"ანდორა" ტენერიფეში: ბურჯანაძე საუკეთესო, შერმადინი - ბომბარდირი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ბექა ბურჯანაძემ და გიორგი შერმადინმა 2016 წელი "ანდორაში" შედეგიანი მატჩით დახურეს. 30 დეკემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის XV ტურში, "ანდორა" სტუმრად "ტენერიფეს" დაუპირისპირდა და ქართველი ლეგიონერების კარგი თამაშის მიუხედავად, ანგარიშით 72:89 დამარცხდა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ბურჯანაძემ დააფიქსირა, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტმაც 22-ს უწია. ბექა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა, იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მე-2 ტაიმი შეუცვლელად ჩაატარა. საერთო ჯამში, ბექამ მოედანზე 26:59 წუთი დაჰყო და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო,
2 სამქულიანი ააცილა და 12 ქულას 8 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ბურჯანაძეს ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება გიორგი შერმადინს, ის ანდორელთა ბომბარდირი გახდა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 27:16 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, ერთხელ სამქულიანი დისტანციიდანაც შეუტია, თუმცა, არაზუსტად, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

"ანდორას" 14 შეხვედრიდან 8 მოგება აქვს და პლეი ოფის ზღვარზე, მე-8 ადგილზეა. ქართველთა გუნდი მომავალ მატჩს 2017 წლის 8 იანვარს, მადრიდში "რეალთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული