რა შეტყობინებას უგზავნის კალათბურთელთა კავშირი საკალათბურთო საზოგადოებას

AutoSharing Option
10 აგვისტოს გაიმართება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყრილობა, რომლის უმთავრესი საკითხი ახალი წესდების დამტკიცებაა.

სწორედ ამ წესდებით უნდა იხელმძღვანელონ ოქტომბერში გასამართ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე.

ყრილობის წინა დღეს, 9 აგვისტოს "კალათბურთელთა კავშირმა" გამართა პრესკონფერენცია.

ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ახვლედიანმა წარმოადგინა დოკუმენტები და ილაპარაკა ამჟამინდელი ფედერაციის შესახებ.

თითოეული დოკუმენტის საგაზეთოდ განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, მხოლოდ ძირითადზე მოგახსენებთ.

მიხეილ ახვლედიანმა შეგვახსენა, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით 2012 წლამდე არჩევნებში ძირითადად ფიზიკური პირები მონაწილეობდნენ, რაც ფიბა-ს წესებით დაუშვებელია.

- მას
შემდეგ, რაც ამ კანონდარღვევაზე მივუთითეთ, ფედერაციის ხელმძღვანელებმა ტაქტიკა შეცვალეს და ფიზიკური პირების იურიდიულად გადაქცევას მიჰყვეს ხელი.

სწორედ ამის შედეგად გაჩნდა ერთბაშად თორმეტი ახალი ერთეული: რეგიონური ფედერაციები, მსაჯთა კავშირი, მწვრთნელთა კავშირი... ეს ყველაფერი 2013 წელს, სულ რაღაც ორთვიან ვადაში მოხდა.

მიხეილ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ გაკეთდა და ასეთ ორგანიზაციებს ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

"კალათბურთელთა კავშირის" წარმომადგენლები სპორტის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები იყვნენ (კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელთან ერთად), რომელთა მიზანი წესდების სრულყოფა და ფიბა-ს სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა იყო.

- სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დასრულების შემდეგ სპორტის სამინისტროდან მინისტრ ლევან ყიფიანის ხელმოწერით მოგვივიდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ დემოკრატიული წესდების არსებობისთვის, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით სამუშაო ჯგუფის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს "საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის" წესდების ახალ რედაქციაში შვიდი ძირითადი საკითხის გათვალისწინება... ეს დღემდე არ მომხდარა.

მინდა შეტყობინება გავუგზავნო საკალათბურთო საზოგადოებას, რომ ყრილობაზე უკანონობაში მონაწილეობა არ მიიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული