ზაზა ფაჩულია: კარი, დურანტი და ტომპსონი მსოფლიოში ყველაზე მეტს ვარჯიშობენ

AutoSharing Option
დასრულდა "ზაზა ფაჩულიას აკადემიისა" და "NBA ჟუნიორის" ერთობლივი საზაფხულო კემპი, რომელიც დიდუბის მანეჟში ჩატარდა და მასში 300-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივ მწვრთნელებთან ერთად პატარებს ავარჯიშებდნენ NBA-დან მოვლენილი სპეციალისტები: ნილ მაიერსი, ვანია ჩერნიეჩი და ტომე მაროსი.

- ბავშვებისთვის ცოდნის გაზიარება ყოველთვის სასიამოვნოა. ზაზა დიდი ჩემპიონია. მადლობა მას, კალათბურთს და საქართველოს. ბავშვები ჩვენი მომავალია! - აღნიშნა ნილ მაიერსმა.

ზაზას აკადემიაში უვე მეორე წელია მოღვაწეობს სლოვენიელი მწვრთნელი დეიან პროკიჩი, რომლის გაწვრთნილმა 18-წლამდელთა გუნდმა ახლახან საქართველოს ჩემპიონობა მოიგო. ბატონი დეიანიც კმაყოფილი ჩანდა:

- ჩვენი
ბავშვები მთელი სეზონის განმავლობაში ბევრს შრომობდნენ და ნამდვილად იმსახურებდნენ ასეთ კემპს. მასში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ. სასიამოვნოა, რომ ზაზა ფაჩულია პატარებზე ასე ზრუნავს. იგი მთელი სეზონის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული აკადემიის ფუნქციონირებაში.


- თქვენი ყოველი ნაბიჯი ვიცი, - მიმართა ზაზამ ბავშვებს ამერიკიდან (ინტერნეტკონფერენციის საშუალებით), - ძალიან გამახარეს 18-წლამდელებმა, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს. ვფიქრობ, ეს გუნდი ქართული "გოლდენ სტეიტია", მთელი სეზონის განმავლობაში ხომ მხოლოდ ორი მატჩი წააგო.

დარწმუნებული ვარ, აკადემიის თითოეული წევრი ხედავს საკუთარ პროგრესს, იმაზე უკეთესია, ვიდრე სეზონის დასაწყისში იყო. თუ ასეა, ძალიან მიხარია. ე.ი. ჩვენს შრომას შედეგი მოაქვს.

თუმცა დიდი მიზნების მიღწევას ბევრი გარჯა სჭირდება. მაგალითს გეტყვით: კლეი ტომპსონი, სტეფ კარი და კევინ დურანტი ყველაზე მეტს შრომობენ მსოფლიოში. ამიტომაც არიან NBA-ს ჩემპიონები. ვერ წარმოიდგენთ, რა გრძნობაა ჩემპიონობა, როდესაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ჩემპიონის თასს სწევ, საქართველოს ასახელებ, საკუთარ ქვეყანას დადებითად წარმოაჩენ. ამისთვის ბევრი შრომა ნამდვილად ღირს.

ზაზა პატარებს დაჰპირდა, რომ ივლისის ბოლოს შეხვდება და თან NBA-ს თასსაც ჩამოიტანს.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი სიხარული იქნება ამ ბავშვებისთვის და არამარტო ბავშვებისთვის ენბიეის ლარი ობრაიენის თასის ხელში დაჭერა და ენბიეს ჩემპიონთან შეხვედრა.
ლუკა
17:31 26-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული