"ანდორა": ჩვენთვის გიორგი შერმადინი მოთამაშის ეტალონია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ქართველი ცენტრის ახალმა კლუბმა "ანდორამ" პრეზენტაცია გამართა, სადაც გიორგი შერმადინი წარადგინა და კლუბის ვებ-გვერდზე ამ ამბავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას "შერმადინი - ამბიციური ქართველი" უწოდა.

"ჩვენთვის შერმადინი მოთამაშის ეტალონია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ - განაცხადა ანდორული კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ფრანცისკო სოლანამ - ჩვენ გვსურს ახალ სეზონში გუნდი-სიურპრიზი გავხდეთ და მოვახერხოთ იმ 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა, რომელიც ჩემპიონატის პლეი ოფში და ქვეყნის თასის გათამაშებაში იასპარეზებს. ამის განხორციელებაში ჩვენ შერმადინის იმედი გვაქვს და გვჯერა,
რომ ის დიდ დახმარებას გაგვიწევს".

თავის მხრივ შერმადინმაც გააკეთა კომენტარი:

"ესპანეთში 2 წლის წინ ვთამაშობდი, "სარაგასაში" გატარებული სეზონი კარგად მახსენდება. საკმაოდ შედეგიანად ვთამაშობდი და ყველა კმაყოფილი იყო. იმედი მაქვს, ასე იქნება ანდორაშიც, სადაც საკმაოდ კარგი კალათბურთელები არიან თავმოყრილი. ყველა საკმაოდ მეგობრულია და ეს თბილი ატმოსფერო ყველას შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში დაგვეხმარება".

შერმადინის არაოფიციალური დებიუტი ანდორაში უკვე შედგა. ამხანაგურ მატჩში ანდორელები თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩას" შეხვდნენ და 85:104 დამარცხდნენ. შენგელიას არ უთამაშია, შერმადინი კი ანდორელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 22 წუთში 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ესპანეთის ჩემპიონატი 10 ოქტომბერს იწყება და ანდორელები ამ დღეს ლიგის ერთ-ერთ მოწინავე "ბილბაოს" უმასპინძლებენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული