ვრცელი სლოვენიური ინტერვიუ ვლადიმერ სტეფანიასთან

AutoSharing Option
სლოვენიურ ინტერნეტ-პრესაში გიორგი შერმადინზე სიახლეების ძიებისას საინტერესო მასალას წავაწყდი: ჟურნალისტ ანჟე ბლაჟიჩს ვლადიმერ სტეფანიასთან იმდენად ვრცელი ინტერვიუ გამოსვლია, რომ პუბლიკაცია ორ ნაწილად გაუყვია. ნბა-ში მოხვედრილ პირველ ქართველ კალათბურთელთან ინტერვიუ ქართველ ქომაგსაც დააინტერესებს.

სლოვენიელი ჟურნალისტი გვახსენებს, რომ სტეფანია "ოლიმპიაში" 17 წლისა ჩაირიცხა და იქ 1998 წლამდე დარჩა. მისთვისა და "ოლიმპიასთვის" ყველაზე წარმატებული 1997 წელი იყო, როცა გუნდი ევროლიგის ფინალურ ოთხეულში გავიდა. ნახევარფინალში სლოვენიელები ვლადიმერ სტეფანიამ გაიყვანა, რომელმაც ხორვატიის "ციბონასთან" მატჩში ბოლო წამებზე გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო.

პირველი კითხვა ასეთია:

- კარიერა ნაადრევად
დაასრულეთ...
- ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები მქონდა. ბოლოს ორივე მუხლი მაწუხებდა. ამიტომ იძულებული გავხდი, კალათბურთის თამაშისთვის თავი 29 წლის ასაკში დამენებებინა. მანამდეც მძიმე მდგომარეობაში ვიყავი - პირველი ოპერაცია 23 წლისამ გადავიტანე. ასეთი სახის სერიოზული ოპერაციები ტიმ დანკანმა 31 წლისამ გაიკეთა, ჯეისონ კიდმა - 32 წლისამ.

- რაზე გწყდებათ გული, რისი გაკეთება ვერ მოასწარით?
- ყველა კალათბურთელს სურს, რაც შეიძლება მეტს მიაღწიოს. "ოლიმპიასთან" ერთად ევროლიგის ფინალური ოთხეული ვითამაშე და ვარსკვლავთა მატჩში ორჯერ მოვხვდი. ეს ცოტა არ არის, თუმცა არც ევროლიგის მოგებაზე ვიტყოდი უარს, თუმცა ეგაა,მიღწევის გაცილებით მეტი შანსი იმ კალათბურთელებს აქვთ, ვინც ცსკა-სა და "პანათინაიკოსში" თამაშობენ.

- 1993-94 წლების სეზონში პირველად ითამაშეთ სლოვენიის ლიგაში. როგორ მოხვდით აქ?
- ზორან მარტიჩმა ერთ-ერთ ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მნახა. იგი ჩემ წასაყვანად თბილისში ჩამოვიდა. მაშინ ახალგაზრდა, ტანმაღალი კალათბურთელი ვიყავი და საკუთარი შესაძლებლობებისა ბოლომდე არ მჯეროდა. "ოლიმპიაში" მოხვედრის შემდეგ საბოლოოდ ვირწმუნე, რომ დიდი კალათბურთის თამაში შემეძლო. სლოვენიამ ბევრი რამ შემმატა, პროფესიონალიზმი, მეგობრები. კარგი მოგონებები დამრჩა...

- საქართველოდან წამოსვლა ძნელი იყო?
- მაშინ ჩემს ქვეყანაში ბევრი პრობლემა იყო, ძირითადად საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, კალათბურთი ჩემი პროფესია გახდებოდა თუ არა, შანსი ხელიდან არ გავუშვი და სლოვენიაში წავედი. ეს სწორი ნაბიჯი გამოდგა.

- პირველი ქართველი ბრძანდებით, ნბა-ში ითამაშა...
- ამერიკაშიც და სლოვენიაშიც პირველი ვიყავი. ლიუბლიანაში რომ ჩამოვედი, არავინ მყავდა, ვისთვისაც აზრის გაზიარებას შევძლებდი და ჭკუას დამარიგებდა. ეს ძნელი იყო. შეიძლება, ფიზიკურად უკეთესად რომ ვყოფილიყავი მომზადებული, მუხლები ასე არ ამტკიებოდა და კარიერა სხვანაირადაც მომეწყო. თუმცა ახლა ვერაფერს შევცვლი. ვცდილობ, ჩემი გამოცდილება შედარებით ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს გავუზიარო. ვფიქრობ, ზაზა ფაჩულიასა და ვლადიმერ ბოისას საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ ჰქონდათ ის, რაც მე მაკლდა.

- 1997 წელს ევროლიგის მერვე მატჩში "ციბონას" გადამწყვეტი ორქულიანი ჩაუგდეთ. დღეს ამ შეხვედრას როგორ გაიხსენებთ?
- ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი. NBAნბა-ში ისეთივე ნდობა რომ მქონოდა, როგორიც "ოლიმპიაში", გაცილებით მეტ მნიშვნელოვან ქულას ჩავაგდებდი. ზაგრებულ "ციბონასთან" თამაში ახლაც კარგად მახსოვს. ვიცოდი, რომ ბურთს არ ავაცილებდი და ამიტომაც ვისროლე. წარმატება ლოგიკური იყო, რადგან მანამდე მწვრთნელ ზმაგო საგადინთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ. შრომა კი არასოდეს იკარგება.

- ცნობილია, რომ ზმაგო საგადინის "კომენდანტის საათი" არ გსიამოვნებდათ...'
- საქმეს ყოველთვის სერიოზულად ვუდგებოდი, ვარჯიშისას ძალას არ ვიშურებდი. ამავე დროს აუცილებელი იყო დასვენებაც. მაშინ 19-20 წლისა ვიყავი და ჩემი დასვენება გართობა იყო. მწვრთნელს სწორედ ეს არ მოსწონდა. შეიძლება მეგობრებთან ვსვამდი კიდეც, მაგრამ ძალიან ცოტას. რა არის ცუდი იმაში, თუ საღამოს მეგობრებთან ერთ ჭიქა ყავას ან ლუდს მიირთმევ? ღამის პირველის ნახევარზე დაძინებაშიც ვერ ვხედავ ცუდს... რობოტივით ცხოვრება არ შემეძლო.

- საგადინი ის ადამიანი იყო, რომელსაც ვერ უგებდით?
- სპორტი სპეციფიკური რამაა. შეიძლება, ვინმე არ მოგწონდეთ, მაგრამ მასთან მუშაობა გიწევდეთ. ახალგაზრდულ "ოლიმპიაში" დიდი კონკურენცია იყო. სწორედ ამ დროს ერთ-ერთი მთავარი როლი დამეკისრა, რისთვისაც მწვრთნელისადმი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თუმცა იყო რამდენიმე საკითხი, რაშიც საგადინს არ ვეთანხმებოდი. 20 წლისას მუხლი ამტკივდა. მწვრთნელს კი ეგონა, რომ ვარჯიში არ მინდოდა, ვზარმაცობდი. მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ახალგაზრდა კალათბურთელი ტრავმის გამო ფიზიკურ დატვირთვებს ვერ ვუმკლავდებოდი. მსგავს პრობლემას მხოლოდ ზმაგო საგადინთან როდი წავაწყდი, პატ რაილიც ბევრს ითხოვდა. მათ ერთი კალათბურთელი არ აღელვებდათ, გაცილებით მნიშვნელოვანი გუნდი იყო. საგადინის "ოლიმპიაში" ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი ვიყავი, მაგრამ საკუთარი თამაშის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის დრო არ მრჩებოდა. ლიუბლიანის "ტივოლი არენაზე" დომინიკ უილკინსის და სხვა ვარსკვლავების წინააღმდეგ მითამაშია. მათ არ ჩამოვუვარდებოდი, მაგრამ შედარებით ნაკლები გამოცდილება მქონდა. მეტი უნდა მესწავლა, რომ მათთვის გამესწრო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე.

- როგორ ფიქრობთ, ამ მხრივ ახლა რა სიტუაციაა "ოლიმპიაში"?
- სადღეისოდ სიტუაცია შეიცვალა. ყველას ესმის, რომ მეტი სარგებელი რომ მოუტანოს, კალათბურთელი სწორად უნდა აღზარდოს, ინდივიდუალურად მეტი უნდა ავარჯიშოს. არ გეგონოთ, საგადინს რამეში ვადანაშაულებ - 90-იანი წლების ბოლოს "ოლიმპიაში" იყო მომენტი, როცა ერთეული მოთამაშის პროგრესზე ფიქრის დრო არ რჩებოდა, გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა.

- "ოლიმპიას" რომელ კალათბურთელს გამოარჩევდით?
- კონკრეტული გვარების გამოყოფა მიჭირს, თუმცა ახლაც კარგად მახსოვს ჯონ ტეილორი, არი მაკდონალდი, ბოსტიან ნახბარი. პირველ სეზონში ახლოს ვიყავი რაშო ნესტეროვიჩთან. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მეც სხვა ფილოსოფია მქონდა. მიუხედავად ამისა, ყველა კალათბურთელთან ახლოს ვიყავი.

- 1998 წელს ლიუბლიანიდან ამერიკულ "სიეტლში" გადახვედით, სადაც თამაში ნაკლებად გიწევდათ. ოკეანის გაღმა წასვლა ხომ არ გინანიათ?
- საქმე რთულად იყო. მქონდა ფინანსური პრობლემები, მყავდა ოჯახი და როცა ამერიკაში წასვლა გადავწყვიტე, მაშინ ეს ნაბიჯი გამართლებულად მიმაჩნდა. დღეს ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა სხვა არჩევანი არ მქონდა. "სიეტლი" 1998 წელს ნბა-ს მეორე გუნდი იყო, მანამდე ფინალური სერია ჰქონდა ნათამაშები. ამიტომ შემადგენლობაში ფეხის მოკიდება გამიჭირდა. სიტუაცია გაართულა მუხლის ტრავმამ, რომელიც 21-ე თამაშისას მივიღე.

- "სიეტლი", "ნიუ ჯერსი", "მაიამი", "პორტლენდი"... ორგანიზაციული თვალსაზრისით რა სხვაობაა თქვენს ყოფილ კლუბებს შორის?
- კალათბურთელებს Nნბა-სBოცნების ლიგად მიაჩნიათ და ყველა გუნდს ერთ "კალათაში ათავსებენ". რეალურად, გუნდები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ახლა რომ მქონდეს არჩევანის საშუალება, ჯერ მწვრთნელს შევხედავდი, შემდეგ შემადგენლობას, თამაშის სტილს და გადაწყვეტილებას ამის მერე მივიღებდი. კარგი სპეციალისტის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი მწვრთნელის ხელში მოხვედრას ბევრს არ ვუსურვებ. ჯორჯ კარლის, პატ რაილის, ჯერი სლოუნის სამწვრთნელო საქმიანობაში ბევრი რამ აქვთ დამტკიცებული და დიდი გამოცდილებაც გააჩნიათ. ისინი სწორად მუშაობენ. თუმცა არის ზოგიერთი ისეთი მწვრთნელი, რომელსაც გამოცდილებაც არასაკმარისი აქვს და თავსაც არაკომფორტულად გრძნობს. ისინი კალათბურთელთა პროგრესზე მეტად საკუთარ თავზე ფიქრობენ. სწორედ ასეთების ხელში იკარგება ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი - ბოლო 5 წუთს ენდობიან... ავიღოთ ნახბარის მაგალითი, რომელიც ამერიკაში სამი წლის განმავლობაში ცოტას თამაშობდა, ჯეფ ვან განდის ხელში კი ბოლომდე გაიხსნა. ასეთი საკითხები ევროპელ სპეციალისტებს გაცილებით კარგად ესმით. ბოლო დროს ზოგიერთი ამერიკელი მწვრთნელი დარწმუნდა, რომ თამაში ევროპელ კალათბურთელებსაც შეუძლიათ.

- საქართველო-რუსეთის ომის დროს თქვენი ხილვა გაეროშიც შეიძლებოდა...
- კარგი კონტაქტები მქონდა საქართველოს მთავრობასთან, რომელმაც მომცა საშუალება, მემუშავა გაეროს საქართველოს წარმომადგენლობაში. ეს ორგანიზაცია არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებშიც მეც ვმონაწილეობდი. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ განათლებისთვისაც მოვიცალე და ნიუ იორკის უნივერსიტეტში სპორტისა და ბიზნესის ფაკულტეტი დავამთავრე.

- საქართველოზე, როგორც საკალათბურთო ქვეყანაზე რას იტყვით?
- აქამდე საქართველოს ჩემპიონატში მძიმე მდგომარეობა იყო, ფინანსურად წელმაგარი გუნდები იშვიათობა გახლდათ. არადა, ქართველებს ძალიან სჭირდებათ სპორტული წარმატებები. სწორედ ძლიერი საფეხბურთო ან საკალათბურთო გუნდებმა უნდა განაპირობონ საერთაშორისო ორგანიზაციების დამატებითი მხარდაჭერა ჩრდილოელი მეზობლის აგრესიისას.

- არაერთმა ქართველმა ევროპას და ამერიკას სლოვენიის გავლით მიაღწია. როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდა გიორგი შერმადინით სლოვენიის "ოლიმპია" აქამდე რატომ არ დაინტერესდა?
- მაშინ, როცა გიორგი თბილისის "მაქაბიში" ასპარეზობდა, მისდამი ინტერესს ბევრი მაღალი დონის კლუბი გამოხატავდა - "კიევი", "ჰაპოელი", "პანათინაიკოსი", Nნბა-ს გუნდები. ასე რომ, "ოლიმპიას" შერმადინის გადაყვანა რომ სდომებოდა, კონკურენციას ვერ დაძლევდა.

- ლიუბლიანას ხშირად სტუმრობთ?
- სლოვენია ძალიან მიყვარს, აქ სახლიც მაქვს. როცა შესაძლებლობა მეძლევა, ლიუბლიანაში ყოველთვის ჩამოვდივარ.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული