ნიკოლოზ ცქიტიშვილი: სწორედ ახლა ვთამაშობ კარიერაში საუკეთესო კალათბურთს

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერაში ახალ ნაბიჯს დგამს, NBA-ში ბრუნდება. შეგვიძლია თამამად დავწეროთ - დაბრუნდა, რადგან ნიკამ "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც ამერიკული წყაროები იუწყებიან, ხელშეკრულება არაგარანტირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში კლუბს კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს.

წინასწარ რთული სათქმელია, როგორ აეწყობა ნიკას კლიპერსული კარიერა, თუმცა, მთავარია, რომ კალათბურთელი დიდი ხანია, ლოს ანჯელესში აქტიურად ვარჯიშობს და ახალი სეზონისთვის ემზადება.

"32 წლისა ვარ, თუმცა თავს შესანიშნავად ვგრძნობ, - ამბობს ცქიტიშვილი, - ასაკის მომატებასთან ერთად გამოცდილებაც მომიგროვ
და, გაცილებით ღონივრად ვარ და თვითრწმენაც საკმარისად მაქვს. ასე რომ, ახალი გამოწვევისთვის მზად გახლავართ".

215 სმ სიმაღლის ქართველი ფორვარდი "დენვერ ნაგეტსმა" დრაფტზე რომ აიყვანა, 19 წლისა იყო, არც გამოცდილება ჰქონდა და არც სათამაშო პრაქტიკა საიმისოდ, რომ ახალგაზრდულ ასაკში NBA-ში ფეხი მოეკიდებინა. "დენვერში" მან 143 მატჩი ჩაატარა, 3.2 ქულასა და 1.9 მოხსნას აგროვებდა.

"ნაგეტსიდან" იგი "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, შემდეგ იყო "მინესოტა ტიმბერვულვზი", "ფინიქს სანსი", "ნიუ იორკ ნიქსი", თუმცა სათამაშო დროის საძიებლად ნიკა ევროპაში დაბრუნდა. ითამაშა ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებში, თუმცა ბოლო წლებში აზიაში ცდის ძალებს. როგორც თავად ამბობს, ირანსა თუ ლიბანში დაფასებაც საკმარისად აქვს და არც სახელფასო ფონდი ჩამოუვარდება ევროპული კლუბებისას.

გასული სეზონი სკიტამ ლიბანურ "შამპვილში" გაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. მართალია, ქვეყნის ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ რიგ მატჩებში 52 ქულამდეც ადიოდა. შედეგად, იგი ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს და სიმბოლურ ნაკრებშიც დამსახურებლად მოხვდა.

2014 წელს "მაიამი ჰიტმა" აიყვანა ჰასან უაითსაიდი, რომელიც რამდენიმე წელი ლიბანის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ჰასანმა გაამართლა, არაერთი NBA-ური მატჩი ჩაატარა ეფექტურად და სწორედ მისმა გამოჩენამ განაპირობა მეტი ინტერესი ლიბანის ჩემპიონატისადმი. ლოგიკური იყო საუკეთესო ლეგიონერის, ნიკა ცქიტიშვილისადმი ინტერესის გაჩენაც. კლიპერსელთა მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა ქართველი ფორვარდი საწვრთნელ შეკრებაზე მიიწვია და... დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ნიკას "ლოს ანჯელეს კლიპერსში" დარჩენა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საგამოფენო მატჩებში თამაშის ხარისხზე. კლიპერსელები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 ოქტომბერს ჩაატარებენ. მათი მეტოქე ნიკას ყოფილი კლუბი "დენვერ ნაგეტსი" იქნება.

"100-ჯერ უკეთესი ვარ, ვიდრე ათი წლის წინ ვიყავი. ეს შეიძლება გუნდებისთვის მთლად გასაგები არ იყოს, რადგან ისინი კალათბურთელის აყვანისას ასაკსაც დიდ მნიშვნეობას ანიჭებენ. თუმცა, თუ შემეკითხებით, თამამად გეტყვით, რომ სწორედ ახლა ვარ საუკეთესო ფორმაში, სწორედ ახლა ვთამაშობ კარიერაში საუკეთესო კალათბურთს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორ გვაკლდი ევრობასკეტზე ნიკოლოზ...შესაძლებელი იყო ეხლა ლიტვის მაგივრად ჩვენ გვეთამაშა ფინალში...
გიო
12:41 19-09-2015
0
"თამამად გეტყვით, რომ სწორედ ახლა ვარ საუკეთესო ფორმაში, სწორედ ახლა ვთამაშობ კარიერაში საუკეთესო კალათბურთს". - ღმერთმა გისმინოს ჩემო ნიკა. ყველას გაგვიხარდება შენი წარმატება!
გამარჯვებებს გისურვებ!
ლევანი
13:06 19-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული