გიორგი შერმადინს "ანდორას" მაისურით პირველ ტიტულამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა ახალ, ესპანურ გუნდში პირველი მატჩები ჩაატარა და "ანდორას" ხელმძღვანელობას დაუმტკიცა, რომ მისი აყვანით არჩევანში არ შემცდარან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა წინასასეზონო მოსამზადებელ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ორივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა.

შერმადინს თავდაპირველად "ხუვენტუდის" წინააღმდეგ მოუწია თამაში და ის მატჩში საუკეთესო შედეგიანობით გამოირჩა, ხოლო შემდეგ "ბარსელონას" დაუპირისპირდა და თავი არც აქ შეურცხვენია. მის გუნდს კი კატალონიური გრანდის დამარცხებამდე სულ მცირეოდენი დააკლდა.

"ბარსელონამ" კატალონიის თასს უმასპინძლა, სადაც თავი ოთხმა გუნდმა - მასპინძელმა "ბარსელონამ", "მანრესამ", "ხუვენტუდმა" და შერმადინის "ანდორამ" მოიყარეს. ნახევარფინალში
ანდორელებს მეტოქედ "ხუვენტუდი" ერგოთ, რომელიც 11 ქულით - 78:67 დაამარცხეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი შერმადინი, რომელიც ანდორელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:17 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 3 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ამ მაჩვენებლებით ქართველ ცენტრს არც საკუთარ და არც მეტოქე გუნდში ბადალი არ ჰყოლია.

ფინალში გასული "ანდორა" კატალონიის სათასო მატჩში მასპინძელ "ბარსელონას" შეხვდა, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ მატჩში "მანრესას" 78:65 სძლია. მატჩი ანდორელთა უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის უმეტეს ხანს მათივე ლიდერობით მიმდინარეობდა.

შერმადინი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 20:43 წუთი გაატარა. გიორგიმ 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 10 ქულა დააგროვა და ამას 7 მოხსნა (5 შეტევაში) და 2 შედეგიანი გადაცემა მოაყოლა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანდორელები 13 ქულით იგებდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ბარსელონელებმა საკუთარ კედლებში დამარცხება არ დაუშვეს - მეოთხე პერიოდი 28:12 მოიგეს და კატალონიის თასსაც დაეპატრონნენ. საბოლოოდ "ბარსამ" 68:65 იძალა.

ფინალის საუკეთესო მოთამაშედ ბარსელონელი პაუ რიბასი დასახელდა, რომელმაც 29 წუთში 26 ქულა მიითვალა (6-დან 6 ოქულიანი, 8-დან 8 საჯარიმო და 4-დან 2 სამიანი). ესპანეთის ჩემპიონატი 10 ოქტომბერს იწყება. ანდორელები პირველ ტურში "ბილბაოს" უმასპინძლებენ, თუმცა მანამდე არაერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული