"მილუოკი" იგებს მაშინ, როცა ზაზა ფაჩულიასა და ბრენდონ ნაითს თამაში მისდით

AutoSharing Option
კალათბურთი გუნდური სპორტია და ერთ მოთამაშეს ნამდვილად არ ხელეწიფება ამა თუ იმ მატჩის მარტოს მოგება, მით უმეტეს, NBA-ში, მაგრამ გარკვეული კანონზომიერების გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად დავწეროთ - "მილუოკი" იგებს მაშინ, როცა ზაზა ფაჩულიასა და ბრენდონ ნაითს თამაში მისდით.

ასე იყო "მემფისთან" (ბოლო წამებზე სწორედ ზაზას ბლოკის შემდეგ გამოთავისუფლდა ნაითი), "ოკლაჰომასთან" და ახლა "მაიამისთან". "მილუოკიმ" ფლორიდიდან ღირებული გამარჯვება წაიღო - 91:84.

უფრო კონკრეტულადაც მოგახსენებთ: პირველი ტაიმის ბოლოს "მაიამი" 12 ქულით დაწინაურდა, თუმცა მესამე პერიოდში მილუოკელებმა ჩამორჩენის გაბათილება მოახერხეს და მეოთხე რაუნდის წინ
64:58 დაწინაურდნენ. გადამწყვეტი პერიოდის დაწყება და "ბაქსის" კიდევ უფრო წინ გაჭრა ერთი იყო - 6 წუთში ჩაგდებული 14 ქულიდან 7 ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე ჩაიწერა. ქართველმა ცენტრმა თანაგუნდელებს ამ მონაკვეთში ერთი პასიც მიაშველა.

დაცვაში კი, მოწინააღმდეგეს ფარქვეშ რომ არაფერი გამოსდიოდა, სწორედ ზაზას დამსახურება იყო. თავად განსაჯეთ: სამწამიანი ზონიდან "მილუოკიმ" 46 ქულა ჩააგდო, "მაიამიმ" - 24. კრის ბოშსა და კრის ანდერსენს ძალიან უჭირდათ ქართული კედლის გადალახვა. ბოშმა თამაშიდან 1-ჯერ სტყორცნა და მხოლოდ 2-ჯერ მიაღწია მიზანს. ანდერსენს კი, საჯარიმოებს თუ არ ჩავთვლით, ბურთი ერთხელაც არ უსვრია.

ფაჩულიამ საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე მორიგი ორქულიანი რომ ჩააგდო, სტუმრები 8 ქულით დაწინაურდნენ (78:70). დარჩენილ დროში ასეთი უპირატესობის შენარჩუნება უფრო იოლია, ვიდრე გაფლანგვა, თუმცა "მილუოკის" დიდი ოფლისღვრა დასჭირდა შეხვედრის გამარჯვებამდე მისაყვანად. პირდაპირ ვთქვათ: რომ არა ბრენდონ ნაითი, "მაიამი" თამაშს შემოატრიალებდა. ბრენდონმა ბოლო სამ წუთში ერთმანეთის მიყოლებით სამი "მკვლელი" სამქულიანი ჩააგდო და დუეინ უეიდის გარეშე მოთამაშე მაიამელები მათსავე მოედანზე შეარცხვინა.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე ძირითად ცენტრ, ლარი სანდერსზე მეტი დრო გაატარა. 25 წუთში ფაჩულიამ 9-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ზაზას საბოლოო ჯამში 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა.

მილუოკელთაგან 20 ქულით ბრენდონ ნაითი გამოირჩა, 13 ქულა ჰქონდა ჯაბარი პარკერს, ხოლო ლარი სანდერსს და იანის ანტეტოკოუმპოს ფაჩულიას მსგავსად, 11-11 ქულა დაუგროვდათ.

მაიამელთაგან მარიო ჩალმერსი (18 ქულა) და შონ უილიამსი (13) გამოირჩნენ.

"მილუოკი ბაქსმა" მოგება-წაგებათა მაჩვენებელი გაითანაბრა (5:5) და აღმოსავლეთის კონფერენციაში "მაიამისთან" ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერტხელ ესროლა და მხოლოდ ორჯერ მოარტყაო მიზანს?
Mindia
15:26 18-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული