შეკრების მიზანი თავიდანვე განგვიმარტეს - 21 ივნისს ორგანიზაცია "კალათბურთელთა კავშირმა" მოაწყო პრესკონფერენცია, რომელზეც რამდენიმე ისეთ დეტალზე შეაჩერა ყურადღება, რაც "ვეტერან კალათბურთელთა კავშირის" წარმომადგენლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
პროტესტს ხელს აწერს 35 ვეტერანი კალათბურთელი. შეხვედრაზე სპეციალურად მედიისთვის დაიბეჭდა პრესრელიზი, რომელშიც დეტალურადაა განხილული ყველა საჭოჭმანო საკითხი. მეტს არ განვაგრძობთ, ერთად გადავხედოთ ამ დოკუმენტს.
"ბოლო ხანს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნების მოახლოებისას, საკალათბურთო წრეებთან დაახლოებულ პირთა ჯგუფების მიერ გახშირდა თავიანთი საქმიანობის "წარმოჩენის" მაგალითები.
აღნიშნული მოვლენები რამდენჯერმე გაშუქდა მასობრივი
ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, ვინ არიან ამ ორგანიზაცის წევრები, თუმცა თუ დავაკვირდებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებულ სიუჟეტებს, მათი რაოდენობა დიდი არ უნდა იყოს - ჩანს მხოლოდ რამდენიმე ერთი და იგივე სახე.
სამაგიეროდ, ეს ორგანიზაცია თავისი წევრების სიმწირის კომპენსაციას ახდენს დიდი ტყუილებით, ფაქტების გაყალბებით, ისტერიამდე მისული შეურაცხყოფებით, გაკეთებული საქმეების შეგნებულად არდანახვით და იგნორირებით. და ეს ხდება ამ ორგანიზაციის ასპარეზზე გამოსვლის პირველივე დღიდან.
თავიდანვე ვაცხადებთ, რომ ჩვენ, ქართული კალათბურთის ვეტერანები, ვისაც გარკვეული წვლილი გვაქვს შეტანილი ქართული კალათბურთის წარმატებასა და განვითარებაში, აღშფოთებულები ვართ იმ სიცრუისა და შეურაცხყოფის ნიაღვრით, რომელიც მოედინება "კალათბურთელთა კავშირისგან" და რომელიც მიმართულია ერთიანი საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებაში განხეთქილების შეტანისთვის.
ცხადია, ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი აზრი, გააჩნდეს საკუთარი მიზანი და ისწრაფვოდეს ამ მიზნისაკენ, ოღონდ ეს უნდა ხდებოდეს ჯანსაღად, ტყუილების და შეურაცხყოფის გარეშე.
მიუღებელია მიზნის მიღწევისთვის ყველანაირი უკადრებელი ხერხის გამოყენება. "კალათბურთელთა კავშირს" კი სტრატეგიად და "მოღვაწეობის" წესად დაუსახავს სიცრუეზე აგებული საქმიანობა და ქართული კალათბურთის უმაღლესი მმართველი ორგანოს - საქართველოს კალათბურთის ფედერაციის უსაფუძვლო შეურაცხყოფა.
ბევრი სიცრუის მოტანა შეიძლება "კალათბურთელთა კავშირის" "მოღვაწეობიდან", მაგრამ მხოლოდ რამდენიმეზე შევჩერდეთ.
სიცრუე #1. "კალათბურთელთა კავშირის" განცხადებით, 2001 წლის ფედერაციის არჩევნებში, სადაც პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს იყრიდნენ ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და ოლიმპიური ჩემპიონი მიხეილ ქორქია, "რაღაც მანიპულაციებით ფედერაციის ამჟამინდელმა მმართველებმა მოიგეს".
ჩვენ არ ვიცით, ვის რა მანიპულაციები ელანდება, მაგრამ ვიცით ის, რომ 2001 წლის ყრილობაზე ძალიან ბევრი ჩვენგანი იყო დელეგატი.
ნაწილმა ჩვენგანმა ხმა მისცა ბესიკ ლიპარტელიანს, ნაწილმა - მიხეილ ქორქიას და პრეზიდენტად აირჩიეს ის, ვინც მიიღო მეტი ხმა.
რაც მთავარია, არჩევნები ჩატარდა ჯანსაღ გარემოში და ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე. ასე რომ, თავისდა გაუაზრებლად (ან იქნებ სავსებით შეგნებულადაც) "კალათბურთელთა კავშირი" შეურაცხყოფას გვაყენებს ჩვენ, საქართველოს საკალათბურთო საზოგადოების დიდ ნაწილს; გამოვყავართ არარსებული მანიპულაციების მონაწილეებად, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
სიცრუე #2. "კალათბურთელთა კავშირი" აცხადებს, რომ ადრე "ერთ ადამიანს საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენება ორჯერ შეეძლო, მათ მიერ (ალბათ გულისხმობენ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელებს) შეტანილი ცვლილებების თანახმად, რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ მიიღებს მონაწილეობას".
ამგვარი უკიდეგანო სიცრუის მოგონების ნაცვლად, "კალათბურთელთა კავშირს" ვურჩევთ, გაეცნოს კალათბურთის ფედერაციის წესდებებს დღიდან დაარსებისა (1991) და იპოვოს იქ პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ერთ ადამიანს მხოლოდ ორჯერ შეუძლია საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენება.
ცხადია, ამგვარ რამეს ვერც ისინი და ვერც ვერავინ იპოვის, რადგან ამგვარი პუნქტი არც ერთ წესდებაში არ ყოფილა და, შესაბამისად, არარსებულს ვერავინ შეცვლიდა.
სიცრუე #3. ავტორი "კავშირის" წევრი, ვეტერანი კალათბურთელი გურამ მინაშვილია. 23 ივნისს მან პრესკონფერენციაზე განაცხადა:
"გამგეობის ერთ-ერთ სხდომაზე ლიპარტელიანს ვუთხარი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო. მან კი მიპასუხა: არავის დაეკითხება და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას".
ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია და საწყენია, რომ ისეთი დიდი კალათბურთელი და დამსახურებული პიროვნება, როგორიც გურამ მინაშვილია, შეგნებულად ახდენს ამ ფრაზის დამახინჯებას, რითაც ცდილობს ლიპარტელიანის დისკრედიტაციას.
ამ ფრაზით მინაშვილი ცდილობს, სიტუაცია დახატოს ისე, რომ ლიპარტელიანი არ სცემს პატივს საკალათბურთო საზოგადოებას. მაგრამ მას ავიწყდება, რომ ბევრი ჩვენგანი ესწრებოდა ამ ყრილობას (და არა გამგეობის სხდომას), რომელიც გაიმართა 2012 წლის დეკემბერში და ყველაფერი კარგად გავიგეთ და დავინახეთ - ლიპარტელიანის მიერ არ თქმულა ამ სიცრუის საკვანძო ფრაზა "არავის დავეკითხები".
ლიპარტელიანის პასუხი იყო, რომ მას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, იყრის თუ არა არჩევნებში კენჭს.
სიცრუე #4. "ბოლო 12 წლის განმავლობაში ქართულ კალათბურთში არ ყოფილა წარმატება, ქართული კალათბურთი ღრმა კრიზისშია და უკან მიდის"...
ამ წერილის მიზანი არ გახლავთ ქართული კალათბურთის ბოლოდროინდელ წარმატებებზე საუბარი, მაგრამ სულ მცირე ფაქტების მოტანა აუცილებლად მიგვაჩნია:
საქართველოს ნაკრების ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრა; ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა; საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონის ორჯერ მოგება (2006, 2011). ის, რომ საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები ტარდება 5 ასაკობრივ კატეგორიაში და კალათბურთს დაუბრუნდა მასობრიობა, რასაც ვერ ვიტყოდით 2001 წლამდე პერიოდზე. თუნდაც ეს მცირე ჩამონათვალი ნათლად ადასტურებს "კალათბურთელთა კავშირის" სიცრუეს ამ საკითხთან მიმართებაში.
ახლოვდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნები. ცხადია, მასში ყველას შეუძლია მონაწილეობა, ოღონდ ჯანსაღად, კონკურენტულ გარემოში, უკვე გამოჩენილი ზეწოლის გარეშე და საარჩევნო კამპანია არ უნდა იყოს ტყუილზე აგებული.
ჩვენ, საქართველოს საკალათბურთო საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი, ვართ გარანტი, რომ არჩევნები გაიმართება ცივილიზებულად, არ იქნება ტყუილების ტირაჟირება და ვერავინ მოახერხებს თავისთვის სასურველი კანდიდატის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე "დანიშვნას", განურჩევლად თანამდებობისა.
ყველას ვაფრთხილებთ, რომ ბოლო დროს დაწყებული მცდელობების მიუხედავად, ვერავინ შეიტანს განხეთქილებას საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებაში და ამის ჩადენის მსურველების "მოღვაწეობა" ისევე მოკლე იქნება, როგორც მათ მიერ ტირაჟირებულ ტყუილებს აქვს მოკლე ფეხი."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"