"ოლიმპი" შეკრებიდან დაბრუნდა, გიორგი ცინცაძემაც დაიწყო

AutoSharing Option
ქორქია-საკანდელიძის მემორიალის მსვლელობისას, სამი დღის განმავლობაში ვწერდით ტურნირის მონაწილე შვიდი გუნდის შესახებ. არაფერი გვითქვამს "ოლიმპზე", რომელიც უცხოური შეკრებიდან მემორიალის დაწყების დღეს დაბრუნდა და შეჯიბრებაში მონაწილეობას არ იღებს.

ცინცაძე

საუბარი გუნდის ახალწვეულით უნდა დავიწყოთ - გემახსოვრებათ, საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ მუხლის ტრავმა 8 სექტემბერს მაკედონიასთან მატჩისას მიიღო. მას ჯვარედინი იოგი გაუწყდა და ოპერაცია 20 სექტემბერს ლიტვაში გაიკეთა. მას მერე გიორგი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, ცხადია, ვერ ვარჯიშობდა. იანვრის შუა რიცხვებში იგი კვლავ ლიტვაში გაემგზავრა, სადაც მუხლის გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინა. სწორედ ექიმების
დასკვნაზე იყო დამოკიდებული, შეუდგებოდა თუ არა ცინცაძე ვარჯიშს.

- გამოკვლევამ დადებითი პასუხი მოგვცა, - გვითხრა გიორგიმ, - რეაბილიტაციამ წარმატებით ჩაიარა და ექიმებმა ვარჯიშის უფლება მომცეს.

თუმცა თავიდანვე ვერ დავიტვირთები, სპეციალური ვარჯიში მჭირდება კუნთების მოსაძლიერებლად.

იგი "ოლიმპს" უკვე შეუერთდა, გუნდის საწვრთნელ პროცესშიც ჩაერთო, თუმცა...
- ცინცაძეს სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ჯერ იმ პროგრამით ვერ ვარჯიშობს როგორითაც გუნდის დანარჩენი წევრები. წინასწარი ვარაუდით, იგი მარტისთვის შეძლებს სრულფასოვნად თამაშს და ჩემპიონატის დასკვნით მონაკვეთში დაგვეხმარება, - აღნიშნა "ოლიმპის" თავკაცმა გია კაზანჯიანმა.

ცენტრი
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცინცაძის გარდა "ოლიმპში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძეა. გუნდის განაცხადში არაერთი თავისუფალი ადგილია და ლოგიკურად ჩნდება კითხვა - ოლიმპელები კიდევ ვინმეს დამატებას ხომ არ აპირებენ?
- ალბათ, ერთ ლეგიონერს ჩამოვიყვანთ. თუმცა ჯერ ვერ გეტყვით ვინ იქნება, - გვითხრა გია კაზანჯიანმა და დასძინა:
- ერთი ნომინალური ცენტრი გვყავს (ჩეხი ივო ჰოგერი-ავტ). ამიტომ, სავარაუდოდ ამ ამპლუის მოთამაშეს დავიმატებთ.

წინასწარ საჩემპიონატო მიზნებზე ლაპარაკიც რთულია, მაგრამ ფაქტია, "ოლიმპი" იმდენად ძლიერდება, რომ ფინალში თამაშის საფუძვლიანი პრეტენზია ექნება. თუმცა ისიც ცხადია, რომ არაერთი ძლიერი კონკურენტი ჰყავს, "არმია", შსს, "დინამო", "ქუთაისი", "სოხუმი"...

სვიეტლოსტი
გია კაზანჯიანს ხორვატული შეკრების შესახებაც ვკითხეთ.
- ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. ფიზიკურადაც მოვემზადეთ და საკონტროლო მატჩებიც ჩავატარეთ. გუნდი ფორმას ნელ-ნელა იკრეფს, თუმცა ოპტიმალურ კონდიციებამდე კიდევ გვიკლია.

"ოლიმპმა" ხორვატიაში ოთხი მატჩი გამართა. სამი უმაღლესი ლიგის კლუბებთან, ერთიც "ზაგრების" ახალგაზრდებთან. ამ უკანასკნელს ქართველებმა დამაჯერებლად, 107:69 მოუგეს. გაიმარჯვეს "სვიეტლოსტთანაც" (69:67), რომელიც სადღეისოდ ხორვატიის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა. ამ შეხვედრის შესახებ მწვრთნელი ცალკე მოგვითხრობს. "ოლიმპმა" თანაბრად ითამაშა "ზაბოკთან" და "კვარნერთანაც", თუმცა ბოლო წუთებზე პირველთან 81:91 დათმო, ხოლო მეორესთან - 75:82.

დავუბრუნდეთ "სვიეტლოსთან" შეხვედრას:
- ხორვატიაში ჩატარებული თამაშებიდან ყველაზე საინტერესო "სვიეტლოსტთან" დაპირისპირება გამოდგა. მატჩი სათანადოდ ვერ დავიწყეთ და მეტოქემ 20 ქულით გაგვასწრო. თუმცა, მეორე ნახევარში თამაში დავალაგეთ და მდგომარეობა გამოვასწორეთ. გამარჯვებულის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა: ანგარიშზე 67:67 ლაშა გამყრელიძემ საფინალო სირენასთან ერთად ორქულიანი ჩააგდო და 69:67 მოვიგეთ, - ოლიმპელთა დამრიგებლისთვის "სვიეტლოსტთან" შეხვედრა სასიამოვნო გასახსენებელი გამოდგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული