კოტე ტუღუში: გასულ სეზონში "არმიას" ევროჩელენჯზე გამოსვლა გაკვეთილი უნდა იყოს

AutoSharing Option
ევროპულ ქვეყნებში ჩემპიონატის დასრულებისთანავე გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ.

საქართველოში აქამდე ასე არ იყო - კლუბების უმეტესობა სექტემბერში არკვევდა ყოფნა-არყოფნის საკითხს.

ბოლო ორი წელიწადია, გამოჩნდა გუნდი, რომელიც მოსამზადებელ პროცესსაც ევროპულად გეგმავს და ევროპულადაც თამაშობს.

აქედან გამომდინარე, საინტერესოა რას აპირებს ქვეყნის ჩემპიონი "არმია"...

ამ კითხვით მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს მივმართეთ, რომელთან ერთად განვლილი სეზონი შევაფასეთ.

იმასაც შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონი მისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იყო.

- მართალია, იმ სფეროს, რომელშიც დიდი ხანია ვმოღვაწეობ, არ დავშორებულვარ, მაგრამ კალათბურთელობა და მწვრთნელობა
ერთმანეთისგან მაინც ძალიან განსხვავდება.

გუნდის დამრიგებლობა მეტად რთული საქმეა. საჭიროა არა მხოლოდ კალათბურთელთა კონდიციებზე, ტაქტიკაზე ზრუნვა, არამედ გუნდის გამართვა ფსიქოლოგიურად, მოთამაშეებთან საერთო ენის გამონახვა, მათ შორის ურთიერთობის აწყობა...

- თვლით, რომ სამწვრთნელო კარიერის "არმიის" დარი სერიოზული გუნდით დაწყება სწორი ნაბიჯი იყო?
- შესაძლოა, კალათბურთელის კარიერა ნაადრევად დავასრულე, მაგრამ დიდი ხნის წინათ მქონდა გადაწყვეტილი მწვრთნელის პროფესიის არჩევა.

როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. პირველივე სეზონში საქართველოში ყველა შეჯიბრება მოვიგეთ (რომელშიც ვითამაშეთ). ასე რომ, დასაწყისი კარგი იყო.

- განვლილ სეზონს გადავხედოთ. თუ იყო ისეთი ნიუანსი, რამაც უკმაყოფილების გრძნობა დაგიტოვათ?
- სამწუხაროდ, ევროჩელენჯზე ჯგუფიდან ვერ გავედით. არადა მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით. იმ პერიოდში გუნდში არაერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა, თუმცა ჩემი მხრიდან გამართლების ძიება მართებული არ იქნება. გასულ სეზონში "არმიას" ევროჩელენჯზე გამოსვლა გაკვეთილი უნდა იყოს.

- საქართველოს ჩემპიონატი სტაბილურად ჩაატარეთ...
- სეზონის განმავლობაში ერთ დონეზე თამაში რთულია. რეგულარული ეტაპი წაუგებლად ჩავამთავრეთ, ფინალურ სერიაში ერთი მატჩი წავაგეთ. საერთოდ კი, გასულ სეზონში "არმიას" გამოსვლა კლუბის ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრის შესაფასებელია.

- შვედი, პუერტორიკოელი, ამერიკელები... ასეთი მრავლფეროვანი კონტინგენტის ერთ მუშტად შეკვრა იოლი იყო?
- ისევე როგორც ცხოვრებაში, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა შორის საერთო ენის გამონახვა რთულია, მაგრამ უცხოელებს ქართული ტრადიციებით, ქართული კალათბურთით დავხვდით და საბოლოოდ გუნდი ერთი მიზნისთვის გავაერთიანეთ, რაშიც თითოეული კალათბურთელი დაგვეხმარა.

დიდ ყურადღებას ვუთმობდით დისციპლინას. ამ მხრივ კარგი მაგალითი გვქონდა, რომელიც მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა მოგვცა.

- "ლელოს" გამოკითხვაში საუკეთესოდ უილიამ ტომასი დაასახელეთ. საბოლოოდ მან გაიმარჯვა. კალათბურთის ფედერაციის გამოკითხვით კი სეზონის საუკეთესო ბენ ვუდსაიდი იყო...
- კალათბურთში ბევრი რამაა დამოკიდებული გამთამაშებელსა და მეფარეზე. მათ გარეშე წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.

გუნდში შარაბიძის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ტომასი გახლდათ. ასაკის მიუხედავად ტომასი ყველაზე სტაბილური იყო - არ მახსოვს, თამაში ჩაეგდოს.

სწორედ მისი დახმარებით მოვახერხეთ ქუთაისში ბოლო წუთებზე მოგება. განსაკუთრებით დიდი წვლილი ფინალური სერიის მესამე მატჩის მოგებაში შეიტანა.

ამ შეხვედრამ ბევრი გადაწყვიტა. ბენ ვუდსაიდი არანაკლებ ღირებული კალათბურთელია, რომელსაც გუნდში მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა. თუმცა იყო ერთი-ორი შეხვედრა, როცა მეტის გაკეთებას ვითხოვდით. გამოკითხვისას საუკეთესოდ ტომასი სტაბილურობის მიხედვით დავწერე, თორემ სხვებიც დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებდნენ.

მაგალითად, ჯერემი რიჩარდსონი, რომელიც მეტად დადებითი პიროვნება და ძალიან ნიჭიერი კალათბურთელია. ყველაზე გამოცდილი შვედი იოაკიმ შელბომი იყო. ვთვლი, კალათბურთელების შერჩევისას ნამდვილად გაგვიმართლა.

- შელბომი ევროჩელენჯზე უფრო მეტს თამაშობდა, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატში...
- ვერ ვიტყვი, რომ იგი პირველობის დასკვნით ეტაპს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა. ამაზე პასუხისმგებლობას მეც ვიღებ.

მართლაც, შვედმა ევროჩელენჯის მატჩები გაცილებით უკეთესად ჩაატარა. იყო გარკვეული მიზეზები, რამაც საქართველოში დრო ცოტა შეუზღუდა: სუპერლიგაში მეტოქეები ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენს წინააღმდეგ დაბალი ხუთეულით სწრაფი კალათბურთი ეთამაშათ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთდროულად ხუთი უცხოელის მოედანზე გაყვანის უფლება არ გვქონდა.

- ცალკე კითხვა უნდა დაისვას გილერმო დიასის შესახებ. მხოლოდ მისგან მახსოვს უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვის ფაქტი - პირსახოცი მოისროლა...
- დიასის მსგავს უნიკალურ კალათბურთელს არ შევხვედრივარ. საოცარი მონაცემები აქვს, თამაშის ორიგინალური მანერა... რომ მოენდომებინა, მისთვის მოედანზე შეუსრულებელი არაფერი იქნებოდა. თუმცა ხასიათით საკუთარ თავს ვნებდა. არადა, ჩემი აზრით, სანდიეტა გეინსზე ძლიერი იყო.

- დიასი პუერტორიკოელია, ლათინურსა და ქართულ ხასიათს ხშირად ამსგავსებენ...
- მართლაც, დიასი ფეთქებადი კალათბურთელია. იყო მცირე უსიამოვნო ნიუანსი, თუმცა საერთო ჯამში მას თბილად დავშორდით, ისევე როგორც ყველა დანარჩენ ლეგიონერს.

- გუნდის ქართველ წევრებზეც გკითხავთ.
- უცხოელების დარად ქულებს უხვად ვერ აგროვებდნენ, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, კალათბურთი გუნდური თამაშია და 3-4 კაცი მატჩს, მით უმეტეს ჩემპიონატს ვერ მოიგებს. გამართული იყო სისტემა, რომელშიც ყველას საკუთარი ადგილი ჰქონდა.

- აღნიშნეთ, ლეგიონერებს თბილად დავშორდითო. წასვლის წინ დაბრუნებაზე თუ ელაპარაკეთ?
- მომავალში ურთიერთობის გაგრძელებაზე ყველას ვესაუბრეთ, მაგრამ კონკრეტული წინადადებით არავისთვის მიგვიმართავს. ჯერ ხომ სამომავლო გეგმები სრულად არ გვაქვს ჩამოყალიბებული. ლეგიონერებმა გუნდში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს.

- ბოლოს ქართული კალათბურთისთვის მნიშვნელოვან კითხვაც: ითამაშებთ ევროჩელენჯზე?
- დღეს ზუსტი პასუხის გაცემა მიჭირს. ჯერ ფიბა-ევროპასაც არ განუსაზღვრავს, რა სისტემით ჩატარდება შეჯიბრება, რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, როდის უნდა წარედგინოს მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია. მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ წილისყრა 6 ივლისს გაიმართება.

დავახვედრეთ ქართული კალათბურთი და... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული