ნიკა მეტრეველი სერია A-ს "კაპო დ'ორლანდოს" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა მეტრეველი იტალიაში დაბრუნდა. იგი სერია A-ს წარმომადგენელ "კაპო დ'ორლანდოში" ითამაშებს.

ეს გუნდი იტალიის უმაღლეს ლიგაში 2014 წელს აღზევდა, გასული სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა, 2015-16 წლების სეზონისთვის კი პლეი ოფში მოხვედრას ისახავს მიზნად და შემადგენლობაშიც არაერთი ცვლილება განხორციელდა.

ორლანდოელებს მეტად საინტერესო ვეტერანთა ტრიო ჰყავთ - ჯანლუკა ბაზილე, მატეო სორანია და ანდრეა პეჩილე. თავის დროზე სამივეს მაღალ დონეზე უთამაშია იტალიის ნაკრებში.

რაც შეეხება ნიკა მეტრეველს, იგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ხორვატიასა და საფრანგეთში იყო. ლიტვასთან მერვედფინალში დამარცხების შემდეგ ნიკა
ეროვნული გუნდის წევრების უმეტესობასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია მისი კაპო დ'ორლანდოში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

მეტრეველს იტალიის არაერთ კლუბში უასპარეზია, თუმცა სერია A-ში 2011-12 წლების სეზონში თამაშობდა, "დინამო სასარის" ღირსებას იცავდა. 29 მატჩში საშუალოდ 3.6 ქულასა და 1.8 მოხსნას აგროვებდა. გასული სეზონი კი საქართველოს ჩემპიონ "შსს აკადემიაში" გაატარა, სტატისტიკა გაცილებით უკეთესი ჰქონდა: 13.2 ქულა, 7.1 მოხსნა.

იტალიის 2015-16 წლების ჩემპიონატი 4 ოქტომბერს დაიწყება. სადებიუტო შეხვედრაში "ორლანდო" გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ "კანტუს" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული