თბილისის "დინამოს" ისტორიული გამარჯვებიდან 50 წელი გავიდა

AutoSharing Option
ქართული სპორტის ისტორიაში 1962 წლის 29 ივნისი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი: 50 წლის წინათ თბილისის "დინამოს" კალათბურთელებმა ჟენევაში მადრიდის "რეალს" სძლიეს და ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვეს.

შემთხვევითი არ ყოფილა ეს გამარჯვება - ქართველი კალათბურთელები წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ მწვერვალისაკენ.

რვა ათეული წლის წინათ შექმნილი "დინამო" საკავშირო სარბიელზე 1937 წელს გამოჩნდა და პირველი დღიდანვე მეტოქეებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწია: სამ-სამჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და საკავშირო თასი.

50-იანი წლების მიწურულიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1959 წლის
საბჭოთა კავშირის ხალხთა მე-2 სპარტაკიადა: საქართველოს კალათბურთელებმა მაშინ მე-2 ადგილი კი დაიკავეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, ჩვენმა გუნდმა (გურამ მინაშვილი, ლევან მოსეშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ანზორ ლეჟავა, ლევან ინწკირველი, ალექსანდრე კილაძე, გურამ აბაშიძე, ილარიონ ხაზარაძე, ვალერი ალთაბაევი, თამაზ კაკაურიძე) სახელოვანი მწვრთნელის - გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრებით (ვალდმანისი, კალნინში, მუიჟნიეკსი, კრუმინში, გულბისი, დავიდისი) დაკომპლექტებული ლატვიის ნაკრები დაამარცხა, თანაც, მესამე დამატებითი ხუთწუთიანი მონაკვეთის ბოლო წამებზე ქართული კალათბურთის ღირსებას 4-4 პერსონალური საჯარიმოთი სამი დინამოელი (აბაშიძე, კაკაურიძე, ალთაბაევი) იცავდა ხუთი ბალტიისპირელის წინააღმდეგ.

მატჩი ქართველებმა 88:86 მოიგეს. ეს იყო გაუგონარი ამბავი, ლეგენდად იქცა და საბჭოეთის ფარგლებსაც გასცდა.

1958 წელს ფრანგულმა სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა" ევროპის კალათბურთელთა საკლუბო გუნდებისთვის დააწესა სპეციალური პრიზი - "ვერცხლის კალათა". ეს საპატიო ჯილდო ზედიზედ ორჯერ რიგის არმიელებმა მოიპოვეს.

1960 წელს შეჯიბრებაში ბალტიისპირელებთან ერთად საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ქართველი კალათბურთელებიც ჩაებნენ.

დინამოელებმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ზედიზედ ჩამოიშორეს ბუქარესტის არმიის კლუბი (84:87, 90:68), თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი სოფიის "აკადემიკი" (76:64, 72:69) და ვარშავის "პოლონია" (88:65, 64:61). გადამწყვეტი პაექრობა კი რიგის არმიელებთან დათმეს (51:61, 62:69) და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

თბილისის "დინამომ" 1961 წლის საკავშირო ჩემპიონატზეც მეორე ადგილი დაიკავა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მოსკოვის არმიელები ავიდნენ, რომლებმაც იმავე წელს "ვერცხლის კალათაც" დაისაკუთრეს.

სწორედ ამან განაპირობა ქართველთა მონაწილეობა ევროპულ ოდისეაში. მეორე ცდა წარმატებული აღმოჩნდა.

მერვედფინალში სახელოვანი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას შეგირდებმა ისევ რუმინელი არმიელები დაამარცხეს (77:76, 82:77). მერე მის გზას გაუყენეს თურქეთის "დარუშაფაკი" (80:67, 84:49), იმის მიუხედავად, რომ დინამოელებთან მატჩებისთვის თურქეთის ჩემპიონმა გუნდი ეროვნული ნაკრების წევრი ორი მაღალი კლასის მოთამაშით (ნეგრეთ იუიგუჩი, ჰაშიმულქუ იაქინი) გააძლიერა.

ნახევარფინალში ქართველი კალათბურთელები ცსკა-ს დაუპირისპირდნენ. მოსკოვური ორთაბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ჩვენებმა 4 ქულის უპირატესობით (75:71) მოიგეს.

