შსს-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, შსს-ს საკალათბურთო კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობს ჩემპიონატში მაღალ შედეგებსა და ევროტურნირებში წარმატებულ გამოსვლაზე.

გადაწყვეტილია: გუნდს სუპერლიგის მეორე წრიდან გაუძღვება ბერძენი სპეციალისტი გიორგიოს კაცელიდისი. იგი ელინთა ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებლის, ილიას ზუროსის ასისტენტი იყო "პანელინიოსში", "ოლიმპიაკოსსა" და "ჟალგირისში". ლიტვურ კლუბში ბერძნული ტანდემი 2011 წლის შემოდგომიდან მუშაობდა, თუმცა დეკემბერში მათი და "ჟალგირისის" გზები გაიყარა.

როგორც უკვე გითხარით, კაცელიდისი კარიერას საქართველოში გააგრძელებს. ინტერვიუს ჩაწერისას ბატონმა გიორგიოსმა საინტერესო შთაბეჭდილება დატოვა. აბა, ბერძენი კაცი პირველ კითხვაზე თავიდან ბოლომდე ქ
ართულად რომ გიპასუხებს, როგორ შეიძლება გაკვირვებული არ დარჩე:

- გამარჯობა. მოხარული ვარ თქვენთან ჩამოსვლით. ვეცდები გავამართლო ხალხის მოთხოვნა, ვინც მომიწვია და გავახარო გულშემატკივარი.
ამის შემდეგ გიორგიოს კაცელიდისთან ინტერვიუ ინგლისურ ენაზე განვარგძეთ.

- მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ჩემი მოწვევისთვის და მენეჯერ ლევან მიქელაძეს დახმარებისთვის. საქართველოში მუშაობა ჩემთვის საინტერესო გამოწვევაა. როგორც ქართულად გითხარით, ვეცდები გავამართლო ყველას იმედი.

- მიზნად რა დაგისახეს?
- დავპირდი, რომ სამწვრთნელო შტაბთან და კალათბურთელებთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებ მაღალი შედეგის საჩვენებლად. ასევე გპირდებით, რომ ჩვენი ახალგაზრდული გუნდი ითამაშებს ლამაზ კალათბურთს და ვიბრძოლებთ, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ.

- შემადგენლობაში ცვლილებებია. გუნდი სრულად როდის დაკომპლექტდება?
- ცვლილებები მართლაც არის. მიმდინარეობს მუშაობა შემადგენლობის გაძლიერებისთვის. გუნდი საბოლოო სახეს, სავარაუდოდ ამ კვირაში მიიღებს.

- საქართველოში ჩამოსვლამდე ჩვენი კალათბურთის შესახებ რა წარმოდგენა გქონდათ?
- ამა თუ იმ ქვეყნის კალათბურთზე აზრის შექმნა მისი მოთამაშეებითაა შესაძლებელი. ვიცნობ გიორგი შერმადინს, რომელიც საბერძნეთის "პანათინაიკოსში" თამაშობდა. სხვათა შორის, "პანელინიოსში" მუშაობისას ილიას ზუროსსა და მე გიორგის გადაბირება გვსურდა. კარგად ვიცი მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე, ვლადიმერ ბოისა და ზაზა ფაჩულია. საქართველოში ბევრი ნიჭიერი კალათბურთელია, ზოგი ისეთი, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე არ უთამაშია. ტალანტებს კი მიხედვა, სწორი ფილოსოფიით აღზრდა უნდათ. განსაკუთრებით მაშინ სჭირდებათ სათანადო პირობები და ყურადღება, როცა სამოყვარულოდან პროფესიულ კალათბურთში გადადიან.

- ლიტვის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთისას დაუპირისპირდა. რა შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა გუნდმა ბერძნებზე?
- თავიდან ინიციატივას ქართველები ფლობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. ასეთ შეჯიბრებებში გამოცდილება ბევრს წყვეტს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობდა და გამოუცდელობის მიუხედავად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის მისამართითაც მინდა კომპლიმენტის თქმა. თქვენი ნაკრები კარგად გაწვრთნილი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული