გია სანაძე: ამერიკაში მიაჩნიათ, თუ განათლებული არ ხარ, დიდ კალათბურთს ვერ ითამაშებ

AutoSharing Option
90-იან წლებში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ბომბარდირი გია სანაძე გახლდათ.

20 მატჩში მას 220 ქულა აქვს ჩაგდებული. მისი ვაჟი დუდა კვალს მიჰყვა და წლეულს პირველად მოირგო ეროვნული გუნდის მაისურა. იგი ამჟამად ამერიკაშია და სან დიეგოს უნივერსიტეტთან ერთად ახალი ეზონისთვის ემზადება.

23 ოქტომბერს გავესაუბრეთ გია სანაძეს როგორც ამერიკულ, ასევე ქართულ კალათბურთში ბოლო დროს განვითარებულ ამბებზე.

- დუდას ამერიკაში წასვლამდე საქართველოს უმაღლეს ლიგაში ჰქონდა ნათამაშები, რაც უკვე პროფესიონალურ კალათბურთად ითვლება და ამიტომ კოლეჯების ლიგის ხელმძღვანელობამ შარშან თამაშის უფლება არ მისცა.

გასულ სეზონში დუდა
მხოლოდ ვარჯიშობდა და ემზადებოდა წლევანდელი პირველობისთვის.

წინასასეზონო შეხვედრები ნოემბერში დაიწყება, რასაც მალე ოფიციალური შეჯიბრება მოჰყვება.

მინდა ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო ამერიკაში კალათბურთისადმი მიდგომაზე. იქ მიაჩნიათ, რომ თუ განათლებული არ ხარ, დიდი კალათბურთის თამაშის მცირე შანსი გაქვს. ამიტომ კოლეჯებში დიდ ყურადღებას აქცევენ სწავლას, თუ დაბალ ნიშანს მიიღებ, თამაშის უფლება არ გექნება.

ასეთი მიდგომა ჩემთვის მისაღებია, თუმცაღა დუდა ძალიან დატვირთულია: დღეში 4 საათი ვარჯიშობს, დადის გაკვეთილებზე და დამატებით სამი მასწავლებელი დაუქირავეს...

მკითხველს შევახსენებთ, რომ გია სანაძემ საკალათბურთო კარიერა 90-იანების ბოლოს დაასრულა.

მას მერე ჯერ ბავშვთა საკალათბურთო აკადემიას დირექტორი იყო, შემდეგ - "დინამოს" მენეჯერი, ამჟამად კი "ჰიუნდაის" საკალათბურთო სკოლის დირექტორია.

- მეამაყება, რომ ჩვენი კლუბი წარმატებით გამოდის სხდასხვა შეჯიბრებებში. მაგალითად, 2012-13 წლების სეზონში მოვიგეთ 18, 14 და 13-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატები. წლეულსაც კარგი გუნდები გვყავს. ჩვენი მთავარი ამოცანა ახალგაზრდა თაობის სწორად აღზრდაა.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მიხეილ გაბრიჩიძე სწორედ კომპანია "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" ტოპ მენეჯერია. გია სანაძემ მასზეც ილაპარაკა:

- რამდენიმე წელიწადია ფუნქციონირებს "ჰიუნდაის" საკალათბურთო სკოლა, რომელშიც ბევრი ბავშვი უფასოდ ვარჯიშობს.

ამასთან, მიხეილ გაბრიჩიძეს კარგი მენეჯერული თვისებები, კონტაქტი აქვს უცხოელებთან და ვთვლი, პრეზიდენტის პოსტზე ნამდვილად კარგი კანდიდატია.

საინტერესოა ვეტერანი გია სანაძის მოსაზრება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების წინ შექმნილ სიტუაციაზე.

- როცა საქმე გვაქვს არჩევით პოსტთან, ორი და მეტი დაპირისპირებული მხარე აუცილებლად გამოჩნდება. ჯანსაღი კონკურენცია ყველა სფეროში მისაღებია, მაგრამ ერთმანეთზე გადაბრალება და ყველაფერზე ხაზის გადასმა არ შეიძლება.

იოლია ლაპარაკი, როცა საქმეში ბოლომდე არ ხარ ჩახედული. შეიძლებოდა ფედერაციას ზოგი რამ უკეთესად გაეკეთებინა, მაგრამ ბევრი კარგიც ხომ გაკეთდა? როცა ვამბობთ, კალათბურთში საქმე ცუდადაა, საქართველოს ახალგაზრდულმა ნარებმა წლეულს 9 თამაში წააგოო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშანწინ 9 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

საქართველო იმ რესურსის ქვეყანა არ არის, სადაც ყველა თაობაში შეიძლება ძლიერი გუნდის გაკეთება. ჩვენთან აღმავლობების პარალელურად ჩავარდნებს თავს ვერ ავარიდებთ, - გვითხრა გია სანაძემ და დაამატა:

- სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი სახელმწიფომ უნდა შეიტანოს. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ქვეყნისთვის. იგი მარტო ჯანმრთელობა როდია.

მაგალითად, ამერიკაში გართობის საშუალება და უსაქმურობასთან ბრძოლის პირველი ხერხია. იქ ყოველ შაბათ-კვირას ასიათასობით ადამიანი ამერიკული ფეხბურთისა თუ ბეისბოლის თამაშს ესწრება, კალათბურთის დარბაზებიც გადატენილია.

ხალხს აქვს დროის კარგად გატარების საშუალება. რაც შეეხება სპორტსმენებს, ბევრია ისეთი, რომლებსაც მიდრეკილება ცუდისკენ აქვს, მაგრამ სპორტი ფულის შოვნის უკეთეს შანსს აძლევს და ამიტომაც ამჯობინებს მოედანზე გასვლას ქუჩაში ყოფნას.

მაგალითისთვის უამრავი სპორტსმენის მოყვანა შეიძლება, რომლებიც სპორტით რომ არ დაკავებულიყვნენ, ციხეს ვერ ასცდებოდნენ.

საქართველოში კი ყველა სპორტი მშობლების ხარჯზეა. თუ გვინდა 10-15 წლის შემდეგ ძლიერი, საღი ქვეყანა გვქონდეს, ახალგაზრდების ჯანსაღად, სპორტულად აღზრდაზე ახლავე უნდა ვიფიქროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული