადაბირება ბერძნულ გრანდს რომ სურს, ესპანელი ჟურნალისტებისგან შევიტყვეთ.

"რეალთან" სათასო თამაშის შემდეგ მედიელებმა "სარაგოსას" მთავარ მწვრთნელ ხოსე ლუის აბოსს მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს. მწვრთნელმა მხრები აიჩეჩა: "ოლიმპიაკოსის" ინტერესის შესახებ არაფერი მსმენიაო.

ვთარგმნოთ გამოცემა "სოლობასკეტის" სტატია და დავრწმუნდებით, რომ ინტერესი მართლაც სერიოზულია:

"ბერძნულმა "ოლიმპიაკოსმა" "სარაგოსას" წინადადებით მიმართა. პირეოსელებს 216 სმ სიმაღლის, 24 წლის გიორგი შერმადინის გადაბირება
სურთ. არაგონელები მზად არიან, წინადადება მოისმინონ.

შერმადინი გასულ სეზონში სწორედ "ოლიმპიაკოსში" გამოდიოდა და ზაფხულში "სარაგოსაში" გადავიდა. იგი ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 12.6 ქულასა და 6.1 მოხსნას აგროვებს.

"ოლიმპიაკოსი" ცენტრის პოზიციის გასაძლიერებლად კალათბურთელს ეძებს და მთავარ მწვრთნელს ყველაზე სასურველ ვარიანტად სწორედ შერმადინი მიაჩნია.

"სარაგოსადან" პასუხმა არ დააყოვნა. გუნდის სპორტული დირექტორი ვილი ვილიარი ამბობს, რომ გიორგი შერმადინის გაყიდვა მის გეგმებში არ შედის. თუმცა გუნდთან დაახლოებული წყაროს თქმით, მოლაპარაკება მაინც შედგება, რადგან "ოლიმპიაკოსი" შერმადინის უსასყიდლოდ წაყვანას ნამდვილად არ აპირებს.

ბერძნული წყაროების თქმით, თუ ტრანსფერი შედგა, "სარაგოსა" პირეოსელებისგან 200 ათას ევროს მიიღებს."

* * *

საინტერესოა, რას ფიქრობს თავად კალათბურთელი და სურს თუ არა გუნდის შუა სეზონში გამოცვლა. როგორც შერმადინმა აღნიშნა, ნამდვილად არ ფიქრობს "სარაგოსას" დატოვებაზე, გუნდთან ერთად სეზონის ჩამთავრებას აპირებს.

სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით დავუკავშირდით გიორგის მწვრთნელ ჯამლეტ ხუხაშვილს. აი, რა გვითხრა მან:

- ბერძნული "ოლიმპიაკოსი" მართლაც სერიოზულად იყო გიორგის გადაყვანით დაინტერესებული, თუმცა შეთანხმება არ შედგა, რადგან პირობები არ იყო მისაღები. გარდა ამისა, შერმადინი "სარაგოსაში" თავს კარგად გრძნობს, სათამაშო დროც საკმარისად აქვს და ამ ეტაპზე კლუბის გამოცვლა სასურველი ნამდვილად არ არის.

"ოლიმპიაკოსი" ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია, ახლაც ამ შეჯიბრებაში ასპარეზობს და მისდამი სკაუტების ყურადღებაც დიდია, თუმცა გასულ უქმეებზეც დავრწმუნდით, რომ კალათბურთელისთვის არც ესპანეთის ჩემპიონატის საპლეიოფო გუნდია ცუდი ვარიანტი - "სარაგოსას" ხომ "რეალთან" და "ბარსელონასთან" უწევს თამაში და საერთოდაც, ესპანეთის ჩემპიონატისადმი სკაუტების ინტერესი მეტად დიდია.

პირინეული გრანდების წინააღმდეგ შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის დამაჯერებელ თამაშს თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად არ არის გამორიცხული, მომდევნო სეზონში თუნდაც "რეალი" და "ბარსა" დაინტერესდნენ ჩვენიანებით. სადღეისოდ კი ევროპაში სწორედ ესპანელები კარნახობენ ამინდს.

* * *

სკაუტებზე შემთხვევით არ დაგვიწერია, ოკეანისგაღმელი აგენტები ესპანეთის სამეფო თასსაც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს. "რეალი"-"სარაგოსას" მატჩის შესვენებისას ტელეჟურნალისტი NBA-ს გუნდის, "ოკლაჰომას" დამკვირვებელს გამოელაპარაკა და "სარაგოსას" წევრებზეც ჰკითხა. პასუხად ეს მიიღო:

- ესპანეთის სამეფო თასზე უმაღლესი კლასის გუნდები თამაშობენ და მათი კალათბურთელები ჩვენთვის საინტერესონი არიან.

"სარაგოსადან" ქართველებზე გავამახვილებდი ყურადღებას, სანიკიძე და შერმადინი გუნდის ლიდერები არიან. მიმზიდველია ქართველი ცენტრის მონაცემები და სროლის სიზუსტე - შერმადინი საჯარიმოებს უბადლოდ ტყორცნის, რაც ბევრ მეფარესთან შედარებით, მას დიდ უპირატესობას ანიჭებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ სათაურის დამწერს ურო უნდა ურტყა თავში, იმიტომ რომ ტყუილით ცდილობას მკითხველთა მიზიდვას.

რაღაცას რომ იღებ ვიღაცისგან, ის მაინც გაარკვიე შვილო რას იღება. ასე ცივილურ ქვეყნებში ნამდვილად არ იქცევიან, უბრალოდ ამგავს ფუთავენ ლამაზად, დაიმახსოვრე!!!
Sason Hogi
15:49 12-02-2014
0
სათაური მაგარია.
ჯ.ჩ.
12:48 11-02-2014
0

სიახლეები პოპულარული