19-19-19 - გიორგი შერმადინი ფორმაში შედის!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა "კანტუსთან" ერთად ევროთასის მორიგი ტურის მატჩი ითამაშა.

მისმა გუნდმა ურთულესი შეხვედრა შემოატრიალა და 79:69 გაიმარჯვა. შერმადინმა კი დაგვანახვა, რომ ფორმაში ნელ-ნელა შედის და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მაღალი კლასი.

მან "კანტუს" 19-ნომრიანი მაისურით 19 წუთი ითამაშა და იმდენი მოახერხა, რომ მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19-ს უწია. იმ დროში, რაც გიორგიმ მოედანზე გაატარა, ეს მეტად მაღალი მაჩვენებელია.

აქვე გთავაზობთ შერმადინის სრულ სტატისტიკას და მატჩის მსვლელობის შესახებ შემდეგ ვთქვათ: 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო, 6 ქულა, 6
მოხსნა (3 მეტოქის, 3 საკუთარ ფარზე), 2 პასი და 2 დაფარება.

გიორგიმ ერთი ფოლი მიიღო, მასზე კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ. მარგი ქმედების კოეფიციენტით იგი თანაგუნდელთაგან საუკეთესო იყო, მეტოქის რიგებში კი ამერიკელ ტორინ გრინს ჩამორჩა, რომელიც საოცრად სარგებლიანი იყო. გრინის (საქართველოს ნაკრებში 2010 წელს თამაშობდა) მქკ-მა 29-ს მიაღწია, 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულას მოუყარა თავი. ისევე, როგორც შერმადინი, გრინიც განსაკუთრებით სასარგებლო მატჩის ბოლოს იყო, თუმცა, ვისმა შედეგიანობამ მოიტანა გამარჯვება, დასაწყისში უკვე გითხარით.

პირველი ტაიმი სტუმარი "ვილერბანისა" იყო. ფრანგულმა გუნდმა მესამე პერიოდში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და როდესაც შერმადინი მოედანს დაუბრუნდა (26-ე წუთზე), "ვილერბანი" 49:42-ს იგებდა. მანამდე ქართველ ცენტრს მხოლოდ 5 წუთი ჰქონდა ნათამაშები, ქულათა მონაგარშიც ნული ეწერა და მოხსნებშიც.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში გიორგიმ ჯერ თავად ჩააგდო 5 ქულა, შემდეგ კი, თანაგუნდელს პასი "ლანგრით" რომ მიართვა, "კანტუ" (მეორე ტაიმში) პირველად დაწინაურდა - 57:56.

სტუმრებს ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდება გაუჭირდათ. მათ ვეღარც გამოცდილი დევიდ ანდერსენი შველოდათ. მხოლოდ ტორინ გრინის სამქულიანებით კი ფონს ვერ გავიდნენ და "კანტუმ" მეტად ღირებული გამარჯვება მოიპოვა.

ამ მოგებით იტალიელები სატურნირო ცხრილში "ვილერბანს" გაუთანაბრდნენ (3-3 მოგება, 5-5 წაგება) და მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო კვარტეტი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, გამსვლელის ვინაობას "კანტუსა" და "ვილერბანს" შორის ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გაარკვევს. პირველი მატჩი იტალიელებს 8 ქულით ჰქონდათ წაგებული, ახლა 10-ით მოიგეს, რაც უპირატესობას მათ ანიჭებთ. პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მეგონა 19 ქულა, 19 მოხსნა და 19 პასი გააკეთა ...
zura1504
11:41 04-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული