დაიბადა: 01.04.1986
სიმაღლე: 203სმ
ამპლუა: ფორვარდი
საკლუბო კარიერა
2003 "აკადემია" (თბილისი)
2003-06 "დიჟონი" (საფრანგეთი)
2006-07 "ესტუდიანტესი" (ესპანეთი)
2008 "დინამო" (თბილისი)
2008-09 "ტარტუ როკი" (ესტონეთი)
2009-12 "ვირტუსი" (იტალია)
2012-დან "მონტეპასკი" (იტალია)
მიღწევები
2004 წელს დრაფტზე "ატლანტამ" აიყვანა და "სან ანტონიოს" დაუთმო.
2004 - საფრანგეთის თასების თასის გამარჯვებული.
2004 - ფიბას თასის ფინალისტი.
2006 - საფრანგეთის თასის მფლობელი.
2008 - საქართველოსა ჩემპიონატის "ოლ სტარის" მონაწილე.
2011 - იტალიის ჩემპიონატის "ოლ სტარის" მონაწილე.
2011-12 - იტალიის პირველობის საუკეთესო ევროპელი.
დასრულდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი და მალე ოლიმპიური ცეცხლი აენთება. ასეთი
საკალათბურთო თემის აქტუალურობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ "ლელოს" სტუმრად ვიქტორ სანიკიძის მოწვევა, რომელმაც ამ კვირაში იტალიურ გრანდ "მონტეპასკისთან" კონტრაქტი გააფორმა.
ნაკრები
პირველი კითხვა სანაკრებო მზადებას ეხებოდა.
- შარშან ვარჯიში საქართველოში დავიწყეთ, ოფიციალურ შეკრებამდე ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძესთან ვმუშაობდით.
ამან გაამართლა, ევრობასკეტზე სათანადო კონდიციებში ვიყავით. ამიტომ, გადავწყვიტეთ წლეულსაც იგივე გეგმით მოვმზადებულიყავით.
კალათბურთის ფედერაციაც გვერდში დაგვიდგა და სამი მწვრთნელისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით. 17 ივლისიდან წვრთნას ავსტრიაში იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით განვაგრძობთ.
- საქართველოს ნაკრებს მიღმა დარჩნენ ნიკა ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა და ლაშა გამყრელიძე. რა შეფასება შეიძლება მიეცეს მწვრთნელთა ასეთ გადაწყვეტილებას?
- ვერ დავეთანხმები. ვეტერანები დაარქვეს, თუმცა ისინი ჩემთვის გამოცდილი კალათბურთელები არიან.
მწვრთნელი რომ ვიყო, არ გავუშვებდი. რაც შეეხება გაახალგაზრდავების ტენდენციას, ეს მისასალმებელია.
ძველი თაობის ახლით ჩანაცვლება გარდაუვალი მოვლენაა. შარშან, ევროპის ჩემპიონატზე 12 კალათბურთელი ვთამაშობდით, ხომ შეიძლებოდა ამავე თორმეტეულს 6 ახალგაზრდა დამატებოდა და მივიღებდით გაფართოებულ 18-კაციან შემადგენლობას.
ასე რატომ არ მოხდა, ჩემთვის გაურკვეველია, თუმცა მწვრთნელმა გადაწყვიტა და მის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი.
- ევრობასკეტის შემდეგ დაისვა კითხვა: უნდა დარჩეს თუ არა კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში, ხომ არ ამოწურა თავისი შესაძლებლობები?
- პირველ რიგში ჩვენ, კალათბურთელებს არ ამოგვიწურავს თავი. ლიტვაში სასტარტო გამთამაშებელი და ცენტრი გამოგვაკლდა, რამაც გუნდზე მეტად უარყოფითად იმოქმედა. ასეთ პირობებში კი, არა მგონია, თუნდაც ფილ ჯექსონს იგორ კოკოშკოვზე უკეთესი შედეგი ეჩვენებინა.
ვერც იმას ვიტყვი, დევიდ ბლატი რომ ჩამოეყვანათ აჯობებდა-მეთქი. ვთვლი, რომ ევრობასკეტის შემდეგ იგორ კოკოშკოვის საქართველოს ნაკრებში დარჩენა სწორი გადაწყვეტილება იყო.
- საქართველოს ნაკრებისგან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რას უნდა ველოდეთ?
- რადგან წილისყრისას პირველ კალათაში ვიყავით, შესაძლოა, ფავორიტებადაც ვითვლებოდეთ, მაგრამ გასეირნება არც ერთ მატჩში არ გველის. გავიხსენოთ თუნდაც შარშანდელი მოსამზადებელი ეტაპი, როცა ლატვიასთან ორიდან ერთი მატჩი მოვიგეთ.
ბალტიისპირელებს ახალგაზრდა, მაგრამ მებრძოლი გუნდი ჰყავდათ. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება საკუთარი მოედნის ფაქტორის გამოყენება - შინ ყველა მატჩი მოსაგები გვაქვს. სტუმრად ძალიან რთული იქნება ლატვიასა და ბოსნიაში.
- მეტოქეებზე ლაპარაკისას ნაკრების სხვა წევრებმაც ყურადღება გაამახვილეს ლატვიაზე. არადა, წილისყრისას მეორე კალათაში ბოსნია იყო...
- ჩვენთან ერთად ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად სწორედ ბოსნია ითვლება. ეს ყველას კარგად მოეხსენება. ლატვიით კი იმიტომ დავიწყე, რომ მისგან ბევრი არ ელის მაღალ საფეხურზე ასვლას, თუმცა ანგარიშგასაწევი მეტოქეა.
- ახალ ნატურალიზებულზე რისი თქმა შეიძლება?
- შარშან ევროპის ჩემპიონატის წინ მარკიზ ჰეინსი დავიმატეთ, რომელიც დადებითი პიროვნება იყო, თუმცა ევროპაში თამაშის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება ჰქონდა. გამოჩნდა, რომ გამოუცდელი კალათბურთელის ჩამოყვანა შეცდომა იყო...
თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ ამერიკელებს, ვინც ევროპულ კალათბურთში თავისი სიტყვა თქვა, ამა თუ იმ ქვეყნის პასპორტი უკვე მიღებული აქვთ. მაგალითად, კუკი ჩერნოგორიის მოქალაქეა, მაკალები - მაკედონიის...
ზოგიერთ უმაღლესი დონის კალათბურთელს სულაც არ სჭირდება ევროპული პასპორტი, რადგან ისედაც თავისუფლად ხვდება ამა თუ იმ კლუბში. ასე რომ, ფედერაციისთვის სასურველი ლეგიონერის მოძიება იოლი ნამდვილად არ იყო.
იმედი მაქვს, ახალწვეული, კორი ფიშერი აქაურობას იოლად შეეგუება და სათანადოდ დაგვეხმარება.
მონტეპასკი
- ახლახან გააფორმეთ კონტრაქტი სიენას "მონტეპასკისთან". რა მიზნებს ისახავს გუნდი და რა ძალისა იქნება მომავალ სეზონში?
- ველაპარაკე კლუბის მწვრთნელ ლუკა ბანკის, რომელმაც სიმონე პიანიჯანი შეცვალა. ყველამ კარგად იცის, რომ "მონტეპასკი" ამჟამინდელი მფლობელის ხელში ყოველთვის საჩემპიონო გუნდი იქნება. იტალიაში ამჯერედაც ოქროს მოგებისთვის ვიბრძოლებთ, ევროლიგაზე კი ვეცდებით, რაც შეიძლება კარგად გამოვიდეთ.
- წლეულს იტალიაში მთავარი კონკურენტი მილანი იქნება...
- ამ გუნდში მართლაც ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი, მაგრამ მხოლოდ სახელები თამაშს ვერ მოიგებენ.
მილანელებს შარშანაც ასეთივე გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ჩემპიონი მაინც "მონტეპასკი" გახდა. შარშანწინ კი "მილანი" ნახევარფინალიდან "კანტუმ" გამოთიშა, რომელსაც გაცილებით მცირე ბიუჯეტი ჰქონდა. სხვათა შორის, კანტუელები მას წლეულსაც რომ გადაყროდნენ, ამჯერადაც მოუგებდნენ.
სერთოდ, მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ" სწორ კალათბურთს თამაშობს. როცა მათთან მატჩის წინ "კანტუს" კომბინაციებზე ვვარჯიშობდით, ჩვენი უკანახაზელები წვრთნის პროცესში იღლებოდნენ, იმდენად მობილურ კალათბურთს თამაშობს მეტოქე. იოლი წარმოსადგენია, რა რთული იქნებოდა კანტუელთა დევნა.
- არის თუ არა შესაძლებლობა, ვიქტორ სანიკიძე NBA-ში ვიხილოთ?
- ვფიქრობ, არის. სიენელებთან 2+1 სისტემის კონტრაქტი მაქვს, რომლის ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნულია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია დროზე ადრე "მონტაპასკის" დატოვება, თუ NBA-ს გუნდში გადავალ.
ვფიქრობ, მე არაფერი დამიკლია, რომ "სან ანტონიოს" ყურადღება დამემსახურებინა. იტალიაში კარგი სეზონი მქონდა, საშუალოდ ორმაგ დუბლს ვაგროვებდი. ერთადერთი, რაც მაკლდა, ევროლიგაზე თამაშის გამოცდილება იყო. ახალი სეზონიდან ამ ტურნირზეც ვითამაშებ.
- სხვათა შორის, "სან ანტონიოს", რომელმაც 2004 წლის დრაფტზე აგიყვანა, ოქტომბერში ამხანაგურად გაეჯიბრები...
- ეს დამატებითი სტიმული იქნება, თუმცა ერთი მატჩის კარგად ჩატარების გამო არავის არავინ აჰყავს. ვეცდები, ამერიკაში შესაძლებლბები სრულად გამოვავლინო.
- "ვირტუსიდან" გაცილებით ძლიერ გუნდში გადახვედით. შეიძლება ითქვას, რომ სანიკიძისგან კიდევ მეტს უნდა ველოდოთ?
- ყოველთვის ვცდილობ, თამაში გავაუმჯობესო. ამისთვის საჭიროა ძლიერი გუნდი, ოღონდ ისეთი, სადაც თამაში მომიწევს. მქონდა წინადადება სხვა კლუბებიდანაც.
ერთი რუსული გუნდი გაცილებით მაღალ ანაზღაურებასაც მთავაზობდა, მაგრამ "მონტეპასკიში" გადასვლა გადავწყვიტე, რადგან საკალათბურთო თვალსაზრისით ასე ჯობდა. თან, იტალიაში თავს კარგად ვგრძნობ, სიენელები სათანადოდ მიცნობენ და არა მგონია, აკლიმატიზაციასთან და გუნდთან მორგებასთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნას. ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.
პერსპექტივა
- ამჟამად მიმდინარეობს საზაფხულო ლიგა, რომელშიც თორნიკე შენგელია თამაშობს. როგორ ფიქრობ, რა შანსი აქვს ამერიკაში დარჩენის?
- შანსი რომ არ ჰქონდეს, ლიგაზე არ ითამაშებდა. თორნიკეს ყველა ვქომაგობთ და გვინდა, რაც შეიძლება კარგ გუნდში მოხვდეს. წლეულს "ბრუკლინ ნეთსის" ხელმძღვანელობა დიდ ფულს ხარჯავს და ძლიერ გუნდსაც აკეთებს.
თუ შენგელია ასეთ კლუბში აღმოჩნდება, ამას რა აჯობებს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მას სათამაშო დროც სჭირდება.
- ბოლოს ახალგაზრდებზე გკითხავთ. ნაკრების მომავალი თაობა, პირველ რიგში საქართველოს ჩემპიონატში უნდა გამოიწვრთნას. თუ ადევნებთ თვალს ეროვნულ პირველობას?
- გასულ სეზონში ბევრი კარგი უცხოელი იყო. ეს მისასალმებელია. ამის პარალელურად აუცილებელია მწვრთნელების კვალიფიკაციაზეც მიმდინარეობდეს მუშაობა. მახსოვს, გიორგი ცინცაძე მოსკოვის ცსკა-ში რომ გადავიდა, ვორონცევიჩსა და ბიკოვს დიდი პოტენციალის კალათბურთელებად არ თვლიდნენ, მაგრამ რუსულ კალათბურთში ფული გაჩნდა და ლეგიონერების პარალელურად ბევრი მაღალი დონის მწვრთნელიც ჩაიყვანეს.
მესინას და ივკოვიჩის გვერდით ახალგაზრდა კალათბურთელებიც გაიზარდნენ და მწვრთნელებიც.
მაგალითად, პაშუტინი ძლიერ სპეციალისტად ჩამოყალიბდა, ხოლო ვორონცევიჩი ამჟამად ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია. მთავარია, სამუშაოს სწორი მიმართულებით წარმართვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია ნაცვლიშვილი სტუმრად "ლელოსთან": ლონდონიდან ქართველების 7-8 მედალს ველოდები
რევაზ ძოძუაშვილი სტუმრად "ლელოსთან": ყველა ქართველ პრეზიდენტს ადვილად სამართავი მწვრთნელი სჭირდება
მანუჩარ მარკოიშვილი სტუმრად "ლელოსთან": ისეთი თაობა არ მოდის, რომ ნაკრებში კონკურენცია შეიქმნას
გურამ კაშია სტუმრად "ლელოსთან": ჰოლანდიურ ფეხბურთში ასე არ ხდება...
არჩილ არველაძე სტუმრად "ლელოსთან": ჩვენს ჩემპიონატში გუნდი არაა, ჩაწყობილი თამაში რომ არ უთამაშია
ვასილ მაისურაძე სტუმრად "ლელოსთან" - წარმატების ფორმულა
ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოსთან": თუ ნაკრებს დავჭირდები...
კახა კალაძე სტუმრად "ლელოსთან": ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს