"სარაგოსამ" მადრიდში იმარჯვა - ვიქტორ სანიკიძე საუკეთესოა

AutoSharing Option
ესპანურ "სარაგოსაში" თანამემამულის გარეშე დარჩენილი ვიქტორ სანიკიძე წარმატებით ასპარეზობს. გიორგი შერმადინის ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" გაშვების შემდეგ სარაგოსელებმა პირველი მატჩი გამართეს და მათთან დარჩენილი მეორე ქართველის დიდი თანამონაწილეობით, გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს.

"სარაგოსა" ესპანეთის დედაქალაქში "ფუენლაბრადას" დაუპირისპირდა და 9 ქულის სხვაობით - 81:72 დაამარცხა. სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი სანიკიძემ დააფიქსირა. მას ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) ჰქონდა.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სარაგოსელთა შორის მოედანზე ყველაზე მეტ ხანს დაჰყო. 31,31 წუთში სანიკიძემ 4-დან 3ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

13 ქულასთან ერთად, ვიქტორმა 7 მოხსნა და 3 პასიც მოაგროვა და დამსახურებულად გახდა საუკეთესო.

"სარაგოსაში", სანიკიძის მსგავსად, 13 ქულა კიდევ 2-მა კალათბურთელმა - მაიკლ როლმა და იონ სტეფანსონმა მოაგროვეს, ხოლო 14 ქულით ბომბარდირი შერმადინის შემცვლელი ჰენკ ნორელი გახდა.

მადრიდელთაგან 17 ქულით საუკეთესო ჯეიმს ფელდეინი იყო, ხოლო ენდი პანკომ 13 ქულა მიითვალა.

13 მოგებითა და 8 მარცხით "სარაგოსა" მე-6 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება მის წინ მყოფ "უნიკახას" და "გრან კანარიას". მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი სწორედ გრანკანარიელებთან გამართავს.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული