დავით თორთლაძემ 1994 წლის 21 მარტით დათარიღებული გაზეთი "ყველა ვარსკვლავი" გადაგვიშალა, რომლის მეორე გვერდზე ტრიბუნებზე მსხდომი კალათბურთელების ფოტოა გამოსახული. შესავალში წერია:
"20 მარტი - ეს თარიღი ნამდვილად შევა ქართული კალათბურთისა და საერთოდ სპორტის ისტორიაში. საქმე ისაა, რომ ამ დღეს მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა სასახლეში შედგა საქართველოს ნაკრების მწვრთნელების და მოთამაშეების შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის (სკფ) პრეზიდენტი, ბატონი ალეკო ჩხეიძე, ვიცე-პრეზიდენტი როლანდ ხომერიკი, ბატონი ოთარ ქორქია
რაც შეეხება ნაკრები გუნდის ძალასა და პერსპექტივებს..."
- სწორედ 20 მარტს, ვერის ბაღში გადაწყდა ნაკრების შექმნის საკითხი, - დათო თორთლაძე ერთ-ერთი იყო 13 კალათბურთელიდან, რომლებიც შეკრებას ესწრებოდნენ. სურათს თუ დააკვირდებით, ქვედა რიგში (მარცხნიდან მეორე) ვახტანგ ნაცვლიშვილსაც შენიშნავთ:
- მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ვერ ვაცნობიერებდით, რომ ახალი ეპოქის დაწყების თანამონაწილენი ვიყავით. თუ მანამდე ნიკოლოზ დერიუგინი, გელა დარსაძე და სხვები საბჭოეთის ფარგლებში ქმნიდნენ ისტორიას, 1994 წლიდან მათ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით უნდა ეთამაშათ... დღეს მეამაყება, რომ ისტორიული შეხვედრის მონაწილე ვიყავი. კარგად მახსოვს, ჩვენს პასუხისმგებლობაზე როგორ ილაპარაკა ლეგენდარულმა ოთარ ქორქიამ...
სიმბოლურია, რომ ბატონი ოთარი საბჭოთა ნაკრების შექმნის სათავეებთანაც იდგა: სსრკ ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1947 წელს გამოჩნდა და ოთარ ქორქიას შეწევნით (ფინალში ჩეხოსლოვაკიას 23 ქულა ჩაუგდო) ოქრო მოიპოვა. საბჭოელებმა 1951 წელსაც იგივე გაიმეორეს, ხოლო ოლიმპიადაზე პირველად 1952 წელს იასპარეზეს. ბატონმა ოთარმა გუნდი ოლიმპიადის ფინალში გაიყვანა, სადაც ცალი ხელით (ტრავმა ჰქონდა) ებრძოლა ამერიკელებს...
ვინც მოიგებს იმისია...
20 მარტის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გუნდის უფროსად ჯამლეტ ხუხაშვილი იმუშავებდა, ხოლო მთავარ მწვრთნელად...
- ნაკრებს ის გაწვრთნიდა, ვინც საქართველოს ჩემპიონატს მოიგებდა, ხოლო ასისტენტად ფინალში დამარცხებული კლუბის თავკაცი იმუშავებდა. ასე გადაწყვიტეს სპორტის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა კახი ასათიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ალეკო ჩხეიძემ, - ამბობს ჯამლეტ ხუხაშვილი.
III ჩემპიონატის ფინალი ორ მოგებამდე იყო. სერიის პირველი მატჩი "ვითამ" "თბილისთან" 77:74 მოიგო. განმეორებითში 76:80 დათმო, თუმცა მესამეში ასევე ოთხი ქულით იმარჯვა (78:74) და ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდა. "ვითას" ბესიკ ლიპარტელიანი წვრთნიდა, ხოლო "თბილისს" ნოდარ ქორქია.
- მე და ბესო ერთად ჩავუდექით ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა რთულ პირობებში გვიხდებოდა, დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ და ჩვენი მწვრთნელობის ბოლომდე არ ყოფილა საუბარი ერთის წასვლასა და მეორის დარჩენაზე. ერთად დავიწყეთ და 1997 წელს ნაკრებიც ერთად დავტოვეთ, - აცხადებს ნოდარ ქორქია.
ლურჯები VS წითლები
მწვრთნელები სანაკრებო საქმიანობას ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეუდგნენ - მაისის ბოლოს პირველობის საუკეთესო მოთამაშეები შეკრიბეს...
- ჩემპიონატში მოასპარეზეთაგან ორი გუნდი შედგა. ამიტომ, ორად გავიყავით და პირველი სანაკრებო მატჩიც ერთმანეთში ვითამაშეთ. სწორედ იმ შეხვედრის შემდეგ უნდა შერჩეულიყო ბირთვი ეროვნულისთვის. ერთ გუნდს "ვითას" წითელი ფორმა ეცვა, მეორეს - ლურჯი. მე წითლებში მოვხვდი და ისიც მახსოვს, რომ ის მატჩი ჩვენ მოვიგეთ, - მოგვითხრობს ვახტანგ ნაცვლიშვილი, თუმცა ზუსტ ანგარიშს ვერ იხსენებს. სამწუხაროდ, 90-იანი წლების დასაწყისში არაოფიციალური მატჩების ანგარიშები არც წერილობითი სახით შემონახულა და არც მონაწილეებს ახსოვთ.
ვატო განაგრძობს:
- საერთაშორისო არენაზე გასული პირველი მერცხალი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იყო, რომელმაც 1993 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ითამაშა. იმ გუნდიდან ეროვნულში არაერთი კალათბურთელი მოვხვდით.
Оставьте в покое грузин!
წითელ-ლურჯთა მატჩიდან მწვრთნელებმა ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩიეს და ერთ თვეში მოსკოვში პირველ ოფიციალურ შეკრებაზე გაემგზავრნენ. რუსული ტურნეს წინ გუნდში კალათბურთელებმა კაპიტნად ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი აირჩიეს, ხოლო 1995 წელს ბირმინგემში "კაპიტნის სამკლავური" ნიკოლოზ დერიუგინმა მოირგო:
- საბჭოთა კავშირის ნაკრებში არაერთი მატჩი ჩამიტარებია, მაგრამ საქართველოს ეროვნული გუნდის შექმნა სხვა განცდა იყო. ვგრძნობდით, რომ ამ სიახლეში ჩვენც შეგვქონდა წვლილი. სასიამოვნო ისიც იყო, რომ ნაკრების კაპიტნად მე ამირჩიეს. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.
მოსკოვური ამბები ნაკრების მაშინდელ წევრებს დღესაც ნათლად ახსოვთ. მის მნიშვნელობაზე მიხეილ კობეშავიძე მოგვიყვება:
- მოსკოვში მომზადებულები ჩავედით, არც მონდომება გვაკლდა და არც სიამაყე - ჩვენ ხომ პირველად გვიწევდა საქართველოს ჰიმნის საზღვარგარეთ გატანა და დროშის ქვეშ დგომა. სწორედ შემართების ხარჯზე მოვიგეთ ოთხივე შეხვედრა.
ქართველებმა პირველი მატჩი "სპარტაკთან" ჩაატარეს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში შედიოდა. ნოდარ ქორქია იხსენებს:
- გუნდში რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების 4 კალათბურთელი თამაშობდა. მაშინ, ახალგაზრდულ ჩემპიონატებში 23-წლამდელები გამოდიოდნენ. "სპარტაკს" 18 ქულის სხვაობით მოვუგეთ. შეუჩერებელი იყო კახა შენგელია, ხოლო ვახტანგ ნაცვლიშვილის ეფექტური ჩატენვის შემდეგ ევგენი გომელსკი ხელაწეული წამოხტა და ტაშს დიდხანს უკრავდა.
კარგი იქნებოდა ვატოს ჩატენვის განმეორებით ხილვა, მაგრამ რადგან ამის საშუალება არ გვაქვს, სიტყვიერ აღწერას დავჯერდეთ:
- ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა ბურთი შორიდან ამიგდო, ჰაერში დავიჭირე და ჩავტენე. ამ ეპიზოდის შემდეგ ნიკომ მომიბოდიშა: ცოტა მაღალი მომივიდაო. ღიმილით ვუპასუხე: რაც უფრო მაღლა ააგდებ, მით უფრო ეფექტური ჩატენვა გამოვა-მეთქი.
მეორე მატჩისთვის "სპარტაკმა" ახალგაზრდული ნაკრებიდან 8 კალათბურთელი დაიმატა, თუმცა ქართველებთან
მაინც ვერაფერი გააწყო - 8 ქულის სხვაობით დამარცხდა.
ნოდარ ქორქია განაგრძობს:
- მგზავრობისა და საყოფაცხოვრებო ხარჯები რუსეთში ქართულმა დიასპორამ გაიღო. სასაცილოა, მაგრამ დარბაზის ქირის ფულსაც ჩვენ ვიხდიდით. მესამე მატჩზე არენის არენდის გადახდამ აღარ მოგვიწია - ცსკა-ს სათადარიგო მოედანზე ვითამაშეთ. არმიელებმა დუბლშემადგენლობა გამოგვიყვანეს და ისე მოვუგეთ, რომ დაწინაურების შანსი არ მიგვიცია. მესამე თამაშის შემდეგ რუსები გვეუბნებოდნენ - აქ ზედიზედ სამი მატჩი არავის მოუგია და გირჩევთ, შინ დაბრუნდეთო...
თუმცა, ქართველებმა ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩაატარეს. მოვუსმინოთ ჯამლეტ ხუხაშვილს:
- რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. მასში ძლიერი შემადგენლობა იყო თავმოყრილი და ევროპის პირველობის მოგების ამბიციაც გააჩნდა. შესაბამისად, ეგონათ, ქართველებსაც იოლად დაამარცხებდნენ. მატჩმა სხვა სურათი დახატა: რუს ახალგაზრდებს თავიდანვე კარგად შევუტიეთ და 8 ქულის სხვაობით მოვუგეთ. შეხვედრის შემდეგ მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ერიომინი მოვიდა და მითხრა, ეს რა დამმართეთო... იმ მატჩის წაგებას რუსების გუნდში არეულობა, ცვლილებები მოჰყვა და ვერც ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია სასურველ შედეგს.
ნოდარ ქორქიას არბიტრებთან დაკავშირებული ამბავი ახსოვს:
- მსაჯები რუსები იყვნენ და თანამემამულეთა მოგებას ესწრაფოდნენ. მატჩის ბოლოს, როცა არბიტრების დახმარებით რუსმა ახალგაზრდებმა შეგვავიწროეს, ტრიბუნიდან მიშკინი წამოვარდა და დაუძახა:Оставьте в покое грузин! მსაჯებმა თავიდან ყურადღება არ მიაქციეს, რიგითი გულშემატკივარი ეგონათ, თუმცა ფეხზე წამომდგარი მიშკინი რომ შენიშნეს, შეცბნენ და... გამოსწორდნენ.
უთოფო ყაჩაღები
რუსულ შეკრებას უნგრეთში გამგზავრება მოჰყვა. ოქტომბერში საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო საკლუბო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, თუმცა იქიდან დაბრუნებულებს გასახსენებელი არაფერი აღმოაჩნდათ. მხოლოდ ის ვიცით, რომ სამი მატჩიდან 2 წააგეს.
ამასობაში გაირკვა საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი ნაკრების მეტოქეები (ინგლისი, პოლონეთი, დანია, უელსი, ლუქსემბურგი) და გამოჩნდა გუნდის შესაძლებლობები:
- როცა ნაკრები პირველად შეიკრიბა, ნიკოლოზ დერიუგინის სახით ერთადერთი ლეგიონერი გვყავდა. ის იმჟამად სლოვაკეთში თამაშობდა, მაგრამ სანაკრებოდ მოსამზადებლად "ვითაში" ჩამოვიდა. ნაცვლიშვილი, სტეფანია და ბერძენიშვილი მაშინ 17 წლისანი იყვნენ, ხოლო ქარაბაკი - 16-ის. მათ გამოცდილები (სანაძე, გურასპაული, დადიანი, ვაშაკიძე და დერიუგინი) კარგად შეეწყვნენ და საინტერესო გუნდი გამოვიდა, - ამბობს მთავარი მწვრთნელი, ბესიკ ლიპარტელიანი. მოგვიანებით მწვრთნელობას მოკიდებული მიხეილ კობეშავიძე დასძენს:
- 90-იანებში კალათბურთელთა საუკეთესო ნაზავი 1995-96-წლების ფორმაციის ნაკრებში იყო. წინა ხაზში თამაშობდნენ ნიკოლოზ დერიუგინი, კახა შენგელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ვლადიმერ სტეფანია... საჭიროების მიხედვით, ვოვა ხან ცენტრად ირჯებოდა, ხან - მძიმე ფორვარდად. უკანა ხაზშიც ძლიერი შემადგენლობა იყო თავმოყრილი: გია სანაძე, რევაზ ჩხეიძე, პაატა გურასპაული, ნიკო ჩერქეზიშვილი, დუდუ დადიანი, ირაკლი ვაშაკიძე. გუნდი თანაბრად იყო დაბალანსებული და გამოცდილებაც საკმარისი გააჩნდა: ახალგაზრდულ ასაკში ყველას ნათამაშები ჰქონდა სსრ კავშირის ჩემპიონატში, სადაც "ჟალგირისი", ცსკა და კიდევ არაერთი მაღალი დონის გუნდი ასპარეზობდა. ასე რომ, გასაკვირი არ იყო, საქართველოს ნაკრები სერიოზულ ძალად რომ ითვლებოდა.
ეს, რაც შეეხება გუნდის შესაძლებლობებს. საჭირო იყო ფინანსური შესაძლებლობებიც... ეს საკითხი გუნდის უფროსთან, ჯამლეტ ხუხაშვილთან გავარკვიოთ:
- სპორტკომიტეტიდან მცირე დაფინანსება გვქონდა. ამიტომ, ვაწუხებდით ბიზნესმენებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რათა ეკიპირება შეგვეძინა და გუნდის უცხოეთში გამგზავრება უზრუნველგვეყო. საკუთარ თავს "უთოფო ყაჩაღებსაც" ვუწოდებდით ხოლმე...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"