საკავშირო ნაკრების წევრებმა - ზუბკოვმა, ტრავინმა, ვოლნოვმა, ასტახოვმა, ხარიტონოვმა, კორნეევმა, ლიპსომ და ბოჩკარიოვმა მეტოქის იერიშებს სათანადოდ ვერაფერი დაუპირისპირეს. ჩვენების გამარჯვებამ საკავშირო სპორტკომიტეტის მესვეურები შეაშფოთა.

განმეორებით მატჩამდე არ შეწყვეტილა ტელეფონის ზარები - შეხვედრა უნდა დათმოთ, ცსკა უფრო გამოცდილი გუნდია და ფინალში საბჭოეთის ღირსებას უკეთ დაიცავსო. მუქარების მიუხედავად, ქართველ კალათბურთელებს ზურგის ჩვენება არც უფიქრიათ.

თბილისში საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერით უფრო აზარტულად ითამაშეს და დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს - 74:66.

საპატიო პრიზის მოპოვებამდე ერთი ბრძოლაღა რჩებოდა, სწორედ რომ ბრძოლა, რადგან ფრანკომ სამეფო კლუბს - მადრიდის "რეალს", რომელმაც ფინალამდე მაროკოს "კასაბლანკას" (82:38, 84:46), იტალიის "ინისს" (80:82, 83:62), პოლონეთის "ლეგიას" (62:73, 100:71) და ლუბლიანის "ოლიმპიას" (91:105, 69:53) სძლია, საბჭოთა კავშირში ჩასვლის უფლება არ მისცა და დინამოელთა მასპინძლობაზეც უარი თქვა. გადამწყვეტი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე - 1962 წლის 29 ივნისს ჟენევაში გაიმართა.

მადრიდის "რეალის" ღირსებას ნბა-ს ორი მოთამაშე - ჰეიტაუერი (205 სმ) და მორისონი (203 სმ) - იცავდა. ეს ის ჰეიტაუერია, რომელსაც ამერიკაში ჯერი ლუკასთან ერთად კალათბურთის ვარსკვლავს უწოდებდნენ. ამის მიუხედავად, "დინამომ" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე.

გაზეთ "ლელოს" ფურცლებს შემორჩა მაშინდელი მატჩის მოკლე სტენოგრამა: "პირველი წუთი - ალთაბაევის ორი სროლა და "დინამოს" მიჰყავს ანგარიში - 4:0, მესამე წუთი - ხაზარაძის, ლუისის, ჰეიტაუერის და როდრიგესის სროლები - 6:6, მეხუთე წუთი - ესპანელები წინ გადიან - 12:8, მაგრამ ლეჟავას და მინაშვილის წყალობით ანგარიში თანაბრდება... ტაიმის შემდეგ 38:36 "დინამოს" სასარგებლოდ... შესვენების მერე: მესამე წუთი - 48:48. მეცამეტე წუთი - 70:66; მეცხრამეტე წუთი - თამაში, ფაქტობრივად, აქ დამთავრდა.

მოსეშვილმა და ინწკირველმა წერტილი დაუსვეს საბჭოთა კალათბურთელების გამარჯვებას".

90:83 - ასეთი ანგარიშით მიაღწიეს ქართველმა კალათბურთელებმა წარმატებას და ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვეს, რაშიც ოთარ ქორქიას ხელმძღვანელობით თავისი წვლილი შეიტანეს გურამ მინაშვილმა, ვლადიმერ უგრეხელიძემ, ლევან მოსეშვილმა, ლევან ინწკირველმა, ვალერი ალთაბაევმა, ამირან სხიერელმა, ილარიონ ხაზარაძემ, ალექსანდრე კილაძემ, ანზორ ლეჟავამ, რეზო გოგელიამ და ალექსანდრ პეტროვმა, რომელიც სპეციალურად ამ მატჩისთვის მოსკოვის "დინამოდან" დაიმატეს.

"ოცდაათი წელიწადია, თვალს ვადევნებ ევროპის კალათბურთელთა თამაშს, მაგრამ ასეთი საინტერესო ბრძოლა ჯერ არ მინახავს. "რეალი" ქარიშხალი და ტექნიკა იყო, "დინამო" - ქარიშხალი, ტექნიკა და სათამაშო დისციპლინა", - განაცხადა მატჩის შემდეგ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა უილიამ ჯონსმა.

ჟენევაში გამართულ მატჩს ესწრებოდა 82 წლის ემიგრანტი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც თავის დას - ლიდას ორი წერილი გამოუგზავნა, რომლებშიც "რეალი" - "დინამოს" მატჩს იხსენებს: "ქართველები თამაშობდნენ: აუღელვებლად, შეწყობილად, მეტოდიურად - აქ სჩანდა უთუოდ ხელი მათი ხელმძღვანელის: ოთარ ქორქიასი.

ესპანელებს ეტყობოდათ აღელვება, თამაშობდნენ უფრო ცალკეულად. არც საერთო გეზი ჰქონდათ ჯეროვნად მომართებული.

მე ძალიან ვღელავდი. გასაგებია: სისხლი! ეს გამარჯვება ქართველების დიდად მნიშვნელოვანია. დავინახე ყამირითგან ამოხეთქილი ძალა ქართული.
მაგარი.

...ქართველი კალათბურთელების გამარჯვება აქ, ჟენევაში ესპანელებთან შეჯიბრში ჩემთვის მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი...

თუ პირველ ნახევარში 2 წერტით გაუსწრეს ჩვენებმა ესპანელებს, მეორე ნახევარში - 5-ით. ცეცხლი არა თუ მოაკლდათ, - პირიქით: კიდეც მოემატათ. ეს ისეთი დიდი ამბავია, რომ იგი სპორტულ გამარჯვებას სცილდება: ბევრად, ბევრად მეტი უკანასკნელზე. როგორც ქართველი - მე მხრებში გავიმართე.

გამარჯვებულები არ "აყვინჩილებულან" გამარჯვებით. ერთი მათგანის სახეზეც ვერ ამოიკითხავდი: "ხომ გაჯობეთ!" ზრდილად, რაინდულად, ქართველურად გაუწოდეს ხელი მოპირდაპირეთ. დაუვიწყარი სურათია!..

გავიფიქრე: მივსალმებოდი გამარჯვებულებს - გადავიფიქრე, შეიძლება "ეუცხოვოთ-მეთქი", გავივლე გულში (მიხვდებით - რის გამო). სიხარულთან ერთად ბასრი ტკივილი ვიგრძენი სულის სიღრმეში"...

"ვიცოდით, რომ ჟენევის მატჩს ჩვენი სასიქადულო მწერალი გრიგოლ რობაქიძე ესწრებოდა. ორთაბრძოლის შემდეგ სპორტის სასახლის ერთ-ერთ გასასვლელთან გველოდებოდა კიდეც, მაგრამ შეხვედრა ვერ მოვახერხეთ, რადგან კგბ-ს თანამშრომლებმა სხვა გასასვლელით გაგვიყვანეს. მაშინ სხვა დრო იყო", - მითხრა ერთხელ გურამ მინაშვილმა.

ჟენევის მატჩიდან დღემდე სწრაფად გაილია დრო. ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენი კალათბურთელების მიერ მოპოვებული ევროპის ჩემპიონთა თასი სამამულო სპორტის ისტორიაში საამაყო მიღწევათა გაუხუნარ გვირგვინად რჩება.

ამ გამარჯვების შემოქმედთაგან დღეს ჩვენს შორის აღარ არიან გიორგი ავალიშვილი და ოთარ ქორქია, ვლადიმერ უგრეხელიძე, ანზორ ლეჟავა, ალექსანდრე კილაძე, ლევან ინწკირველი, ვალერი ალთაბაევი, რევაზ გოგელია. "სამშობლო მათ სახელს სანთლებად აინთებს".

ჩემპიონთა თასის მოპოვების ნახევარსაუკუნოვან იუბილეს მხნედ ეგებებიან ჟენევის მატჩის გმირები - გურამ მინაშვილი, ლევან მოსეშვილი, ილარიონ ხაზარაძე და ამირან სხიერელი, რომლებიც კვლავაც სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცებად რჩებიან. ჯანმრთელობასა და სულის სიმხნევეს ვუსურვებთ ქართული "სპორტის რაინდებს".

გამარჯვებულები არ "აყვინჩილებულან" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვიდეო მასალა არ მოიპოვება?
დათო
12:47 07-06-2018
0
ეს სტატია შარშანაც წავიკითხე და ეხლაც ზუსტად ისე დამბურძგლა!... ქართულ გენს გაუმარჯოს!
საქართველოსთვის!!!
10:29 12-04-2013
0

სიახლეები პოპულარული