მიხეილ გაბრიჩიძე: ვეცდები, ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე ავიყვანო

AutoSharing Option
11 დეკემბრის მოლოდინში დროის ისარი იმდენად ნელა მოძრაობდა, თითქოს ელემენტი ჰქონოდა გამოსაცვლელი. არადა, სწორედ 11-ში უნდა გაგვეგო, ჩატარდებოდა თუ არა კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები და თუ ჩატარდებოდა, ვინ გაიმარჯვებდა.

საარჩევნო ყრილობა გახსნილი არ იყო, რომ დაკვირვებულ თვალს იოლად შეეძლო მოვლენების წინასწარმეტყველება:

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მიხეილ ახვლედიანი, რომელიც დიდი ხანია აპელირებს, რომ არჩევნები არადემოკრატიული წესდებით იმართება, დელეგატთა შორის დაჯდა.

დანარჩენმა სამმა კანდიდატმა ერთმანეთის გვერდით, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ადგილი დაიკავა. გამგეობის წევრთა მაგიდასთან ყველაზე ახლოს მიხეილ გაბრიჩიძე იყო, შემდეგ კახა შენგელია და
ვლადიმერ ბოისა
.

Sportall.Geმოკლედ, ჟურნალისტებმა საუბრისას ისეთი რამ ვივარაუდეთ, ყრილობის შემდეგ ერთმანეთს ვუღიმოდით - ხომ ვამბობდით, ასე მოხდებაო.

ვიწინასწარმეტყველეთ, რომ რადგან მიხეილ ახვლედიანი სხვა კანდიდატებს გამოეყო, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

მიხეილ გაბრიჩიძე ერთადერთი პრეტენდენტი იყო, რომელმაც წინასწარ თავისი პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო და ყრილობაზე სპეციალურად დაბეჭდილი ბუკლეტითაც წარდგა.

ყველაზე კარგად მომზადებული სწორედ მიხეილ გაბრიჩიძე იყო და ის გახდებოდა პრეზიდენტი... კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისა კი გვერდში ამოუდგებოდნენ.

დარჩა სამი
ასეც მოხდა, თუმცა იყო ეპიზოდები, როცა სიტუაცია მეტად დაიძაბა. მიხეილ ახვლედიანმა სხდომის თავმჯდომარეს, გიორგი ქართველიშვილს განცხადებისთვის სიტყვის უფლება სთხოვა. ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფიბა-დან გამოგზავნილი წერილის შინაარსი.

მასში ნახსენები იყო 10 აგვისტოს გამართული ყრილობა, რომელსაც არჩატარებულად თვლის კალათბურთის ფედერაციის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელობა, ხოლო ლეგიტიმურად - 18 დელეგატი და "კალათბურთელთა კავშირი".

Sportall.Geმიხეილ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ფიბა ამ წერილით 10 აგვისტოს ყრილობას აღიარებს და დასძინა - მინდა გაცნობოთ, რომ ყრილობა რეესტრში უკვე ოფიციალურადაა დარეგისტრირებულიო.

განაგრძო:

- ფიბა-ც და საქართველოს სპორტის სამინისტროც ახსენებს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომ წესდება მოსაწესრიგებელია, მაგრამ ეს არ არის ფედერაცია, უფრო კლუბია, რომელიც ყურს არავის უგდებს და როგორც სურს, კანონმდებლობას ისე ირგებს. ამიტომ ამ კარნავალში მონაწილეობას არ ვაპირებ და ვაგრძელებ კანონიერ ბრძოლას სამართლისთვის.

მიხეილ ახვლედიანმა დელეგატებს მოუწოდა, არ მიეღოთ ყრილობაში მონაწილეობა. მისი თხოვნა ხუთმა დელეგატმა გაითვალისწინა და დარბაზიდან გასულ ახვლედიანს გაჰყვა: "სკ ოლიმპის", "სკ ქუთაისის", "სკ სოხუმის", "სკ არმიასა" და ქუთაისის სპორტსკოლის მიერ მოვლინებული დელეგატები.

ჯერ წესდება ხომ არ გაგვესწორებინა?
ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა საზოგადოებას გააცნო ფედერაციის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგები და ციფრობრივად ჩამოთვალა, რა თანხა რაზე დაიხარჯა. დაგვპირდნენ, რომ ეს რიცხვები ფედერაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდება და დაწვრილებით მოგვიანებით შეგვიძლია შევჩერდეთ.

Sportall.Geყრილობაზე დარჩნენ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ თბილისის "დინამოს" დელეგატ გვანცა ომიაძეს და "თბილისის კალათბურთის ფედერაციის" პრეზიდენტ ვახტანგ ნაცვლიშვილს, რომელმაც აღნიშნა:

- ყველა ვთანხმდებით, რომ წესდება გასასწორებელია. უკეთესი ხომ არ იქნება, საარჩევნო ყრილობა გადავდოთ, ჯერ წესდება გავასწოროთ და შემდეგ ჩავატაროთ არჩევნები, რომ ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იყოს და დელეგატობა ყველას ფიბა-ს მკაფიო მოთხოვნების გათვალისწინებით მიენიჭოს?!

"დინამოს" წარმომადგენელმა ერთადერთმა ქალბატონმა დელეგატმა გვანცა ომიაძემ თემა განაგრძო:

- რატომ ვაძლევთ ახალ პრეზიდენტსაც წესდების სათავისოდ მორგების საშუალებას? უმჯობესია, ჯერ გასწორდეს და შემდეგ ავირჩიოთ...

ამ წინადადებას გამგეობის წევრები არ დათანხმდნენ, თუმცა პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ყრილობამ ერთხმად მიიღო წინადადება, რომლის თანახმად, ექვს თვეში უნდა შესწორდეს არსებული წესდება და ფიბა-სა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ბოლომდე იქნეს გათვალისწინებული.

დარჩა ერთი
Sportall.Geდადგა კანდიდატების მოსმენის დროც. ვლადიმერ ბოისამ აღნიშნა, რომ არაერთხელ შეხვდა მიხეილ გაბრიჩიძეს; ბოლომდე არა, თუმცა დიდწილად იზიარებს მის ხედვას კალათბურთის განვითარების საქმეში და კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოხსნა.

ბოისას შეუერთდა კახა შენგელიაც და დასძინა: ამ მოქმედებით ჩანს, რომ ფედერაციის პრეზიდენტობა ჩემთვის თვითმიზანი არ იყოო.

ასე და ამგვარად, დარჩა ერთი კანდიდატი, მიხეილ გაბრიჩიძე, რომლისთვისაც პრეზიდენტობის მილოცვა კენჭისყრის დაწყებამდე შეიძლებოდა. ვახტანგ ნაცვლიშვილმა წინა წლების არჩევნებთან პარალელი გაავლო - სამწუხაროა, რომ ამჯერადაც ერთი კანდიდატიაო...

მიხეილ გაბრიჩიძემ მადლობა გადაუხადა ბესიკ ლიპარტელიანს გაწეული სამუშაოსთვის:

- მან ფედერაცია 2001 წელს ჩაიბარა და სანაკრებო წარმატების შემდეგ, დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კალათბურთის ბუმია. ბევრ ბავშვს აქვს სურვილი, ჩაერთოს სპორტის ამ სახეობაში, რასაც კალათბურთის ფედერაციამაც უნდა შეაგებოს ძალისხმევა.

ვეცდები, ქართული კალათბურთი ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ახალ სიმაღლემდე ავიყვანო. რაც შეეხება ჩემს მეგობარ მიხეილ ახვლედიანს, მას 2-3 დღეში აუცილებლად შევხვდები...


Sportall.Geარის მატჩები, როცა მეოთხე პერიოდი ფორმალურ სახეს იღებს; ასევე ფორმალური იყო კენჭისყრის პროცედურა: 40 დელეგატიდან 32-მა მიიღო მონაწილეობა, ერთმა ხმა მიხეილ ახვლედიანს მისცა, 29-მ მიხეილ გაბრიჩიძეს, 2 ბიულეტენი კი ხმის მიცემის პროცედურების დარღვევის გამო ბათილად ჩაითვალა.

ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ გამგეობის წევრებს შემდეგი შემადგენლობით: ნოდარ ქორქია, ვალერი ლომაძე, გივი ბიჭიაშვილი, კახა შენგელია, ვლადიმერ ბოისა, გიორგი ქართველიშვილი, თემურ დათიკაშვილი, გია სანაძე და მიხეილ გაბრიჩიძე.

ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ფედერაციის გენერალურ მდივნად გიორგი ქართველიშვილი დაასახელა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას უახლოეს დღეებში დაგვპირდა.

"ნამატჩევს"
ირაკლი დოლაბერიძე (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი):
- ეს დღე ჩემთვის ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. ვიღაცა გულნატკენი იქნება, ვიღაცა უსამართლოდ ჩათვლის, მაგრამ რაც მთავარია, არ ვხვდებით უწინდებურად პრეზიდენტის წინასწარ დანიშვნის ფაქტს.

ადრე სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები სტუმრის სტატუსით კი არ იყვნენ წარმოდგენილნი, არამედ არჩევნებში მონაწილეობდნენ. ახლა ასე არ არის. პატივს ვცემ იმ არჩევანს, რომელსაც საზოგადოება ამ ყრილობაზე აფიქსირებს. ასე რომ, კანონმდებლობით დარეგისტრირებულ ფედერაციაში გადაწყვეტილებებს იღებთ თქვენ, საკალათბურთო სამყარო და არა სპორტის სამინისტრო ან ოლიმპიური კომიტეტი.

არც ერთ კანდიდატს არ ვემხრობი, თუმცა ძალიან მომეწონა ვლადიმერ ბოისას გუშინდელი განცხადება. მან თქვა: მოვიგებ თუ წავაგებ, ქართული კალათბურთის ოჯახში ვიქნები და რითაც შემეძლება, დავეხმარებიო.


მამუკა ხაბარელი (ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი):
- დასაფასებელია, რომ ყრილობაზე თითოეული ადამიანი ქართული კალათბურთის სამყაროს წარმომადგენელია. მიუხედავად იმისა, რომ შეგვეძლო ვყოფილიყავით ყრილობის დელეგატები (რასაც საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს), ჩვენ აქ სტუმრის სტატუსით ვიმყოფებით.

გივი ბიჭიაშვილი (კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი):
- ახალი პრეზიდენტი გვყავს და შესაბამისად, ბევრი რამ შეიცვლება. ვფიქრობ, საქართველოში არჩევნები ასე დემოკრატიულად არასდროს ჩატარებულა. ბუნებრივია, ყველას თავისი სიმპათიები აქვს. გაბრიჩიძე განათლებული ადამიანია და ვფიქრობ, წარმატებას მიაღწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ ბატონო მიხეილ! ქართულ კალათბურთს წინსვლას და განვითარებას!
კალათბურთელი
15:57 12-12-2013
0

სიახლეები პოპულარული