იგორ კოკოშკოვი "კლივლენდის" შეტევას მიხედავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა ბოლო ხუთი წელი "ფინიქს სანსის" სამწვრთნელო შტაბში გაატარა.

განვლილ სეზონში გუნდმა დასავლეთის კონფერენციაში ბოლო ადგილი დაიკავა და სამწვრთნელო შტაბში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა.

ამ პროცესმა კოკოშკოვის გარეშეც ვერ ჩაიარა. იგი აღმოსავლეთის კონფერენციის წარმომადგენელმა "კლივლენდ კავალიერსმა" მიიწვია და სერბმა სპეციალისტმაც "მზეების" დატოვება გადაწყვიტა.

ამ ამბავთან დაკავშირებით, საიტ clevland.com-ზე მცირე პუბლიკაცია გაჩნდა: "ერლ ბოიკინსმა დენვერიდან კაირ ირვინგს დაურეკა და "კლივლენდის" ერთ-ერთ მწვრთნელად იგორ კოკოშკოვის დანიშვნა ამცნო:

- ეს ადამიანი ნამდვილად მოგეწონება. მისი შეხედულებით, ბურთი ყოველთვის გამთამაშებელს უნდა ჰქონდეს.

კოკოშკოვმა ამერიკის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო. მას NBA-ში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს.

სხვადასხვა დროს იყო "კლიპერსში", "დეტროიტსა" და "ფინიქსში". "სანსის" მწვრთნელად ელვინ ჯენტრის დანიშვნის შემდეგ იგორი შეტევებში ფინიქსელთა კოორდინატორად მუშაობდა.

იგი საქართველოს ნაკრების თავკაციცაა, გუნდისა, რომელშიც ზაზა ფაჩულია თამაშობს. კოკოშკოვი ერლ ბოიკინსთან ლოს ანჯელესში ორი წელი მუშაობდა.

ბოიკინსი განაგრძობს: - იგორი ძალიან, ძალიან შემოქმედებითია. მომწონს მისი მუშაობა. კალათბურთელებს მხოლოდ რჩევებს აძლევს და არ ეუბნება - შენ ეს უნდა გააკეთო, ან ეს არ უნდა გააკეთოო. მან მოთამაშეებთან ურთიერთობა კარგად იცის".

კლივლენდური პრესის ინფორმაციით, იგორ კოკოშკოვი ახალ გუნდშიც შეტევას მიხედავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული