გუშინ, ამერიკულ გაზეთ "ბისმარკ ტრიბუნიდან" კიდევ ერთი სიახლე შევიტყვეთ - შსს-ში ამერიკელი გამთამაშებელი ენტონი მუდი (182 სმ) ითამაშებს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით "ბისმარკ ტრიბუნში" ვრცელი სტატია გამოქვეყნდა:
"მერის" კოლეჯის ყოფილი გამთამაშებელი 22 წლის ენტონი მუდი, კარიერას საქართველოში გააგრძელებს. იგი საკალათბურთო კლუბ შსს-ს პარასკევს შეუერთდება.
- ქართული წინადადების შესახებ ჩემმა აგენტმა შემატყობინა. შემოთავაზება დეტალურად განვიხილეთ და დავრწმუნდით, რომ ეს იყო დიდებული ვარიანტი
მიმდინარე სეზონში მუდი დრაფტზე NBA-ს განვითარების ლიგის წარმომადგენელმა "სკაიფორსმა" აიყვანა, სადაც საშუალოდ 4.5 ქულას, 1.3 მოხსნასა და 1.2 პასს აგროვებდა.
- "სკაიფორსში" შესაძლებლობებს სრულად ვერ ვავლენდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კარიერის საქართველოში გაგრძელება. ვიმედოვნებ, გუნდსაც დავეხმარები და საკუთარ თამაშსაც ვიპოვნი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"