საქმე ისაა, რომ სამულენასი ტატოს ადრეც ავარჯიშებდა - ლიტვაში, საბონისის აკადემიაში. ასე რომ, ლიტველი სპეციალისტი ჩაჩიბაიას აქამდეც კარგად იცნობდა და საქართველოს ჩემპიონატში სატრანსფერო ბაზარი რომ გაიხსნა, პირველ რიგში ტატო გადაიბირა.
"სოხუმის" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: "გუნდი აქტიურად ემზადება ოლიმპიური ჩემპიონების მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალისა (16-20 იანვარი) და საქართველოს თასისთვის (23-30 იანვარი). ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი გახლდათ ტატო ჩაჩიბაიას
ჩაჩიბაია რამდენიმე დღეა "სოხუმის" რიგებში ვარჯიშობს. გუნდის მთავარი მწვრთნელი რიმვიდას სამულენასი, სამწვრთნელო შტაბის წევრები და კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებენ, რომ ტატო "სოხუმს" ახალ იმპულსს შეჰმატებს და გუნდს სათანადოდ გააძლიერებს. საყურადღებოა, რომ ტატომ ლიტვური ენა კაუნასში ცხოვრების დროს შეისწავლა და მწვრთნელთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება.
ჩაჩიბაია დაიბადა და აღიზარდა ზუგდიდში. კალათბურთის თამაში მწვრთნელის სლავა ებრალიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. 2002 წელს ვაჟა კვარაცხელიას მოწვევით თბილისში გადავიდა და სოხუმის "კოლხას" ბავშვთა გუნდში ასპარეზობდა. 2004 წელს "კოლხას" (მწვრთნელი ლიკა ქაჯაია) შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა 16 წლამდე ასაკობრივ გუნდებს შორის. 2003 წელს იყო ჭაბუკ კალათბურთელთა კემპში ესპანეთში და მიიღო ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის პრიზი.
2004 წლის მეორე ნახევრიდან ჩაჩიბაია ლიტვაში გაემგზავრა და 4 წელი საბონისის სახელობის სკოლის ჭაბუკთა გუნდში თამაშობდა. მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში "ლიტვის ჭაბუკთა ჩემპიონატის ვარსკვლავები". საბონისის სკოლის გუნდში ტატოს გარკვეული დროით ავარჯიშებდა მწვრთნელი რიმვიდას სამულენასი, რომელიც 2011 წლის ნოემბრიდან "სოხუმის" მთავარი მწვრთნელია.
2009 წლიდან ტატო კვლავ საქართველოს სუპერლიგაში თამაშობს: ჯერ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მოგვიანებით კი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდში. 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოს იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოდიოდა.
ტატო ჩაჩიბაიას უთამაშია საქართველოს 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"