ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში: სათავეებთან

AutoSharing Option
წლეულს 4-22 სექტემბერს სლოვენია კალათბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ფინალურ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიც იასპარეზებენ. კონტინენტის პირველობებს თითქმის რვა ათეული წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი: 1935 წლის 2-7 მაისს შვეიცარიაში 10-მა ნაკრებმა მოიყარა თავი.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ლატვიელებმა ჯერ შვეიცარიელებს სძლიეს (28:19), გადამწყვეტ პაექრობაში კი ესპანელებს მოუგეს 24:18 (მაშინ ბურთის ტარებისთვის დროის კონტროლი არ არსებობდა) და ჩემპიონები გახდნენ. მესამე ადგილზე ჩეხოსლოვაკიელები გავიდნენ.

ორი წლის შემდეგ (ისევ 2-7 მაისს, ოღონდ რვა გუნდის მონაწილეობით) ჩემპიონატს რიგამ უმასპინძლა.

ამჯერად ფინალში ლიტვამ იტალიას აჯობა ერთი
ქულით - 24:23 და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მესამე ადგილი პოლონელების მძლეველ (27:24) ფრანგებს ხვდათ.

1939 წელს კონტინენტის პირველობა 21-28 მაისს კაუნასში (ლიტვა) გაიმართა. იქ რვა გუნდმა იასპარეზა წრიული სისტემით. მასპინძლებმა შვიდივე შეხვედრა მოიგეს და 14 ქულით ჩემპიონობა შეინარჩუნეს.

მასპინძელთა შორის გამოირჩეოდა მოთამაშე მწვრთნელი პრანას ლიუბინასი - ამერიკელი კალათბურთელი, 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ფრენკ ლიუბინი.

დებიუტი
მეორე მსოფლიო ომის გამო ევროპის ჩემპიონატები შვიდი წლით შეწყდა. განახლებულ პირველობას შვეიცარიამ უმასპინძლა 1946 წელს.

აქ ჩეხოსლოვაკიის უძლიერესმა ნაკრებმა იზეიმა გამარჯვება - ფინალში იტალიას მოუგო 34:32. მესამე ადგილისთვის პაექრობაში უნგრეთმა საფრანგეთს აჯობა - 38:32.

მომდევნო წლის შეჯიბრების გამართვის უფლება ჩეხოსლოვაკიელებს ერგოთ. 1947 წელს ომის შემდეგ ფერფლიდან აღმდგარ პრაღას 14 გუნდი ეწვია. მათ შორის პირველად - საბჭოთა კავშირი და 1937 წლის ჩემპიონატის მონაწილე ეგვიპტე.

ფარაონების ქვეყანა, მართალია, აფრიკას ეკუთვნის, მაგრამ "შავ კონტინენტზე" კალათბურთი მაშინ სუსტად იყო განვითარებული, ამიტომაც დართეს ეგვიპტელებს ევროპულ ტურნირებში მონაწილეობის უფლება.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, აქ კალათბურთი გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ვითარდებოდა. მოგვიანებით საკავშირო ჩემპიონატების გამართვაც დაიწყეს.

1935 წლიდან ქართველ კალათბურთელებს ამ შეჯიბრებებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავათ. დასტურად ისიც გამოდგება, რომ 1944 და 1946 წლებში თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდმა ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, თბილისის "დინამომ" კი 1947 წელს საკავშირო პირველობაზე კაუნასის სკიფის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

ეს ის წელია, როცა საბჭოთა მთავრობამ ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთელთა გუნდის გაგზავნა გადაწყვიტა.

ამ მოვლენას თავისებური პრელუდია უძღოდა: 1946 წელს საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის მიწვევით მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის ქალთა და "სტროიტელის" ვაჟთა გუნდები პარიზს გაემგზავრნენ, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა მოიგეს.

საკავშირო სპორტკომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საბჭოთა გუნდის მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გამგზავრება.

"ხალხის მტრის" შვილი
1947 წლის სსრკ ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ მწვრთნელებმა - პაველ ცეტლინმა და სურენ სპანდარიანმა ოცი საუკეთესო კალათბურთელი გამოიძახეს შეკრებაზე, მათ შორის თბილისიდან ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ბორის სარქისოვი და მიხეილ ფილიპოვი.

ისინი სხვებთან ერთად მოსკოვთან ახლოს პირსანოვკაში ცხოვრობდნენ, სავარჯიშოდ კი "სერპ ი მოლოტისა" და "კრილია სოვეტოვის" სასპორტო დარბაზებში დადიოდნენ.

პირსანოვკაში ჯერ კიდევ დიდი თოვლი იდო, ელექტრომატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობდა.

სადგურს დასასვენებელი სახლიდან შვიდი კილომეტრი აშორებდა. კალათბურთელები დღეში ორჯერ მეცადინეობდნენ და ამ მანძილის გავლა ფეხით ოთხჯერ უხდებოდათ, რაც დამატებითი ფიზიკური წრთობისთვის საუკეთესო საშუალება იყო.

ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე ნაკრების შემადგენლობა, ფაქტობრივად, დაკომპლექტებული იყო. მხოლოდ ოთარ ქორქიას საკითხი იყო გაურკვეველი - ვერ გადაეწყვიტათ, "ხალხის მტრის" შვილი პრაღაში წაეყვანათ თუ არა.

ერთ დღეს, მორიგი წვრთნისას, დარბაზში სამი უცხო მამაკაცი შევიდა. სპანდარიანი ოფლში გახვითქულ ბიჭებს მოშორდა და ახალმოსულებისკენ გაემართა. ცოტა ხანში ოთარი იხმეს.

- მამაშენი გაამართლეს, გადასახლებიდან ბრუნდება და მოსკოვში გამოივლის, შეგიძლია შეხვდე, - უთხრა ერთ-ერთმა სტუმარმა, თან დღე, საათი და ვაგონის ნომერიც დაუსახელა. მერე სამივემ მალევე დატოვა დარბაზი.

ქართველი კალათბურთელი კარგა ხანს იდგა გაოგნებული, თავბრუ დაეხვა და წაბარბაცდა, მწვრთნელმა შეაშველა ხელი. თანაგუნდელებმა ახალი ამბავი რომ გაიგეს, ცრემლმორეულები გადაეხვივნენ ოთარს - გუნდის ლიდერის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება სათუო აღარ იყო.

ამ ათეული წლის წინათ ოთარ ქორქიამ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ამ ამბავს რომ მიყვებოდა, ისიც მითხრა, სამი დღის განმავლობაში როგორ დადიოდა მოსკოვის რკინიგზის სადგურზე და როგორ ეძებდა მამას. რის ვაი-ვაგლახით აღწევდა ვაგონებამდე, მაგრამ "ის" არ ჩანდა.

დარბაზში დაბრუნებულს ბიჭები ამხნევებდნენ - ალბათ, სადღაც ასცდით. ნუ დარდობ, ევროპის ჩემპიონი რომ დაუბრუნდები, ეს მისთვის უფრო დიდი სიურპრიზი იქნებაო.

ამ იმედით ფრთებშესხმული ქართველი კალათბურთელი უფრო მონდომებით განაგრძობდა წვრთნას და ევროპის ჩემპიონატზეც ისახელა თავი...

ქართველები, ბალტიისპირელები და რუსები
ჩეხოსლოვაკიაში შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩავიდნენ საბჭოთა ნაკრების წევრები: თბილისელები - ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია, ლიტველები - სტეპას ბუტაუტასი, იუსტას ლაგუნავიჩუსი, ვიტაუტას კულაკაუსკასი, კაზის პეტკიავიჩუსი, ესტონელები - ილმარ კულამი და იოან ლისოვი, მოსკოველები - ევგენი ალექსეევი, ალექსანდრ მოისეევი, იური უშაკოვი, ანატოლი კონევი, ვასილი კოლპაკოვი და სერგეი ტარასოვი (1956 წლამდე გუნდის განაცხადში თოთხმეტი კალათბურთელი შეჰყავდათ, მათგან თორმეტს მატჩში მონაწილეობა შეეძლო.

მელბურნის ოლიმპიადის წინ ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად სამოყვარულო კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის - უილიამ ჯონსის წინადადებით მოთამაშეთა რაოდენობა თორმეტამდე შეამცირეს). საბჭოთა გუნდიდან ყველაზე გამოცდილი იყო იოან ლისოვი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომამდე ესტონეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზა.

მართალია, სიმაღლით არ გამოირჩეოდა (170 სმ), მაგრამ, თანამედროვეთა თქმით, საბჭოეთის მაშინდელ ნაკრებს მსგავსი ტექნიკური და მოაზროვნე გამთამაშებელი არ ჰყოლია. ალბათ, ნიშანდობლივია ისიც, რომ პრაღაში ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად სწორედ ლისოვი აღიარეს.

აფრიკული ბარიერი
პრაღაში სსრკ ნაკრებმა ექვსი მატჩი გამართა და ყველა დამაჯერებლად მოიგო. ცეტლინ-სპანდარიანის შეგირდებმა პირველ შეხვედრაში იოლად სძლიეს იუგოსლავიელებს - 50:11 (28:8). საბჭოთა გუნდს ყველაზე მეტი - 19 ქულა ოთარ ქორქიამ მოუტანა. 18 ქულა ბუტაუტასის ანგარიშზე იყო. იმ დღეს ნოდარ ჯორჯიკიას არ უთამაშია.

მეორე შეხვედრა უნგრელებთან გაიმართა. თავიდან მადიარები დაწინაურდნენ. პეტკიავიჩუსი დაცვაში თამაშს თავს ვერ ართმევდა, ამიტომ მწვრთნელებმა მის ნაცვლად ჯორჯიკია შემოიყვანეს.

უკანა ხაზი უფრო საიმედო გახდა. ქართველმა კალათბურთელმა თავდასხმაშიც იყოჩაღა და გუნდს 10 ქულა შესძინა (საუკეთესოები იყვნენ ალექსეევი - 14 და კონევი - 13 ქულა). ქორქია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა კულამის ნაცვლად.

საბჭოთა გუნდის შეტევები უფრო ეფექტიანი გახდა, საბოლოოდ გამარჯვებაც მას დარჩა - 62:33 (28:19) და მეორე ეტაპზეც გავიდა. იქ პირველი მატჩი საბჭოელებმა ძალების დაუძაბავად მოიგეს ბულგარელებთან - 55:24 (16:14). ჯორჯიკიამ 5 ქულა მოუტანა გუნდს, ალექსეევმა - 13. ქორქიას არ უთამაშია.

როცა ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი მოედანზე იდგა, ასე ვთქვათ, "მთელი სუფრა" მას მიჰყავდა და, ცხადია, რუსები იკარგებოდნენ, ამიტომ მწვრთნელები ჩვენებურს სათამაშო დროს უზღუდავდნენ.

ბულგარელთა დამარცხების შემდეგ სსრკ ნაკრები ეგვიპტეს უნდა შეხვედროდა.

აფრიკელთა შემადგენლობაში გამოდიოდნენ ცნობილი კალათბურთელები - ჰუსეინ კამელ მონტასერი, ვაჰიდ შაკიფ სალეჰი, გვიდო აშერი, ალბერტ ჰაფმი ტადროსი, ფაიად აბდულმეგიდ აბდულჰეინი, ასევე, მორის კალიფი, ჰასან საუდ მოავადჰი, ზაკი სელიმ იბრაჰიმ ხასირი, იუსეფ მოჰამედ აბასი, გაბრიელ არმანდ კატაფოგო, ზაკი იეჰია და აბდულრახმან ჰაზედ ისმაილი.

შეხვედრის წინა დღეს ცეტლინი და სპანდარიანი დავობდნენ, ვინ გამოეყვანათ ცენტრალურ თავდამსხმელად - კულამი თუ ქორქია.

მეორე დილით გუნდის კრებაზე ყველასთვის მოულოდნელად კულამმა დამტვრეული რუსულით თქვა - სასტარტო ხუთეულში მე კი არა, ქორქიამ უნდა ითამაშოსო. ბალტიისპირელი არ შემცდარა - ქართველმა კალათბურთელმა როგორც ესტონელის, ისე მთელი ნაკრების იმედები გაამართლა - ჩემპიონატის, ფაქტობრივად, გადამწყვეტ მატჩში ყველაზე მეტი - 15 ქულა მოუტანა გუნდს.

შედეგიანობით მეორე იყო ლისოვი - 10 ქულა. ჯორჯიკიამ 5 ქულას მოუყარა თავი. მთავარი კი ის იყო, ბატონმა ნოდარმა ეგვიპტელთა ლიდერს - მონტასერს (იგი 1949 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი გახდა, ოღონდ იმ წელიწადს შეჯიბრებაში საბჭოელებს არ უასპარეზიათ), ფაქტობრივად, ხელ-ფეხი შეუკრა და ეს მრისხანე თავდამსხმელი მხოლოდ 4 ქულას დააჯერა.

აფრიკული ბარიერის გადალახვის შემდეგ სსრკ ნაკრები ფინალში რომ გავიდოდა, არავის ეეჭვებოდა, რადგან ნახევარფინალში პოლონელთა სუსტი გუნდის დამარცხება არ გაუჭირდებოდა.

მწვრთნელებმა კვლავ არ გამოიყვანეს მოედანზე ქორქია - ამჯერად იგი გადამწყვეტი ორთაბრძოლისთვის შემოინახეს. ჯორჯიკიაც ცოტა ხანს ათამაშეს (1 ქულა). ნაკრებმა კი 36:18 (21:5) გაიმარჯვა (საუკეთესო იყო კოლპაკოვი - 10 ქულა).

"ოქრო" მამისთვის
დადგა გადამწყვეტი მატჩის დღეც - 3 მაისი. წინა წლის ევროპის ჩემპიონი მასპინძლები, რომელთა რიგებში გამოდიოდნენ მაშინდელი კონტინენტის აღიარებული ოსტატები - ივან მრაზეკი, ემილ ვალენსკი, იან კოზაკი, ლადისლავ ტრპკოში, იოზეფ ეცერი, ასევე, ირჟი დრვოტა, მილოშ ბობიცკი, ვაცლავ კრაშა, იოზეფ ტომსი, კაპელ ბელოგრადსკი, მილოსლავ დოსტალი, მილან ფრანია, მიროსლავ ბოდრაჩეკი, გუსტავ ჰერმანი, მწვრთნელ იოზეფ ფლიაიშლინგერის ხელმძღვანელობითა და საკუთარი კედლების დახმარებით ცდილობდნენ ტიტულის შენარჩუნებას, მაგრამ ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის იერიშების შეჩერება ვერაფრით შეძლეს - ქორქიამ ამ დღეს თავის გუნდს 23 ქულა მოუტანა (ალექსეევი - 12, ლისოვი - 9, ჯორჯიკია - 8, კონევი - 4).

ჩეხოსლოვაკიელები (მრაზეკი - 12, ვალენსკი - 11, კლაშა - 7, ბელოგრადსკი - 6, ტრპკოში - 1 ქულა) დამარცხდნენ 37:56 (14:33) და ევროპის ჩემპიონობა დებიუტანტებს - საბჭოთა კალათბურთელებს მიულოცეს...

პრაღიდან დაბრუნებულ ოთარ ქორქიას პირველობის აღსანიშნავი მოსკოვური ზეიმისთვის არც დაუცდია - სახლისკენ მოუჩქაროდა. საღამოვდებოდა, "დინამოს" სტადიონს რომ მიუახლოვდა, მაშინ აქ - ტრიბუნების ქვეშ მე-2 სართულზე ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ტონია და სამი წლის ვაჟი ვიტალი. სწრაფად აირბინა კიბე და ნელა შეაღო ოთახის კარი. მაგიდასთან ბეჭებში ოდნავ მოხრილი მამაკაცი იჯდა და ბავშვს ეთამაშებოდა.

- მამა! - არაბუნებრივად აღმოხდა ოთარ ქორქიას.

მამაკაცი ნელა მობრუნდა და... ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ, დიდხანს იდგნენ ასე. შემდეგ ოთარმა ჯიბიდან ლურჯბაბთიანი ოქროს მედალი ამოიღო და მამას კისერზე ჩამოჰკიდა.

- ეს შენ გეკუთვნის, მამა!..

1947 წლის ევროპის ჩემპიონატის ქართველი გმირები - ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია ჩვენ შორის აღარ არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული