11:43 19-11-2014
ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი NBA-ს სეზონში [VIDEO]
AutoSharing Option
ლარი სანდერსს ფეხი აწუხებდა და ნუიორკელებთან მატჩში არ უთამაშია, სასტარტო ხუთეულში მყოფი ფაჩულია კი მილუოკელთაგან საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა შესანიშნავად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე - შეტევაში.
"ნიუ იორკთან" მატჩში ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში რამდენიმე პირადი რეკორდი დაამყარა - 34:33 წუთი, 14 ქულა, 13 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე), 4 პასი კი 11 ნოემბერს "ოკლაჰომასთან" ნაჩვენები შედეგის გამეორებაა.
ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ფორვარდმა მილუოკელების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
ფრედ დასრულებული პირველი მეოთხედის (30:30) შემდეგ ჯეისონ კიდის გაწვრთნილმა "ბაქსმა" შესანიშნავი მეორე პერიოდი ჩაატარა, რომელიც 36:19 მოიგო და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე 12-წუთეულში "ბაქსმა" შეინარჩუნა ხელჩასაჭიდი ლიდერობა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი 13 ქულით დათმო, საბოლოოდ მაინც გამარჯვებას მიაღწია - 117:113.
გადამწყვეტ, ბოლო წუთებში, როცა ნიუიორკელებმა ჩამორჩენა შეამცირეს და სიტუაცია დაძაბეს, ფაჩულია მოედანზე იყო და საკუთარი დიდი გამოცდილებით გონივრულად იბრძოდა მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად. ბოლო წუთზე ნიუიორკელთა აღებული ტაქტიკური ჯარიმები ქულებად ჯარედ ბეილისიმ აქცია, რომელმაც ბოლო წამებზე 6 ცდიდან 5 საჯარიმო ჩააგდო და "მილუოკის" გამარჯვება გაუნაღდა.
ფაჩულიამ 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 13-დან მეტოქის ფარზე მოხსნილი 7 ბურთი კი მილუოკელებისთვის ნაჩუქარი ხელახალი 7 შეტევის ტოლფასია.
ქართველმა ცენტრმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, თუმცა 4 პასი გასცა და ბურთი 2-ჯერ ჩაჭრა. ფაჩულიას დარად, 14 ქულა მიითვალა და 9 პასი გასცა ბრენდონ ნაითმა, ბომბარდირი კი 20 ქულის ჩამგდები თურქი ერსან ელიასოვა გახდა.
ფაჩულიას ვერაფერი მოუხერხა ნიუიორკელთა ბებერმა ცენტრმა სამუელ დალამბერმა. სახელგანთქმულმა ამარე სტუდემაიერმა შეტევაში ქართველივით 14 ქულა კი დააგროვა, თუმცა დაცვაში ზაზას ვერ უმკლავდებოდა, ვერც აცილებული ბურთების მოხსნაში გამოირჩა ქართველივით.
ნიუიორკელთა ბომბარდირი კარმელო ენტონი გახლდათ, რომელსაც 26 ქულა მოგებით არ დაუფასდა. 21 ქულა მიითვალა ტიმ ჰარდევეი უმცროსმა, ხოლო საუკეთესო შედეგი იმან შამპემ დააფიქსირა - 21 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი.
6 მოგებითა და 5 წაგებით "მილუოკის" სეზონის საუკეთესო დასაწყისი აქვს ბოლო წლებში. ამ შედეგით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 საფეხურზე "მაიამის" გაუთანაბრდა.
მომდევნო მატჩი მილუოკელებს 20 ნოემბერს ბრუკლინში, "ნეთსთან" ელით.
წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული